ახალი ამბები

“კრედიტ სუისი” ითხოვს ივანიშვილის ყოფილი ბანკირის ერთი ბრალდებისგან გათავისუფლებას

3 ივლისი, 2018 • 2569
“კრედიტ სუისი” ითხოვს ივანიშვილის ყოფილი ბანკირის ერთი ბრალდებისგან გათავისუფლებას

“კრედიტ სუისი” შვეიცარიის სააპელაციო სასამართლოს მიმართავს, მის ყოფილ ბანკირს, პატრიკ ლესკადრონს ერთი ბრალდება მოუხსნას. ლესკადრონს პატიმრობა აქვს მისჯილი ბანკის მდიდარი კლიენტების ანგარიშების თაღლითური სქემით მართვისთვის. ინფორმაციას ბლუმბერგი ავრცელებს.

ბანკის ადვოკატებმა ჟენევის სააპელაციო სასამართლოს სთხოვეს ლესკადრონის იმ ბრალდებისგან გათავისუფლება, რომელიც მისი რამდენიმე კლიენტის ანგარიშების უკანონო მართვას უკავშირდება. ბანკს სასამართლოსთვის არ უთხოვია ლესკადრონის თაღლითობის ან დოკუმენტების გაყალბების ბრალდებისგან გათავისუფლება.

ლესკადრონს სასამართლომ 2018 წლის თებერვალში 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ბანკის რუსი კლიენტებისა და  საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის,ბიძინა ივანიშვილის ანგარიშების არაკანონიერი მართვისთვის. “კრედიტ სუისმა” ბლუმბერგს არ გასცა პასუხი შეკითხვაზე, თუ რა გახდა სააპელაციო სასამართლოსთვის მიმართვის მიზეზი. ბლუმბერგმა ამის გარკვევა ვერც სასამართლოსგან შეძლო, რადგან სასამართლო დოკუმენტების შვეიცარიაში საჯარო არაა.

ივანიშვილი ლესკადრონის ყველაზე მდიდარი კლიენტი იყო. ივანიშვილის ადვოკატი ამტკიცებს, რომ ლესკადრონის გამო ივანიშვილს ასეულობით მილიონის ზარალი მიადგა:

“იმით, რომ მოპარულ ზარალს არ აბრუნებს და არარელევანტურ ფაქტორებს ეყრდნობა, კრედიტ სუისი აგრძელებს უპასუხისმგელო მოქცევას თავისი კლიენტების მიმართ”, – განაცხადა მორის ჰარარიმ, ივანიშვილის შვეიცარიელმა ადვოკატმა.

ბანკის განცხადებით, არცერთ მხარეს არ შეუძლია ფინანსური პრეტენზიების დაკმაყოფილების მოთხოვნა, სანამ სააპელაციო სასამართლო მოსმენები არ დასრულდება.


“კრედიტ სუისის” ადვოკატების ცნობით, არაავტორიზებული ვაჭრობის შედეგად, ლესკადრონს 47 მილიონი დოლარი აქვს მითვისებული მდიდარი კლიენტების ანგარიშებიდან. აქედან ერთი მილიონი დოლარი მან ძვირფასეულობაში დააბანდა, რომელსაც ცოლისთვის, ირინა ლესკადრონისთვის ყიდულობდა. ძვირადღირებულ ნივთებს შორის “შანელის” ძვირფასეულობაცაა.

ლესკადრონი მდიდარ კლიენტებს ექსელის ამონაწერების გაყალბებით ატყუებდა. მან აღიარა, რომ გარიგებების შესახებ ინფორმაციას აყალბებდა. მისივე თქმით, გაყალბების შემდეგ ბანკის ყალბ ამონაწერებს მზარდი დანაკარგების შესანიღბად გზავნიდა. მეტწილად ფულს ბიძინა ივანიშვილის, საქართველოს ყოფილი პრემიერის ანგარიშებიდან იღებდა. ეს სქემა არ აღმოუჩენიათ მანამ, სანამ 2015 წლის სექტემბერში კალიფორნიულ ფარმაცევტულ კომპანიასთან მასშტაბური გარიგების შესახებ არ გახდა ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი