ახალი ამბები

სახალხო დამცველის ოფისისთვის 500 000 ლარი გამოიყოფა

29 ივნისი, 2018 • 1430
სახალხო დამცველის ოფისისთვის 500 000 ლარი გამოიყოფა

სახახლო დამცველის ოფისისთვის პრეზიდენტის ფონდიდან 500 000 ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ დღეს, 29 ივნისს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა.

საქართველოს სახალხო დამცველიმა 26 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადასულიყო და 2 ივლისამდე სამუშაო პროცესი გააჩერა. ამის მიზეზი შენობის დაზიანების სიმძიმე გახდა.

“ავარიულ მდგომარეობაში მყოფ სახალხო დამცველის აპარატის შენობას ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დაუდგინდა მესამე ხარისხის დაზიანება; ამასთან, მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები იწვევს ბიძგებს, რაც ისედაც ავარიულ შენობას დამატებით საფრთხეს უქმნის”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, განცხადებები დატოვონ მისაღებში, თუმცა მათი რეგისტრაცია მხოლოდ ორშაბათიდან მოხერხდება. ცვლილება ასევე შეეხება ცხელი ხაზის რეაგირების ჯგუფს. დროებით ცხელი ხაზის ოპერატორთან დაკავშირება შესაძლებელი იქნება ნომერზე – 598083006. ასევე, მიმართვა შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე info@ombudsman.ge.

მიმდინარე წლის 6 ივნისს მომხდარი მცირე სიძლიერის მიწისძვრის შემდეგ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებზეც აღბეჭდილია მანამდეც ავარიულ მდგომარეობაში მყოფი შენობის კიდევ უფრო დაზიანებული კედლები.

ბზარი სახალხო დამცველის ოფისში © ნინო ლომჯარია

მასალების გადაბეჭდვის წესი