ახალი ამბები

კალაძის თქმით, რეგულაციები უნდა გამკაცრდეს და სამშენებლო მასალები სველი მეთოდით დამუშავდეს

13 ივლისი, 2018 • 2110
კალაძის თქმით, რეგულაციები უნდა გამკაცრდეს და სამშენებლო მასალები სველი მეთოდით დამუშავდეს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მოქმედ კანონმდებლობაში უნდა გამკაცრდეს ის რეგულაციები, რომლებიც მშენებლობისას  დამტვერვისგან დამცავი საშუალებების გამოყენებასა და სამშენებლო მასალის სველი მეთოდით დამუშავებას ეხება.

როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განმარტა, დღესდღეობით თბილისის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ჰაერის დაბინძურებაა. მისი თქმით, ამ უკანასკნელის აღმოფხვრისთვის კომპლექსური მიდგომებია საჭირო, მათ შორის პარკებისა და სკვერების რეაბილიტაცია, მწვანე სივრცეების შექმნა და ტრანსპორტის განახლება. თუმცა, თბილისის მერის განცხადებით, საჭიროა დამატებითი საკანონმდებლო რეგულაციებიც.

“არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული მხოლოდ ტრანსპორტის განახლებაზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარკის ჩანაცვლებაზე. პრობლემა გვაქვს მშენებლობების მიმართულებითაც, ეს არის მშენებლობებისგან გამოწვეული მტვერი და ასევე, გრუნტის მტვერი. მგონია, რომ აუცილებლად უნდა გავამკაცროთ რეგულაციები მოქმედ კანონმდებლობაში, რომელიც ეხება  მშენებლობის პროცესში დამტვერვისგან დამცავი საშუალებების გამოყენებასა და სამშენებლო მასალის სველი მეთოდით დამუშავებას. ალბათ, არაერთი შემთხვევა გვინახავს, როდესაც ქვის დამუშავება ხდება და მიმდებარე არეალზე, დამტვერიანების გამო შეუძლებელია გაიარო, შესაბამისად, აუცილებლად უნდა გავამკაცროთ ეს რეგულაციები და უნდა მოხდეს სველი მეთოდით დამუშავება,” – განმარტა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, კალაძემ ისაუბრა სამშენებლო მასალის ტრანსპორტირებასა და თანმდევ პრობლემებზე. კალაძის თქმით:

“არაერთი შემთხვევაა, როდესაც დიდი ავტომობილები გადაადგილდებიან საშენი მასალით, აბსოლუტურად ღიად, დამცავების გარეშე და ესეც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და იწვევს ქალაქის დაბინძურებას, დამტვერიანებას და ამ ყველაფერს თითოეული ჩვენგანი სუნთქავს. მე მინდა ვთხოვო ჩემს მოადგილეებს, დაამუშაოთ კანონში შესაბამისი ცვლილებები და წარუდგინოთ პარლამენტს, რათა კანონში განხორციელდეს ცვლილებები. პარლამენტი მზად არის თანამშრომლობისთვის, რომ ამგვარი ცვლილებები განხორციელდეს,”- განაცხადა კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი