ახალი ამბები

5 ივლისის ჩათვლით გამოცდები სიცხის გამო მხოლოდ დილის საათებში ჩატარდება

29 ივნისი, 2018 • 6256
5 ივლისის ჩათვლით გამოცდები სიცხის გამო მხოლოდ დილის საათებში ჩატარდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, უახლოეს დღეებში (2 დ 3 ივლისს) მოსალოდნელი განსაკუთრებით ცხელი დღეების გამო შეიცვალა ერთიანი ეროვნული გამოცდების (ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისა და ზოგადი უნარების გამოცდის) განრიგი:

ქართული ენისა და ლიტერატურის 2 და 3 ივლისისათვის დაგეგმილი მეორე სესია ჩატარდება შესაბამისად 4 და 5 ივლისს, დილით. ანუ აბიტურიენტები, რომლებიც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე უნდა გამოცხადებულიყვნენ 2 ივლისს, 14:00 საათზე, ამ გამოცდას ჩააბარებენ იმავე საგამოცდო ცენტრში 4 ივლისს, 08:00 საათზე (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 08:00 საათზე, გამოცდა – 09:00 საათზე).

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 3 ივლისს, 14:00 საათზე განაწილებული აბიტურიენტები გამოცდას ჩააბარებენ 5 ივლისს, 08:00 საათზე (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 08:00 საათზე, გამოცდა – 09:00 საათზე).

5 ივლისის ზოგადი უნარების გამოცდის პირველი და მეორე სესია ჩატარდება 7 ივლისს, ანალოგიური თანმიმდევრობით. ანუ, თუ აბიტურიენტი განაწილებული იყო 5 ივლისს, 08:00 საათზე, იგი ზოგადი უნარების გამოცდას 7 ივლისს, 08:00 საათზე ჩააბარებს (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 08:00 საათზე, გამოცდა – 09:00 საათზე), ხოლო თუ აბიტურიენტი განაწილებული იყო 5 ივლისს, 14:00 საათზე, იგი გამოცდას ჩააბარებს 7 ივლისს, 14:00 საათზე(სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 14:00 საათზე, გამოცდა 15:00 საათზე).

ცენტრის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ აბიტურიენტების უმეტესობას უკვე ამობეჭდილი აქვს საგამოცდო ბარათი, აბიტურიენტის გვერდზე განთავსებულ ელექტრონულ ბარათში ცვლილებები აღარ შევა. აბიტურიენტი გამოცდაზე პირადობის მოწმობითა და საგამოცდო ბარათით უნდა გამოცხადდეს.

“აღნიშნული ცვლილებები აბიტურიენტთა ინტერესების გათვალისწინებით განხორციელდა”.

აბიტურიენტი განაწილებული იყო აბიტურიენტი უნდა გამოცხდდეს
2 ივლისს 14:00 საათზე 4 ივლისს 08:00 საათზე
3 ივლისს 14:00 საათზე 5 ივლისს 08:00 საათზე
5 ივლისს 08:00 საათზე 7 ივლისს 08:00 საათზე
5 ივლისს 14:00 საათზე 7 ივლისს 14:00 საათზე

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მხოლოდ ერთ საგამოცდო ცენტრში კონდიციონერის ჩართვის საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დღეს, 29 ივნისს გამართულ მთავრობის სხდომაზე ამ საკითხს განიხილავენ. პრემიერი უარყოფითად აფასებს ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას კონდიციონერის ჩართვას მხოლოდ რუსთავში.

“ჩემი შეფასებით, ეს გარემოება ძალიან ცუდია. დღეს, მთავრობის სხდომაზე ამ საკითხზე აუცილებლად ვისაუბრებთ,  თუ როგორ შეიძლება ეს საკითხი მოგვარდეს. ამ საკითხის დაგეგმვა ალბათ უკეთ შეიძლებოდა. აუცილებლად გავერკვევი დეტალებში, თუ რატომ დადგა ასეთი გარემოება ,” – განაცხადა მამუკა ბხტაძემ.

ერთიან ეროვნული გამოცდებზე, რომელიც 2 ივლისს იწყება, კონდიციონერი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ რუსთავის საგამოცდო ცენტრში.

ეროვნული გამოცდების ცენტრის ცნობით, რუსთავი შეირჩა საპილოტე პროგრამის ფარგლებში და სწორედ ამიტომ დამონტაჟდა იქ კონდიციონერი. ამას ხელი შეუწყო იმ გარემოებამაც, რომ შენობა ისეთ ადგილას მდებარეობს, რომ მუდმივად მზის ქვეშაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი