მინისტრის თქმით, მისთვის შოკისმომგვრელი იყო ის ზედმეტი ხმაური, რაც მოჰყვა პატრიარქის ეპისტოლეს, რადგან სასულიერო ხელისუფლების ხელმძღვანელს აქვს უფლება თავისი აზრი გამოთქვას, თუმცა მას ესმის იმ ადამიანებისაც, ვინც საკუთარი ტკივილი ხმამაღლა გამოხატა:
“მე ვიზიარებ იმ ტკივილს, რაც გამოხატა ძალიან ბევრმა ოჯახმა, რომელსაც სამედიცინო ჩარევის მეშვეობით, ხელოვნური განაყოფიერების გზით შეეძინა ბავშვი. ჩვენ ვართ მცირე ერი, მცირერიცხვოვანი და მე ვთვლი, რომ იმ ძალიან ბევრი ომის, კონფლიქტის მერე განსაკუთრებით, რაც ჩვენმა ქვეყანამ გაიარა და უნდა ითქვას, რომ ძალიან ბევრი დაუოჯახებელი ქალი გვყავს, ძალიან ბევრი დაუოჯახებელი მამაკაცია და ხშირად, როცა ოჯახი იქმნება, ეს ან დაგვიანებულია, ან სხვა რაღაც პრობლემები არსებობს, რა თქმა უნდა, მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ იყოლიონ მომავალი თაობა ხელოვნური გზით. მე ამ პრინციპს ვიზიარებ, ყველა იმ ოჯახს თანავუგრძნობ და მიხარია, რომ მათ ჰყავთ შვილები ამ გზით”, – განაცხადა მინისტრმა.
რაც შეეხება სუროგაციას, თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ ეს საკთხი უნდა იყოს რეგულირებული, მისი თქმით, კანონპროექტი უკვე მუშავდება
“ეს ბევრ ქვეყანაში არის აკრძალული, ჩვენთან ეს აკრძალული არ არის, მაგრამ ძალიან ბევრი ოფიციალური ვიზიტის დროს, რომელიც მე მქონია როგორც იუსტიციის მინისტრს, თუნდაც ბრიტანეთში, თუნდაც სხვა ევროკავშირის ქვეყნებში, დაუსვამთ ჩემს კოლეგებს ჩემთვის კითხვა, რატომ არ არის ჩვენთან სუროგაცია რეგულირებული. ჩვენთან კანონპროექტი მზადდება, ამ ეტაპზე კანონპროექტის პრინციპების განხილვისგან თავს შევიკავებ. ჩვენ არ ვისახავთ მიზნად ავკრძალოთ სუროგაცია, რადგან ზოგიერთი მომავლისადმი უიმედოდ განწყობილი წყვილისათვის ეს არის ბოლო შველა, მაგრამ რაც ჩვენ გვინდა საბოლოოდ გამოვრიცხოთ საქართველოში არის ის, რომ სუროგაცია იყოს რაიმე ტიპის ბიზნესი”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
.







