ახალი ამბები

კონფლიქტი გაყინული არ არის და მას საქართველოს მოქალაქეებისთვის სიკვდილი მოაქვს-კობახიძე

28 ივნისი, 2018 • 1766
კონფლიქტი გაყინული არ არის და მას საქართველოს მოქალაქეებისთვის სიკვდილი მოაქვს-კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთში სულ უფრო უარესდება ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების მდგომარეობა, რისი მაგალითიც არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფაა. კობახიძის თქმით, აღნიშნული კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ცხინვალის რეგიონში კონფლიქტი გაყინული არ არის და მას საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის სივკდილი მოაქვს.

აღნიშნული საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აშშ-ში კონფერენციის, “რუსული რევანშიზმის” დროს განაცხადა.

“რუსეთი კვლავ უდიდეს გამოწვევად რჩება საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობისათვის, და მიუხედავად საქართველოს კონსტრუქციული და პრაგმატული მიდგომისა ურთიერთობებისადმი, რუსეთს არასოდეს უცდია გადაედგა საპასუხო ნაბიჯები იმისათვის, რომ შემცირდეს უსაფრთხოების პრობლემები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთში,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონფლიქტის მოგვარების მხრივ პროგრესის არარსებობა პირდაპირ გულისხმობს რუსეთის მონაწილეობას რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებით მანიპულაციაში. მისი თქმით, აღნიშნულზე საქართველოს ორგვარი პასუხი აქვს:

„ვეძებთ მეგობრებს სხვა ქვეყნებში და ვაძლიერებთ დემოკრატიას საშინაო საკითხებში”

კობახიძის განმარტებით, საქართველო მოუთმენლად ელის ნატოს სამიტს, რომელიც, მისი ღრმა რწმენით, სათანადოდ აღიარებს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხრივ და წინა პლანზე წამოსწევს და დააჩქარებს საქართველოს ნატოში სრულფასოვანი გაწევრიანების საკითხს, როგორც ეს გადაწყდა 10 წლის წინ ბუქარესტის სამიტზე.

“ასევე მზად ვართ, გავაღრმაოთ ჩვენი ინტეგრაციული თანამშრომლობა ევროკავშირთან, რაც უფრო და უფრო იმედისმომცემი ხდება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისა და ევროპის ზონაში უვიზო მიმოსვლის ძალაში შესვლის შემდეგ. დღესდღეობით, ჩვენ მოველით სავაჭრო და ბიზნეს საქმიანობის ხელშესახებ შედეგებს”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი