ოთარ დანელიას, შსს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ამ მიზნით საქართველოს ბაზარზე შემოსვლის ინტერესი გამოხატა ტექნიკური უსაფრთხოებისა და სერტიფიცირების სფეროში ევროპის ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა საერთაშორისო კომპანიამ TUV Rheinland Group-მა. ამ კომპანიასთან, მისი განმარტებით, უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები და შეხვედრა კომპანიის წარმომადგენლებთან მომავალ კვირას იგეგმება.
შესაბამისად, დანელიას თქმით, ზუსტი დეტალები, რა კრიტერიუმებით მოხდება ტექდათვალიერება, სწორედ ამ კომპანიასთან მუშაობის შედეგად გამოიკვეთება.
“საერთაშორისო ოპერატორი კომპანიის შემოსვლას საქართველოს ბაზარზე მიენიჭა უპირატესობა იქიდან გამომდინარე, რომ ტესტირების პროცესი დაიწყოს გარანტირებულად დადგენილ დროში და საჭირო სიმძლავრით, რაც არა მხოლოდ უზრუნველყოფს ტესტირების ხარისხის გაზრდას, არამედ მოახდენს სისტემაში კორუფციის მაქსიმალურ პრევენციას და ხელს შეუწყობს ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციების შემოდინებას.”
შსს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოში დაახლოებით 900 ათასამდე მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება არის დარეგისტრირებული და ამ რიცხვის 2015 წლის მარტამდე გაზრდას სააგენტოში კიდევ ვარაუდობენ.
როგორც მომსახურების საანგენტოს წარმომადგენელი განმარტავს, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, რომ ყველა ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობა ევროსტანდარტებთან უნდა იყოს შესაბამისობაში, რამაც, თავის მხრივ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება უნდა გაზარდოს და დადებითად აისახოს გარემოს დაცვაზე.
“ჩვენ ამ ვალდებულების შესრულების მიზნით მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით საერთაშორისო ოპერატორებთან,”- ამბობს დანელია.
ავტომობილების ტექდათვალიერების საკითხს ეხმაურება გარემოს დაცვის სამინისტროც.
სამინისტრო განმარტავს, რომ საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვია და მისი წილი ქვეყნის მთლიან გაფრქვევებში დაახლოებით 71%-ს შეადგენს.
“ავტოტრანსპორტიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კუთხით ყველაზე მწვავე მდგომარეობა თბილისშია, სადაც ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 1/3, დათავმოყრილია მთლიანი სატრანსპორტო საშუალებების 40%, რომლის წილი ქალაქის დაბინძურებაში 95%-ზე მეტია. დამაბინძურებელი ნივთიერებები, რომლებიც გამონაბოლქვ აირთან ერთად ხვდება ატმოსფეროში, რეალურ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს, რომელიც ამ მავნე ზეგავლენის ქვეშ იმყოფება. ავტოტრანსპორტის მიერ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ემისიების მოცულობა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ ავტომობილების ტექნიკური გაუმართაობაა,”- წერია სამინისტროს განცხადებაში.
ოფიციალური ინფორმაციითვე, საქართველოში საავტომობილო პარკი მოძველებულია.
2012 წლის მონაცემებით მანქანების 91% 10 წელზე მეტი ასაკისაა და კონტროლის არარსებობის პირობებში სავარაუდოა, რომ ავტომობილების უმრავლესობა ტექნიკურად გაუმართავია.
“გამონაბოლქვი აირის მოცულობა და ტოქსიკურობა კი მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ძრავის კონსტრუქციაზე, ტექნიკურ მდგომარეობასა და მუშაობის რეჟიმზე. მაგალითად, დიზელის ძრავის გაუმართაობის შემთხვევაში ჭვარტლის წარმოქმნა შეიძლება 20-ჯერ გაიზარდოს. კარბურატორის გაუმართაობის შემთხვევაში კი 2-10-ჯერ იმატებს გამონაბოლქვ აირში ნახშირბადის ოქსიდის რაოდენობა,”- აცხადებენ გარემოს დაცვის უწყებაში.
სამინისტროს ინფრომაციითვე, მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან, რომლებიც საავტომობილო პარკის დაახლოებით 80%-ს შეადგენს, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების რეგულირება საქართველოში ბოლო 9 წლის განმავლობაში არ ხორციელდება, ვინაიდან 2004 წლიდან მათთვის ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება ნებაყოფლობითია.
სავალდებულო პერიოდული ტექდათვალიერების ამოქმედება, როგორც უწყებაში განმარტავენ, ხელს შეუწყობს ავტოპარკის შესახებ საჭირო საწყისი ინფორმაციის (ავტომობილის ტიპი, ძრავის კუბატურა, ასაკი, გარბენი, მოძრაობის საშუალო სიჩქარე და ა.შ) უზრუნველყოფას, რის საფუძველზეც შესაძლებელი გახდება ავტოტრანსპორტიდან გაფრქვევების თანამედროვე კომპიუტერული პროგრამებით გაანგარიშება და დაბინძურების უფრო რეალური სურათის მიღება.