ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ვაჭრობა და ფეხბურთი ოკუპაციის კვალდაკვალ – სამხრეთ კავკასია ივნისში

2 ივლისი, 2018 • 2225
ვაჭრობა და ფეხბურთი ოკუპაციის კვალდაკვალ – სამხრეთ კავკასია ივნისში

ფორმალური ვაჭრობის დროა; მაგრამ, როგორ? – ICG-ს კვლევა

“აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი – ვაჭრობის დროა” – ასე დაასათაურა ერთ-ერთი ბოლო კვლევა არასამთავრობო  ორგანიზაცია “საერთაშორისო კრიზისულმა ჯგუფმა”, რომელიც 1995 წელს ბრიუსელში დაფუძნდა. ჯგუფი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე კონფლიქტების აღმოფხვრისა და მხარეთა შორის კონსენსუსის მიღწევის გზებზე მუშაობს, რომელთა შორის ერთ-ერთია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების საკითხი.

ჯგუფი ზემოაღნიშნულ კვლევაზე 1 წლის განმავლობაში – 2017 წლის მაისიდან 2018 წლის მაისამდე პერიოდში მუშაობდა. ავტორები განიხილავენ ფორმალური ვაჭრობის პერპექტივებს, რაც ერთი მხრივ, ოფიციალურ თბილისსა და ოკუპირებულ რეგიონებს შორის კავშირების გაჩენას უზრუნველყოფს, მეორე მხრივ კი, რუსული რუბლის გაუფასურების ფონზე, ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებთა ყოფას შეამსუბუქებს.

სანამ ფორმალური ვაჭრობის საჭიროებებზე ისაუბრებდა, ICG-მ დაადგინა, რომ პროცესი არაფორმალურად ახლაც მიმდინარეობს და არც შეწყვეტილა გაცილებით დაძაბული გარემოებების ფონზე. მას ხელს ვერც მკაცრი საკანონმდებლო შეზღუდვები უშლის.

ასე ხდება, მაგალითად, ახალგორში, სადაც ორგანიზაციის ინფორმაციით, საქონელი საქართველოდან ადგილობრივებთან ერთად თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებსაც შეაქვთ. მეტიც, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია გასული წლის ბოლოს ცდილობდა დაეთვალა, რამდენი შედის ბიუჯეტში საქართველოსთან არაფორმალური ვაჭრობის შედეგად, მეორე მხრივ კი, აღნიშნულ საქმეში ჩართულ ბიზნესმენებს რეგულაციებიც დაუწესა.

ორგანიზაციის ცნობით, ქართული პროდუქტი ოკუპირებულ აფხაზეთშიც მოიძებნება, თუმცა, რა თქმა უნდა, აღურიცხავი:

“ქართული პროდუქტი მოიძებნება აფხაზურ ბაზარზე კონფლიქტის გამყოფ ზოლთან ახლოს, სოხუმის მაღაზიებსა და გაგრის ტურისტულ ცენტრებში, სოჭიდან 30 კმ-ში, მთავარ რუსულ საზღვაო კურორტზე. პროდუქტების დიდი ნაწილი დაურეგისტრირებლად შემოდის, რათა არ გამჟღავნდეს, რომ ადგილობრივი ვაჭრები საქართველოსთან თანამშრომლობენ”,  – ვკითხულობთ კვლევაში.

2008 წელს მიღებულ ოკუპაციის კანონში განსაზღვრული დებულებები, კვლევის მიხედვით, ვერც რეგიონს გარეთ მუშაობს: მანიპულაციების შედეგად, დაურეგისტრირებელი ტვირთი აფხაზეთიდან რუსეთთან ერთად თურქეთშიც გაედინება და ადგილობრივ მარკეტებში იყიდება. იგივე ხდება თურქეთიდან აფხაზეთში სამშენებლო მასალებისა და სხვა სახის საქონლის იმპორტის დროსაც.

როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, 2008 წლის ომამდე თუ მას შემდეგ შემოღებული შეზღუდვების მიუხედავად, ფურცელზე აკრძალული პროცესები ყოველდღიურად გრძელდება, ოღონდ არალეგალურად და კორუფციის ფონზე. ამგვარად ავტორები ასკვნიან, რომ დროა, პროცესს ფორმალური სახე მისცენ.

კვლევაში საუბარია ორ პროექტზე: სავაჭრო დერეფანი საქართველოსა და რუსეთს შორის ე.წ. სამხრეთ ოსეთის გავლით და ოკუპირებული აფხაზეთის ჩართვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო შეთანხმებაში.

პირველ შემთხვევაში, “საერთაშორისო კრიზისული ჯგუფი”იხსენებს  2011 წელს რუსეთ-საქართველოს შორის შვეიცარიული კომპანიის შუამავლობით მიღწეულ საბაჟო შეთანხმებას.  მაშინ, საქართველოს მიერ რუსეთის “მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში” შესვლის მხარდაჭერის ფონზე, ორი ქვეყანა ერთიმეორესთან დამაკავშირებელი სამი სავაჭრო დერეფნის გაჭრის თაობაზე შეთანხმდა. აღნიშნული დერეფნებს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც უნდა გაევლო, პროცესის მონიტორინგი ზემოხსენებულ კომპანიას უნდა განეხორციელებინა.

ავტორები ყურადღებას ამახვილებენ ცხინვალის რეგიონზე გამავალ მარშრუტზე, რომელიც როკის გვირაბზე გადის და მეტად მოკლე, ფართო და უსაფრთხოა, ვიდრე ლარსის მთიანი ზონები. მოცემულ შემთხვევაში, იკვეთება ყველა მხარის ნათელი ინტერესი:

რუსეთი დაინტერესებულია, რომ სომხური ტვირთების გადაზიდვა ცხინვალის რეგიონის გავლით გაუადვილდეს; საქართველოსთვის მარშრუტს მეტწილად პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს და იმედოვნებს, რომ განამტკიცებს მოცემულობას, რომლის მიხედვითაც ე.წ. სამხრეთ ოსეთი არა დამოუკიდებელი სუბიექტი, არამედ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიაა; თავის მხრივ, მარშრუტი ცხინვალის რეგიონსაც არგებს, ნაწილობრივ გამოიყვანს რა იზოლაციიდან, რომელშიც 2008 წლის შემდეგ იმყოფება.

რიგი სირთულეების შემდეგ, 2017 წელს, შვეიცარიულ კომპანიასთან კონტრაქტი ორივე ქვეყანამ გააფორმა. თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ დერეფანი ამოქმედდება. ორი მთავარი ფაქტორი, რაც ავტორების თქმით, საბოლოო შეთანხმებას ხელს უშლის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის პოლიტიკურ სტატუსს უკავშირდება.

“პირველი მიზეზი უკავშირდება დისკუსიას, თუ ვაჭრობის რომელი ეტაპი უნდა დაექვემდებაროს “საერთაშორისო მონიტორინგს”. ქართული მხარე ამბობს, რომ კომერციული ოპერაციები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიასა და სამხრეთ ოსეთს შორის “შიდა ვაჭრობაა” და ეს არ წარმოადგენს მსგავსი მონიტორინგის საგანს. უთანხმოების მეორე საკითხია ის, თუ ვინ განახორციელებს საბაჟო და საპასპორტო კონტროლს სამხრეთ ოსეთის სექციებზე რუსეთის საზღვართან”.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვრის ლარსის მონაკვეთზე სტიქიური საშიშროებების გამო, ალტერნატიული დერეფნის იდეა ცალსახად იქცევს ყურადღებას. მათი აზრით, ესაა ერთ-ერთი ფაქტორი, რაც გზას გაუხსნის დამატებით მოლაპარაკებებს.

პოლიტიკური სტატუსი ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია ოკუპირებულ აფხაზეთზე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების(DCFTA) პირობების გავრცელების შემთხვევაშიც. ავტორების თქმით, აფხაზი ლიდერებისა და ბიზნესმენებისთვის მთავარი გამოწვევა საქართველოს ოფიციალურ პირებთან რაიმე სახის შეთანხმების მიღწევაა. ამასვე ერიდებიან თბილისში, რათა ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობის საკითხი რაიმე ფორმით არ წახალისდეს.

პრობლემები სტატუსთან დაკავშირებით არც DCFTA-ში ჩართვისათვის საჭირო ტექნიკურ პროცედურებზე საუბრისას კარგავს აქტუალობას. მაგალითად, მხარეები მსჯელობენ, როგორ უნდა დაკმაყოფილდეს ერთ-ერთი ასეთი მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, აფხაზურ პროდუქციას სერტიფიცირება ქართულმა მხარემ უნდა მიანიჭოს. განიხილება რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის, სერტიფიკატების აფხაზეთში დამზადება ქართული კოდით ან საერთაშორისო კომპანიის ჩართულობა პროცესში.

“სოხუმის მაღალჩინოსნებს ამ საკითხებზე პოზიცია ჯერ არ აქვთ. მათი შეხვედრები ევროპის ოფიციალურ პირებთან ვაჭრობასთან დაკავშირებით მკაცრად კონფიდენციალურია. ნებისმიერი საჯარო განცხადება აფხაზი პოლიტიკოსების მხრიდან მეტწილად ნეგატიურია, თუმცა დახურულ კარს მიღმა პოლიტიკური და ბიზნესელიტის ზოგიერთი წარმომადგენელი მეტად პრაგმატული ჩანს”, – ვკითხულობთ კვლევაში.

კვლევის ავტორთა თქმით, აფხაზეთის DCFTA-ში ჩართულობა მეტად კომპლექსურია, ვიდრე ე.წ. სამხრეთ ოსეთზე გამავალი დერეფნის საკითხი: სოხუმში მეტად მგრძნობიარენი არიან საქართველოსთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობაზე საუბრისას  და მხოლოდ მაშინ დათანხმდებიან, როცა დარწმუნდებიან, რომ სტატუსის ნეიტრალურობა დაცული იქნება. რუსეთში კი აღნიშნულ საკითხს რეალისტურად არც განიხილავენ.

მიუხედავად სირთულეებისა, კრიზისული ჯგუფი პირდაპირი ვაჭრობის შესაძლებლობას მხარეთა დასაახლოებლად და შემდგომი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად აუცილებლად მიიჩნევს და შემდეგ რეკომენდაციებს გასცემს:

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დერეფანი

  • ახლა, როცა შვეიცარიულ კომპანიასთან კონტრაქტები გაფორმებულია, მოსკოვი და თბილისი უნდა შეთანხმდნენ, როგორ იმუშავებს დერეფანი, როგორ აღმოიფხვრება გამოწვევა საპასპორტო და საბაჟო კონტროლთან დაკავშირებით; პირველ შემთხვევაში, საგანგებო ვითარების დროს, სხვა მხრივ კი – რეგულარულად.
  • ცხინვალმა თავი უნდა შეიკავოს რეგიონში ახალი რეგულაციების დაწესებისგან. ამგვარი საკითხები, შესაძლოა, დაეფუძნოს დისკუსიებს პროექტთან დაკავშირებით.

აფხაზეთის DCFTA-ში ჩართულობა

  • თბილისმა და სოხუმმა უნდა შექმნან არხი, მეტწილად კონფიდენციალური, მესამე მხარის მონაწილეობით, ნეიტრალური სტატუსის პირობებში ვაჭრობასა და სხვა საკითხებზე სასაუბროდ.
  • თბილისი პირდაპირ ან მესამე მხარის ჩართულობით უნდა ესაუბროს სოხუმს საკუთარ ინიციატივებზე კონფლიქტის მხარეებს შორის ვაჭრობასთან დაკავშირებით. თბილისმა უნდა გამოიჩინოს პრაგმატიზმი, მაგალითად, ბიზნესის კეთებაზე რეგულაციების შესამსუბუქებლად ოკუპაციის შესახებ კანონში.
  • სოხუმმა, რომელმაც თბილისის [მანამდე შეთავაზებული] ინიციატივები არ მიიღო, თავად იმუშაოს ნეიტრალური სტატუსის პირობების შექმნაზე.
  • ევროკავშირი უნდა დაეხმაროს მხარეებს,ნეიტრალური სტატუსის ფორმატის შექმნაზე იმუშაონ, რათა მის სტანდარტებთან თანხვედრაში მოვიდნენ.
  • თბილისმა, სოხუმმა და ბრიუსელმა უნდა შეინარჩუნონ მოსკოვი ამ მოლარაპეკებებზე, ასევე, ნებისმიერ სავაჭრო მექანიზმთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა გამოჩნდეს.

სპორტი და ოკუპაცია – The Independent საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და ფეხბურთზე

“გვინდოდა, ხალხისთვის გვეჩვენებინა, რომ არსებობს შესაძლებლობა, ვითამაშოთ ფეხბურთი და სხვა მიმართულებით განვვითარდეთ”, – უთხრა ბრიტანულ გამოცემა “The Independent”-ს აშკარ სანაკოევმა, თბილისში მოქმედი საფეხბურთო კლუბის, “ცხინვალის” დირექტორმა.

მკითხველს გამოცემა უყვება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების პრობლემის შესახებ, თბილისში მოქმედ რამდენიმე კლუბსა და ფიფაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ოკუპირებული აფხაზეთის ნაკრების პრეტენზიაზე.

ჟურნალისტი რობერტ ო’კონორი გასული საუკუნის 90-იან წლებში განვითარებულ მოვლენებსა და იმ წინაპირობებსაც მიმოიხილავს, რამაც რეგიონში სეპარატიზმის გაღვივებას შეუწყო ხელი.

“კლუბი “ცხინვალი” ქართველებისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთა საერთო მიზანს განასახიერებს” – ციტირებს ჟურნალისტი კლუბის დირექტორს და დასძენს:

“თუმცა, სიმართლე ისა არის, რომ ორი ხალხი მკვეთრადაა გაყოფილი. ამიტომაც არის, რომ სანაკოევი სახლში დაბრუნებას უსაფრთხოდ არ მიიჩნევს. როგორც ხილული ჩემპიონისა ერთიანი საქართველოსთვის, მისი უსაფრთხოება განარტირებული აღარ არის”.

გამოცემა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კიდევ ერთ სიმბოლოდ წარმოადგენს საფეხბურთო კლუბ “გაგრას”.

“გაგრა სტრატეგიული წერტილია. ქალაქი სოჭიდან სამხრეთით, 60 კმ-ში მდებარეობს. იქ, სადაც მსოფლიო თასის ასპარეზობა ესპანეთმა პორტუგალიასთან დაპირისპირებით გახსნა…”, – წერს ჟურნალისტი

გარდა იმისა, რომ კლუბის ისტორიასა და მიღწევებზე საუბრობს, კლუბის დირექტორი ბესიკ ჩიხრაძე გამოცემას ქალაქ გაგრასა და ომამდელი ცხოვრების შესახებაც უყვება, რომელსაც წერტილი დაესვა “მესამე ძალის – რუსეთის” ჩართულობით. მისი თქმით, სურდა, კლუბი დაეფუძნებინა გაერთიანებული საქართველოს საზღვრებში შემავალ აფხაზეთში. თუმცა, როცა გაიაზრა, რომ კონფლიქტი არცთუ დროებითი იყო, 2004 წელს “გაგრა” თბილისში შეკრიბა.

“ჩვენ მზად ვართ, წავიდეთ გაგრაში, ისევ შევუერთდეთ აფხაზ მეგობრებს, რომელთაც სურთ, ვითანამშრომლოთ და რაღაც ახალი შევქმნათ ერთად”, – უთხრა ჩიხრაძემ “The Independent”-ს.

სტატიის ავტორს აფხაზეთში რადიკალურად განსხვავებული განწყობები დახვდა. დაზიანებული გზების, ჩამოშლილი შენობებისა და სოხუმის ცენტრში მდგარი ადმინისტრაციის ყოფილი შენობის ფონზე, ის მკითხველს მადლიერების შესახებაც უყვება, რომელიც მოსკოვის მიმართ ახალი სტადიონის აშენების გამო აქვთ.

“ამ ადგილის მოწყობა რუსული ფულით გახდა შესაძლებელი. ომი ძვირად დაგვიჯდა. ზოგიერთი დათვლით, აფხაზეთმა კონფლიქტისას $20 მლნ. დაკარგა. ასე რომ, რუსული ფულის გარეშე ვერ გადავრჩებოდით”, – უთხრა “დინამო სოხუმის” დირექტორმა ასტამურ ადლეიბამ გამოცემას.

გამოცემის ცნობით, მიუხედავად საერთაშორისო იზოლაციისა, აფხაზეთის ნახევრად ოფიციალურ ნაკრებს FIFA-ს წევრობის პრეტენზია მაინც აქვს, თუმცა მოთხოვნაზე უარს იღებს.

“სანამ საქართველო აფხაზეთის დამოუკიდებლად ცნობაზე უარს ამბობს, გამოყოფილი რეგიონების გასაქანი, გაიუმჯობესონ თავიანთი საფეხბურთო მიღწევები, კვლავ შეზღუდული რჩება”, – წერია სტატიაში.

[blue_box]ფაშინიანის მთავრობა კორუფციის წინააღმდეგ, ყოფილი მაღალჩინოსნები – ციხეში[/blue_box]

ნიკოლ ფაშინიანის მთავრობა ანტიკორუფციული გზავნილებისა და წინა ხელისუფლების დროს დაკარგული თანხების მოძიების შემდეგ, უშუალო მოქმედებაზე გადადის. მაისში დაწყებული პროცესი ივნისში ორი მაღალჩინოსნის დაკავებით დასრულდა.

“ევრაზიანეტის” ცნობით, ეროვნული თავდაცვის სამსახურმა გამოძიების შემდეგ საგადასახადო სქემის დეტალები გაასაჯაროა. როგორც მაშინ სამსახური იუწყებოდა, პროცესში სხვა კომპანიებთან ერთად სომხეთის პარლამენტის წევრიც მონაწილეობდა სერჟ სარგსიანის “რესპუბლიკური პარტიიდან”.

მაისში თავდაცვის სამსახური აცხადებდა, რომ იმ მომენტისთვის მაღალი რგოლის თანამდებობის პირები არ დაუკავებიათ, თუმცა იმან, რაც შემდგომ მოხდა, არსებული სურათი და მოლოდინები თავდაყირა დააყენა: სპეცოპერაციის შემდეგ, ნიღბიანმა სამართალდამცავებმა ყოფილი ლეიტენანტი და ამჟამად სომხეთის პარლამენტის წევრი მმართველი პარტიიდან, მანველ გრიგორიანი კრიმინალური დაჯგუფების მეთაურ არტურ ასატრიანთან ერთად დააკავეს. ორივე მათგანი იარაღის უკანონო შენახვისთვის დააკავეს, ასატრიანს კი გატაცებასაც ედავებიან.

როგორც “ევრაზიანეტი” წერს, ადამიანების განსაკუთრებული აღშფოთება თავდაცვის სამსახურის ვიდეომასალამ გამოიწვია: მასალაში კონსერვები და სხვა საკვები ჩანს, ხელნაწერებით, “არმიისთვის” და “არ იყიდება”. მალევე, ვეტერანთა გაერთიანების წარმომადგენელმა დაკავებული დეპუტატი ხალხის მიერ არმიისათვს განკუთვნილი საკრების მიტაცებაში დაადანაშაულა, რომლითაც, სავარაუდოდ, თავის კერძო ზოოპარკში მცხოვრები დათვები და ვეფხვები გამოკვება.

გამოცემის ცნობით, გრიგორიანს კორუფციასა და ძალადობაში წლების მანძილზე ადანაშაულებდნენ. შესაბამისად, დადებითი იყო დაკავების თანმდევი რეაქციებიც, თუმცა პროტესტის ფონზე: გრიგორიანის მხარდამჭერთა ჯგუფმა თავდაცვის სამსახურთან აქცია მოაწყო და გზის გადაკეტვაც სცადა, თუმცა- უშედეგოდ.

პროცესების პარალელურად, “ფორმაშია” სომხური მედიაც: რიგი გამოცემები განაგრძობენ საგამოძიებო მასალების გამოქვეყნებას წინა ხელისუფლების დროს გამოვლენილი კორუფციული სქემებისა და სხვა დანაშაულების შესახებ. ადრესატთაგან ერთ-ერთი სწორედ აწ უკვე დაკავებული გრიგორიანიც არაერთგზის ყოფილა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი