ახალი ამბები

თეთრი ხმაური ვიდეოს ავრცელებს, სადაც “ბასიანის” ჩხრეკაა ასახული

22 ივნისი, 2018 • 1934
თეთრი ხმაური ვიდეოს ავრცელებს, სადაც “ბასიანის” ჩხრეკაა ასახული

თეთრი ხმაურის მოძრაობა ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ასახულია, რომ გამომძიებლები კლუბ ბასიანიდან ფინანსური დოკუმენტაციის ამოღებას ცდილობენ. ვიდეოში ჩანს, რომ ადამიანი, რომელსაც კლუბის ერთ-ერთი დაფმუძნებელი ტატო გეთია გამომძიებლად მოიხსენიებს, აცხადებს შემდეგს: “ჩხრეკას ვატარებთ”.

მანამდე შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ კლუბში ჩხრეკა არ მიმდინაროებდა და ორივე მხარის შეთანხმებით  გარკვეული დოკუმენტებს იღებდნენ.

“ამ წუთებში შსს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის თანამშრომლები კლუბ “ბასიანის” ოფისში ჩხრეკას ატარებენ. ცოტა ხნით ადრე შსს-მ მედიას განუცხადა, რომ ოფისში შესვლა არა ჩხრეკას, არამედ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დოკუმენტების გადაცემას გულისხმობდა. იხილეთ ვიდეო, სადაც ჩანს, რომ შსს ჩხრეკას ითხოვს და ამას არასწორად გაცემული განჩინების საფუძველზე აკეთებს. ჩხრეკაზე განჩინება გაცემულია 24 მაისს, როდესაც შსს-მ კლუბის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო”, – ნათქვამია თეთრი ხმაურის მიერ გავრცელებულ ვიდეოში.

კლუბ ბასიანის ერთ-ერთი დამფუძნებლი ზვიად გელბახიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ კლუბში შსს ჩხრეკას ატარებს და ბასიანის ტერიტორიიდან გარკვეული დოკუმენტაცია გააქვთ.

“ბასიანის ოფისში შსს შემოვიდა, ჩხრეკენ ოფისს, მიაქვთ ყველა დეკლარაცია. როგორც ჩანს, შოუ არ დამთავრებულა,” – წერს კლუბის ერთ-ერთი დმფუძნებელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კლუბის ტერიტორიაზე ჩხრეკის ჩატარებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ორივე მხარის შეთანხმებით გარკვეული დოკუმენტების ამოღება ხდება.

“არანაირი ჩხრეკა არ მიმდინარეობს. ორივე მხარის შეთანხმებით ხდება გარკვეული დოკუმენტების ამოღება და გაფორმდება შესაბამისი ოქმი,” – აცხადებენ შსს-ში.

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, რა მიზნით ხდება დოკუმენტაციის ამოღება, ამ ეტაპზე შსს სხვა ინფორმაციას არ ავრცელებს.

სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია “გალერისა” და “ბასიანში” 12 მაისს, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, ერთდროულად დაიწყეს. როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა მოგვიანებით უწყებამ დაასტურა, რომ კლუბის ტერიტორიაზე ამ 8 ადამიანიდან მხოლოდ ერთი ადამიანი დააკავეს. კლუბი 12 მაისის შემდეგ შინაგ საქმეთა სამინისტროს ჰქონდა დახურული და ლუქი 23 მაისს მოხსნეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი