ახალი ამბები

„ტელეარხი 25“-ის დამფუძნებლები და მფლობელები პროკურატურას ზეწოლაში ადანაშაულებენ

23 იანვარი, 2014 • 1589
„ტელეარხი 25“-ის დამფუძნებლები და მფლობელები პროკურატურას ზეწოლაში ადანაშაულებენ

 

 

                                               საქართველოს პრემიერ-მინისტრს

                                                           ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს

 

მოგახსენებთ, რომ ამა წლის 17 დეკემბერს მე, „ტელეარხი 25“-ის დამფუძნებელი და დირექტორი გიორგი სურმანიძე და მფლობელი ჯემალ ვერძაძე დაგვიბარეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში, სადაც, საღამოს მისულები, დილის ხუთ საათამდე გაგვაჩერეს, ყოველგვარი დაკითხვის ოქმის გაფორმებისა და შესაბამისი პროცედურების გავლის გარეშე.

 

მთელი ღამის განმავლობაში, მთავარი პროკურატურის ათამდე გამომძიებელი და მაღალჩინოსანი ჩვენზე ახდენდნენ ზეწოლას. ისინი ჩვენგან მოითხოვდნენ დაგვედასტურებინა, თითქოს 2012 წლის 24 თებერვალს „ტელეარხი 25“-ის წილების გასხვისება მოხდა საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების პირველი პირების უშუალო მონაწილეობითა და ორგანიზებით. მოითხოვდნენ, რომ დაგვესახელებინა ზურაბ ადეიშვილის, დავით ჩხატარაშვილისა და ლაშა ნაცვლიშვილის გვარები, რომლებიც ე.წ. „დანაშაულებრივი გარიგების“ ორგანიზატორებად და მფარველებად უნდა წარმოგვეჩინა.

 

პროკურატურის თანამშრომლები გვემუქრებოდნენ, რომ თუ მათ დავალებას არ შევასრულებდით, ყველაფერს დავკარგავდით და მთელ ცხოვრებას ციხეში გაგვატარებინებდნენ.

 

ბუნებრივია, ჩვენ კატეგორიულად უარვყავით რაიმე სახის საეჭვო გარიგებაში მონაწილეობა. მით უმეტეს, არანაირი საფუძველი არ გვქონდა, მსგავსი სახის შეთანხმებაში მონაწილეობა დაგვებრალებინა ჩვენთვის უცნობ დასახელებული მაღალჩინოსნებისთვის.

 

მიუხედავად იმისა, რომ თავი არ აგვირიდებია გამოძიებისთვის, პროკურატურამ რადიკალური ზომები მიიღო და 16 დეკემბრიდან აგვეკრძალა საქართველოს საზღვრების დატოვება, მაშინ როცა, გამოძიებისთვის ცნობილი იყო ჩემი საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლის აუცილებლობის შესახებ.

 

ასევე, 23 დეკემბერს დაგვიყადაღეს პირადი ქონება და ყველა საბანკო ანგარიში, სახელფასო ანგარიშების ჩათვლით.

 

ჩვენ ვამბობთ, რომ მართლაც მოხდა ტელევიზიის წილების გასხვისება და ტელევიზიის 51 პროცენტის მფლობელი გახდა ჯემალ ვერძაძე, ხოლო 49 პროცენტს ვფლობ მე. პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ წილების ცვლილება მოხდა მხოლოდ და მხოლოდ კანონის დაცვით და ამას არ მოუხდენია არავითარი ზეგავლენა არც ტელევიზიაზე და არც ტელეკომპანია “ობიექტივთან” თანამშრომლობაზე, როდესაც მათთან ერთად, სამართლიანად ვაშუქებდით საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას და ვააშკარავებდით ყოფილი ხელისუფლების უამრავ კანონდარღვევებს.

 

ჩვენ ახლაც თავისუფალი მედიის პრინციპებით ვმუშაობთ. ჩვენ ვაშუქებთ ობიექტურად, კარგსაც და ცუდსაც, და ვფიქრობთ, რომ პროკურატურის ეს უკანონობა, მედიაზე ზეწოლით არის განპირობებული.

 

პროკურატურიდან გამოსულები, ამდენი უკანონობის შემდეგ, ვფიქრობდით მოგვეწყო პრესკონფერენცია, გაგვეხმაურებინა ყველა ფაქტი. მიგვემართა საელჩოებისთვის თავშესაფრის თხოვნით, მაგრამ შემდეგ ვიფიქრეთ, რომ თქვენთვის მოგვემართა და თქვენს სამართლიანობაში დარწმუნებულები, იმედი გვაქვს, თქვენ შეაჩერებთ ჩვენს მიმართ პროკურატურის ზეწოლას.

 

სამართლიანობის აღდგენა, რომელიც თქვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მიზნად დაისახა, უდავოდ მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის. ასევე სრულად ვაცნობიერებთ, რომ ამ პროცესში პროკურატურას უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ეკისრება. მაგრამ ვფიქრობთ, ჩვენების ჩამორთმევისა და მოწმეების მიმართ განხორციელებული ზეწოლის ზემოთაღნიშნული მეთოდები ან ანგარიშების დაყადაღების მეშვეობით საარსებო წყაროების გადაკეტვა, სცდება პოლიტიკური ხელისუფლების მიერ გაცხადებულ კეთილშობილურ კურსს.

 

იმედი გვაქვს, დაინტერესდებით წინამდებარე წერილით და პირად კონტროლზე აიყვანთ აღნიშნულ საქმეს, რათა ჩვენი სახით, საქართველოში უსამართლობის მსხვერპლთა ახალი ჯგუფი არ გაჩნდეს.

 

ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს და თქვენც გვიგულეთ თქვენს გვერდში, საქართველოში დემოკრატიის განვითარების საქმეში.

 

 

პატივისცემით,

 

ტელეკომპანია „ტელეარხი 25“-ის

დირექტორი გიორგი სურმანიძე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი