ახალი ამბები

თურქეთში ერზრუმის საარჩევნო უბანთან ორი ადამიანი მოკლეს

24 ივნისი, 2018 • 3130
თურქეთში ერზრუმის საარჩევნო უბანთან ორი ადამიანი მოკლეს

საარჩევნო უბნების დახურვამდე ცოტა ხნით ადრე, ხმის მიცემის პროცესის მიმდინარეობისას თურქეთის ქალაქ ერზრუმში სისხლიანი ინციდენტი მოხდა. მოკლულია ორი ადამიანი – მათ შორის, მერალ აქშენერის “კარგი პარტიის” რაიონული ორგანიზაციის მმართველი.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია სამი დაღუპულის შესახებ, თუმცა როგორც მოგვიანებით დაზუსტდა, დაღუპულია ორი და დაშავებულია სამი ადამიანი.

ინციდენტი ერზრუმის ერთ-ერთ საშუალო სკოლასთან მოხდა, სადაც საარჩევნო უბანია გახსნილი. მთავარი ოპოზიციური “რესპუბლიკური პარტიის” ერზრუმის ორგანიზაციის მმართველის განცხადებით, ვითარება უბანზე მას შემდეგ გამწვავდა, რაც უბანზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და მმართველი პარტიის ერთ-ერთი კანდიდატი გამოჩნდნენ. ამას ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, რის შემდეგაც, მისი თქმით, ცეცხლი გაიხსნა. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად ვინ გახსნა ცეცხლი.

“კარგი პარტიის” ერზრუმის განყოფილებამ პარტიის რაიონული ორგანიზაციის მმართველის დაღუპვა უკვე დაადასტურა.

მომხდარს უკვე გამოეხმაურა ადგილობრივი საგამოძიებო უწყება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მომხდარი ორ ოჯახს შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება და არჩევნებთან კავშირი არ აქვს.

ინციდენტის არჩევნებთან კავშირი თურქეთის პრემიერ-მინისტრამ ბინალი ილდირიმმაც გამორიცხა, რომელიც მოხდარს იზმირში განცხადებისას გამოეხმაურა.

საარჩევნო უბნები თურქეთის მასშტაბით, ადგილობრივი დროით, 17:00-ზე(თბილისის დროით 18:00-ზე) დაიხურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი