ახალი ამბები

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგზე მოლაპარაკებები დაიწყო

23 იანვარი, 2014 • • 918
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგზე მოლაპარაკებები დაიწყო

“ჩვენ დღეს ასოცირების დღის წესრიგზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გვაქვს. დღის წესრიგი არის დოკუმენტი, რომელსაც 3 წლის მოქმედების ვადა ექნება და რომელიც ხელს შეუწყობს ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციას და დაგვეხმარება ყველა ეტაპზე. როგორც მოგეხსენებათ, ასოცირების ხელშეკრულებას არაუგვიანეს სექტემბრისა მოეწერება ხელი. იმედი გვაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები დღის წესრიგზე მარტის ბოლოსთვის დასრულდება”- განაცხადა ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენელმა, დირკ შუბელმა.


საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი დღე უწოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თამარ ბერუჩაშვილმა. 

 

“საქართველო-ევროკაშვირის ურთიერთობებში დღეს მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენ ოფიციალურად ვიწყებთ მოლაპარაკებას ასოცირების დღის წესრიგზე. ეს არის დოკუმენტი, რომელმაც უნდა მოამზადოს საქართველო ასოცირების ხელშეკრულების წარმატებული განხორციელებისათვის და, შესაბამისად, ჩვენ ჩამოვაყალიბებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად იმ პრიორიტეტულ მიმართულებებს, რომელიც განხორციელდება უახლოესი 3 წლის განმავლობაში. პროცესში აქტიურად იყო ჩართული ყველა სამინისტროსა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენელი საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით. შესაბამისად, დღეს საქართველოს მხრიდან იქნება საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია. ჩვენი ამოცანაა ეს პროცესი დავამთავროთ რაც შეიძლება დროულად. როგორც მოგეხენებათ, აგვისტომდე ხელი უნდა მოეწეროს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკურულებას. ამიტომ ჩვენი ამოცანაა, რომ ეს დოკუმენტი შეთანხმებული იყოს ამ თარიღისთვის. შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები იქნება წარმატებული.”

 

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის (Association Agenda) მიზანია ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებისთვის მომზადებისა და მისი ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობა.

 

ასოცირების დღის წესრიგი წარმოადგენს ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების პრიორიტეტიზაციის საშუალებას და პერიოდულად განახლებადი დოკუმენტია, რომელიც ჩაანაცვლებს ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საქართველო- ევროკავშირის სამოქმედო გეგმას.

 

ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგზე მოლაპარაკების პირველი რაუნდი საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს.  საქართველოს მხრიდან მომლაპარაკებელთა ჯგუფს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი ხელმძღვნელობს, ევროკავშირის მხრიდან კი, ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენელი დირკ შუბელი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი