ახალი ამბები

საქართველოს მიმართ უკეთესი პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

2 ივლისი, 2018 • 1829
საქართველოს მიმართ უკეთესი პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

გერმანიის სააგრეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა განაცხადა, რომ საქართველო ძალიან დაუახლოვდა ევროპას და გერმანიამ მის მინართ უკეთესი პოლიტიკა უნდა აწარმოოს.

“თბილისში არა მარტო პარლამენტის წინ ფრიალებს ევროკავშირის დროშა, ბევრ ქვეყანაში ეს ასე არ არის. ამ ლურჯ დროშას ყვითელი ვარსკვლავებით თბილისში ყველგან შეხვდებით და ეს ჩვენ გვხარებს. ეს არის გარეგნული გამოხატულება იმისა, რასაც ქართველები შინაგანად გრძნობენ. ამიტომაც ჩვენ ჩვენი პოლიტიკა უნდა დავუახლოვოთ ამას, უკეთესი პოლიტიკა ვაწარმოოთ ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორიც საქართველოა. ჩვენ გვჭირდება ევროპული აღმოსავლეთის პოლიტიკა“- ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის დროს მედიისთვის გაკეთებულ განცხადებაში.

მაასის განცხადებით, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების კურსს და ამ გზაზე უმნიშვნელოვანესი ეტაპი საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭება იყო.

საკუთარ გამოსვლაში მან ყურადღება გაამახვილა ნატო-საქართველოს პარტნიორობაზე და ნატოს მოახლოებულ სამიტზე. მისი თქმით, საქართველო ნატოს მჭიდრო პარტნიორია და ეს გამოიხატება როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს აქტიური ჩართულობით, ასევე, ნატოს სამიტში საქართველოს მონაწილეობით.

„საქართველო ნატოს ერთ-ერთი მჭიდრო პარტნიორია. ავღანეთში საქართველო 900 ჯარისკაცით არის წარმოდგენილი. მინდა გავიხსენო მაზარ-ი-შარიფში გერმანიის საკონსულოზე თავდასხმის ფაქტი, მაშინ ქართველი ჯარისკაცების ძალისხმევით მოხერხდა ჩვენი თანამშრომლების გადარჩენნა და ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. ნატოს სამიტსაც მინდა შევეხო, რომელიც უახლოეს დღეებში ჩატარდება, საქართველო წარმოდგენილი იქნება ამ სამიტზე და ესეც გახლავთ სწორედ ნიშანი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობისა ნატოს დონეზე. უსაფრთხოების საკითხებშიც ჩვენ საქართველოს გვერდით ვდგავართ და ბოლომდე ვიდგებით, ეს ეხება კონფლიქტურ რეგიონებსაც. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ჩვენთვის არ არის ვაჭრობის საგანი და მომავალშიც არაფერი არ შეიცვლება“-განაცხადა მინისტრმა.

დავით ზალკალიანისა და ჰაიკო მაასის შეხვედრა ბერლინში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი