ახალი ამბები

გამოქვაბულში ჩარჩენილი მოზარდების გადარჩენაში მონაწილე მყვინთავი დაიღუპა

6 ივლისი, 2018 • 3573
გამოქვაბულში ჩარჩენილი მოზარდების გადარჩენაში მონაწილე მყვინთავი დაიღუპა

BBC -ის ცნობით, დაიღუპა ტაილანდის საზღვაო ძალების ყოფილი მყვინთავი, რომელიც გამოქვაბულში ჩარჩენილი მოზარდების და მათი მწვრთნელის გადარჩენის ოპერაციაში მონაწილეობდა.

მყვინთავმა გამოქვაბულში მყოფებს ჟანგბადის ბალონები მიუტანა და როცა გამოქვაბულიდან ბრუნდებოდა, უკანა გზაზე დაიღუპა, რადგან თავად გაუთავდა ჟანგბადი.

მყვინთავი მარტო არ იყო, მისმა პარტნიორმა სცადა დახმარებოდა, თუმცა, უშედეგოდ.

გამოქვაბულში, სადაც მოზარდები იმყოფებიან, ჟანგბადის დონე 21%-დან 15%-მდე დაეცა, სწორედ ამიტომ გახდა საჭირო მათთვის დამატებითი ჟანგბადის მიწოდება.

11-დან 16 წლამდე ბიჭები და მათი 25 წლის ფეხბურთის მწვრთნელი 23 ივნისს გაუჩინარდნენ, ისინი  ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. გამოქვაბულში შესვლის დროს ტერიტორია სრულიად მშრალი იყო, თუმცა მოულოდნელად მოვარდნილმა წყალმა გამოქვაბულის უმეტესი ნაწილი წყლით დაფარა. ჯგუფი 4 კილომეტრის სიღრმეში იმყოფება.

დაკარგულები გაუჩინარებიდან 9 დღის შემდეგ ორმა ბრიტანელმა მყვინთავმა იპოვა. ჯგუფის ყველა წევრი ცოცხალია.

ბიბისის ცნობით, ბავშვების უმეტესობამ ცურვა არ იცის. ტაილანდის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ გამოქვაბულის დასატოვებლად ბავშვებმა ან ყვინთვა უნდა ისწავლონ, ან წყლის დონის ბუნებრივ დაწევას დაელოდონ, რაც 4 თვეში მოხდება, თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, მოსალოდნელია ნალექის დონის მომატება, შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ წყლით დაუფარავი სივრცე, საიდანაც ბავშვები ჰაერს იღებენ, წყლით შეივსოს.

ტაილანდის ხელისუფლება წყლის არსებული დონის შესანარჩუნებლად მის ამოტუმბვას ცდილობს, გაყვანილია სატელეფონო ხაზებიც, რათა ბავშვებს ოჯახის წევრებთან საუბარი შეეძლოთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი