ახალი ამბები

უკრაინის საკითხი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში

1 თებერვალი, 2014 •
უკრაინის საკითხი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ აღნიშნა, რომ უკრაინის მომავალი ევროკავშირთანაა დაკავშირებული, ხოლო აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ამერიკა მხარს უჭერს უკრაინას დემოკრატიისთვის ბრძოლის საკითხში. 

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა  დასავლეთის ქვეყნები ორმაგ სტანდარტში დაადანაშაულა, რომელსაც, მისი განმარტებით, დასავლეთი ძალადობრივი პროტესტის მიმართ ამჟღავნებს. 

 

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია ყოველწლიური მოვლენაა, სადაც სამხედრო და პოლიტიკურ საკითხებს განიხილავენ. ჰერმან ვან რომპეიმ თავის სიტყვაში, რომლითაც კონფერნცია გაიხსნა, უკრაინას ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობა შეთავაზა. 


“ჩვენი შეთავაზება კვლავ ძალაშია და ვიცით, რომ დრო ჩვენს მხარესაა. უკრაინის მომავალი ევროკავშირს ეკუთვნის”. – განაცხადა ჰერმან ვან რომპეიმ.


 

ჯონ კერიმ კი თქვა, რომ შემაშფოთებელი ტენდენცია შეინიშნება აღმოსავლეთ  და ცენტრალური ევროპის ქვეყნებზე:

 

“მოქალაქეების მისწრაფებები კიდევ ერთხელ გათელეს ოლიგარქიულმა ინტერესებმა, ინტერესებმა, რომელიც იყენებს ფულს, რათა განადგურდეს ოპოზიცია და განსხვავებული აზრი, მოისყიდონ პოლიტიკოსები, მედია და დაასუსტონ სასამართლო დამოუკიდებლობა.  არსად არ არის უფრო მნიშვნელოვანი დემოკრატიისთვის, ევროპული მომავლისთვის ბრძოლა დღეს, როგორც უკრაინაში. ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი დგას იმ ხალხთან ერთად, ვინც უკრაინაში დღეს იბრძვის. უკრაინელთა უმრავლესობას სურს, რომ თავისუფალ, უსაფრთხო და აყვავვებულ ქვეყანაში იცხოვროს. ისინი იბრძვიან  იმ პარტნიორებთან ასოცირებისთვის, რომლებიც მათი მისწრაფებების რეალიზებას შეძლებენ”- განაცხადა კერიმ. 

 

BBC-ი წერს, რომ კერიმ ღიად იგულისხმა რუსეთი, როცა თქვა, რომ უკრაინის მომავალი არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ ერთ ქვეყანაზე და ადგილი არ უნდა ჰქონდეს იძულებას. 

 

სერგეი ლავროვის თქმით კი, თავსმოუხვეველი არჩევანი უკრაინამ უნდა გააკეთოს და რუსეთი ამაში არ ჩაერევა:

 

“ქუჩებში ძალადობის წახალისებას რა კავშირი აქვს დემოკრატიასთან? რატომ არ გვესმის იმ ქმედების დაგმობა, რაც გულისხმობს სამთავრობო შენობებში შეჭრას, პოლიციაზე თავდასხმას და  რასისტული და ანტისემიტური სლოგანების გამოყენებას? ბევრი გამოჩენილი ევროპელი პოლიტიკოსი რატომ ახალისებს ასეთ ქმედებებს, როცა საკუთარ ქვეყნებში სწრაფად და მკაცრად სჯიან კანონის დამრღვევებს?”- განაცხადა ლავროვმა სიტყვით გამოსვლისას. 

 

ჯონ კერის მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილი აქვს შეხვედრა უკრაინის ოპოზიციის ლიდერებთან, არსენ იაცენუკთან , ვიტალი კლიჩკოსთან და სხვა წარმომადგენლებთან. 

 

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2013 წლის ნოემბერში პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა. გადაწყვეტილებას კიევში საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელიც დღემდე გრძელდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი