ახალი ამბები

ხარჯები მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთვის

29 იანვარი, 2014 •
ხარჯები მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთვის

საქართველოს პარლამენტიდან “ბათუმელებისთვის” მოწოდებული დოკუმენტის მიხედვით, მაჟორიტარი დეპუტატებისთვის გამოყოფილი თანხიდან თანამშრომლების ხელფასებში მხოლოდ ნახევარი თუ იხარჯება.

 

73 მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს შესანახად შარშან 4 380 000 ლარი გამოიყო ბიუჯეტიდან. თითოეული ბიურო ყოველთვიურად 5 ათას ლარს იღებს. ზოგიერთი დეპუტატის ბიუროში ორი ადამიანი მუშაობს, ზოგიერთში – ექვსიც კი. დეპუტატები თვითონ წყვეტენ, რომელ თანამშრომელს რამდენი ხელფასი დაუნიშნონ. მაგალითად, “ნაციონალი” გურამ მისაბაშვილი – სენაკის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი – თავის ერთ თანამშრომელს 380 ლარს უხდის ხელზე, მეორეს – 535 ლარს; ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი – ფატი ხალვაში ბიუროს ორ თანამშრომელს – ნაილე ლაზიშვილსა და სოფიო მოწყობილს ხელფასის სახით 500-500 ლარს უხდის.

 

სად მიდის დანარჩენი თანხა? – “ბათუმელების” ამ კითხვას უპასუხა ბლოკ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ნაყოფიამ, რომელსაც საზოგადოება იცნობს, როგორც მილიონერს: “მე ბიუროს თანხას არ ვიყენებ საწვავისთვის, არც სხვა რამისთვის, მხოლოდ თანამშრომლების ხელფასებს ვიხდი… სხვა დეპუტატებისაც მესმის, ისინი ბევრს გადაადგილდებიან და ბენზინი სჭირდებათ. შეიძლება არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ იყიდონ. პირადად მე, საკუთარი ფულით ვყიდულობ საწვავს”.

 

კობა ნაყოფიას ბიუროს უფროსის, დავით მენაბდიშვილის მოწოდებული ციფრების მიხედვით, შარშან, მეორე კვარტალში, მათ ბიუროში 15 ათასი ლარიდან მხოლოდ 7500-მდე ლარი დაიხარჯა: “2013 წლიდან ნაშთის სახით გადმოგვყვა 24 080 ლარი; ჩამოყალიბებულები არ ვართ, ამ თანხას რაში გავხარჯავთ; ჩვენ არ გვქონია საწვავის ხარჯი, ასევე საკანცელარიო. ტელეფონზე და ინტერნეტისთვისაც მხოლოდ ბოლო კვარტალში დავხარჯეთ. ბატონი კობა თავად აკეთებდა ყველაფერს”.


კობა ნაყოფია ამბობს, რომ შეიძლება წელს თანამშრომლები დაიმატოს. 


ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატის, მურმან დუმბაძის ბიუროს უფროსის, ნაზი დვალიძის თქმით, 2013 წლის “მეორე კვარტალში ბათუმის ბიუროს დაერიცხა 6000 ლარი. ბიურომ დახარჯა 2825 ლარი”. აპრილში დეპუტატის ბიუროს 719 ლარის საწვავი უყიდია, მაისში – 1469 ლარის, ივნისში – 549 ლარის ბენზინი.


მურმან დუმბაძის ბიუროში, რომელიც ბათუმის მერიაშია განთავსებული, მონიტორინგის პერიოდისთვის სამი ადამიანი მუშაობდა. მათ ხელფასებში პარლამენტს ყოველთვიურად 3 ათასი ლარი აქვს გადარიცხული. თუ მიღებულ 15 ათას ლარს გამოვაკლებთ ხარჯებს, აღმოჩნდება, რომ მურმან დუმბაძის ბიუროს მეორე კვარტალში 1500 ლარი დარჩა. თუ სხვა თვეებშიც მსგავსი ხარჯვა აქვს მურმან დუმბაძის ბიუროს, გამოდის, რომ 2013 წლიდან 20 ათას ლარამდე უნდა ჰქონდეს ბიუროს ანგარიშზე. “ბათუმელებმა” მურმან დუმბაძესთან დაკავშირება ვერ მოახერხა. 

 

ქედის მაჟორიტარის – იაშა შერვაშიძის ბიუროს თანამშრომლის, ნოდარ შერვაშიძის ინფორმაციით, ბიურომ დეპუტატის ავტომანქანის შენახვისა და საწვავისთვის 2653 ლარი დახარჯა; მაისში ანალოგიური მიზნით 2 159 ლარი აქვთ დახარჯული, ხოლო ივლისში – 2 415 ლარი. ამ პერიოდში პარლამენტს იაშა შერვაშიძის ბიუროს თანამშრომლებისთვის, ხელფასის სახით, თვეში 1806 ლარი აქვს გადახდილი.

 

ციფრების შეჯამებით გამოდის, რომ დეპუტატს სამ თვეში საწვავში დახარჯული აქვს 7227 ლარი, ხოლო თანამშრომლების ხელფასებში – 5418 ლარი. ნაშთი იკვეთება ამ შემთხვევაშიც.

 

ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ანზორ ბოლქვაძე “ბათუმელებთან” ამბობს, რომ ბიუროსთვის გამოყოფილი თანხის დიდი ნაწილი მასაც საწვავში ეხარჯება: “გაზიც მაქვს მანქანაში ჩამონტაჟებული, დაახლოებით 280 ლარის გაზი იხარჯება და 480 ლარის ბენზინი; რაც შეეხება სხვა ხარჯებს – 800 ლარი ავეჯში გადავიხადეთ, 190 ლარი – ფარდებში, 900 ლარი კი – კონდიციონერში; კომპიუტერია თუ რაც არის, პარლამენტი გვაძლევს. ისეთი ხარჯი, რომ ვიღაცას დავეხმაროთ, ეს არ შეიძლება”.


ანზორ ბოლქვაძე ამბობს, რომ მეორე კვარტალში ბიუჯეტიდან მიღებული 15 ათასი ლარიდან დახარჯა 12 408 ლარი, აქედან 4418 ლარი მოახმარა საწვავის შეძენას, ხოლო დანარჩენი თანხა ანგარიშზე აქვს. დეპუტატი არ არის ჩამოყალიბებული, ნაშთი რაში შეიძლება დახარჯოს.


ანზორ ბოლქვაძეს მეორე კვარტალში ოთხი თანამშრომელი ჰყავდა. ამათგან ლიკა კინწურაშვილს ყველაზე დაბალი ხელფასი – 300 ლარი აქვს მიღებული, ხოლო ყველაზე მაღალი ხელფასი – 570 ლარი – ნოდარ ბოლქვაძეს მიუღია.


პარლამენტიდან გამოგზავნილი დოკუმენტის მიხედვით, კიდევ ერთ დეპუტატს, ადიგენის ოლქის მაჟორიტარს – ზურაბ ჩილინგარაშვილსაც თანამშრომლების ხელფასებისთვის ცოტა თანხა აქვს დახარჯული. გასული წლის აპრილში მასთან ორი ადამიანი მუშაობდა, ივლისში კიდევ ერთი თანამშრომელი დაუმატებია. პირველ თვეში დეპუტატს თანამშრომლებისთვის 1070 ლარი მიუცია, მეორე თვეში – 905 ლარი, ხოლო მესამე თვეში – 1030 ლარი.


ადიგენის მაჟორიტარის ბიუროს ხელმძღვანელის, მედია ქოქიაშვილის ინფორმაციით, მეორე კვარტალში დეპუტატის ბიურომ საწვავის, ტელეფონისა და ტრანსპორტის მომსახურებაში მთლიანად 7112 ლარი დახარჯა. “სხვა ხარჯი ჩვენ არ გვაქვს”, – უთხრა “ბათუმელებს” მედია ქოქიაშვილმა.


თანამშრომლისთვის ყველაზე მაღალი ხელფასი, 2000 ლარი დეპუტატებს – ვიქტორ დოლიძესა და გოგი ქავთარაძეს მიუციათ. ასეთი მაღალი ხელფასი მათ ბიუროში მხოლოდ თითო ადამიანს აქვს მიღებული.


დეპუტატი ბიუროების მიერ გაწეული ხარჯების შესახებ ანგარიშს საქართველოს პარლამენტს აბარებენ. “ბათუმელებმა” სწორედ ამ ორგანოს სთხოვა მოეწოდებინა დეპუტატების მიერ ჩაბარებული ანგარიშების ქსეროასლები. საკანონმდებლო უწყებიდან გვაცნობეს, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია დიდი მოცულობისაა, ამიტომ ის დეპუტატებს უნდა მოვთხოვოთ. თავის მხრივ, დეპუტატებმა სატელეფონო საუბარში გვითხრეს, რომ ანგარიშები პარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული და შეგვიძლია იმით ვისარგებლოთ. “ბათუმელებმა” პარლამენტის ვებგვერდზე ანგარიშები ვერ აღმოაჩინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი