ახალი ამბები

თენგიზ გუნავა: ბარემ ერთი ოთახი გამომიყონ პროკურატურაში

29 იანვარი, 2014 • • 1364
თენგიზ გუნავა: ბარემ ერთი ოთახი გამომიყონ პროკურატურაში

 როგორც ნეტგაზეთს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, გუნავა პარასკევს, 11:00 საათზე სამეგრელო – ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში მოწმის სახითაა დაბარებული ერთ–ერთ სისხლის სამართლის საქმეზე.

 

პროკურატურაში ჯერჯეობით არ აკონკრეტებენ, რა საქმეზეა გუნავა დაბარებული, თუმცა აცხადებენ, რომ გამოძიებას სამეგრელო – ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა აწარმოებს. 

 

თენგიზ გუნავამ ნეტგაზეთს უთხრა, რომ ზუსტად საქმის კურსში არც ის არის, რის გამო იბარებენ პროკურატურაში, თუმცა, მისივე თქმით, სავარაუდოდ საქმე ეხება ერთ–ერთი ყოფილი პოლიციელის მიერ მიცემულ ჩვენებას. იგი პროკურატურაში მის დაბარებას პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს. მისი თქმით, ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარეობს კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა იყაროს კენჭი ზუგდიდში მერის თანამდებობაზე და გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს შეიძლება მან გაკეთოს.

 

“ეს არის ზეწოლა და მარაზმში გადადის უკვე ყველაფერი”, – ამბობს იგი და დასძენს, რომ უკვე სათვალავი აერია, მერამდენედ იბარებენ საგამოძიებო უწყებებში:

 

“ბარემ გამომიყონ ერთი ოთახი პროკურატურაში, იქ ვიქნები და ჩვენებებსაც იქვე მივცემ ხოლმე”.

 

რაც შეეხება იმას, მართლა აპირებს თუ არა იგი ზუგდიდის მერის პოსტზე კენჭისყრას, გუნავა ამბობს, რომ პრაიმერით გაირკვევა მერის კანდიდატების ვინაობა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი