ახალი ამბები

თბილისის მუნიციპალიტეტი ჭუბერში 14 ტონა საკვებსა და პირველადი მოხმარების საგნებს გზავნის

9 ივლისი, 2018 • 1749
თბილისის მუნიციპალიტეტი ჭუბერში 14 ტონა საკვებსა და პირველადი მოხმარების საგნებს გზავნის

სოფელ ჭუბერში დაზარალებულთა დასახმარებლად, თბილისის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, 14 ტონა საკვები პროდუქტი და პირველადი მოხმარების საგნები გაიგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც პრესსამსახური იუწყება, პროდუქტები თბილისის მოქალაქეებმა, ათივე რაიონის გამგეობის თანამშრომლებმა და რამდენიმე კერძო კომპანიამ შეაგროვეს.

„თბილისის გამგეობების ინიციატივით, ჭუბერში გასაგზავნად გამგეობის თანამშრომლებმა საკუთარი სახსრებით საკვები და საყოფაცხოვრებო ნივთები შეაგროვეს. მიხარია, რომ გამგეობას შემოუერთდა ბიზნესი, მოქალაქეები და, საბოლოო ჯამში, პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და მედიკამენტების შთამბეჭდავი რაოდენობა შეგროვდა. ტვირთი ჭუბერში იგზავნება, რათა დაზარალებულებს დავეხმაროთ“, – აღნიშნა ილია ელოშვილმა.

5 ივლისს სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას დაგუბება და შემდეგ ადიდება გამოიწვია. სტიქიის შედეგად, სოფლებთან დამაკავშირებელი გზები დაიტბორა, დაზიანდა ხიდები და საცხოვრებელი სახლები. ვრცლად ჭუბერის სტიქიაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი