ახალი ამბები

საპატრიარქოს უნდა ესმოდეს, რომ სარჩელი ეხება კონსტიტუციას და არა ბიბლიურ ტექსტს – ჯაფარიძე

22 ივნისი, 2018 • 6623
საპატრიარქოს უნდა ესმოდეს, რომ სარჩელი ეხება კონსტიტუციას და არა ბიბლიურ ტექსტს – ჯაფარიძე

“საპატრიარქოს უნდა ესმოდეს, რომ ჩემი და ვახტანგ მეგრელიშვილის სარჩელი ეხება კონსტიტუციას და არა ბიბლიურ ტექსტს, სადაც საპატრიარქოს შეუძლია გარკვეული ინტერპრეტაციების გაკეთება იმიტომ, რომ ეს მათი კომპეტენციაა”, – ასე ეხმაურება “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გუშინდელ განცხადებას მარიხუანის თაობაზე.

“საპატრიარქოს, ისევე როგორც ამ ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს ან ინსტიტუტს, აქვს სრული უფლება საკუთარი აზრი გამოთქვას ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში, მათ შორის, თუ ეს აზრი არის ისეთი ფუნდამენტურად მცდარი, როგორც ეს კონკრეტულად მარიხუანასთან მიმართებაში მათ მიერ დაფიქსირებული პოზიციაა”, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

“გირჩის” ლიდერი იმედს გამოთქვამს, რომ საპატრიარქოს განცხადება ზეგავლენას ვერ მოახდენს საკონსტიტუციო სასამართლოზე. ამასთან, ჯაფარიძის თქმით, ინტერესის შემთხვევაში მზადაა საკითხთან დაკავშირებით დისკუსიაში შევიდეს საპატრიარქოს წარმომადგენლებთანაც.

“კონსტიტუციის ტექსტების ინტერპრეტაციის უკანასკნელი ინსტანცია ამ ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლოა და ჩვენ სარჩელი სწორედ იქ გვაქვს შეტანილი. მგონია, რომ სასამართლომ ის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომელიც კონსტიტუციიდან გამომდინარეობს.”, – ამბობს ჯაფარიძე.


საპატრიარქო გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე საქმეს 70 გრამამდე მარიხუანის ლეგალიზების თაობაზე და განაცხადა, რომ მარიხუანის ლეგალიზება ყოვლად დაუშვებელია.

21 ივნიისს გამართულ სხდომის ოქმში ვკითხულობთ:

“როგორც ცნობილია, მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა ნარკოტიკული ნივთიერების, მარიხუანის (კანაფის) 70 გრამამდე ფლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმების თაობაზე. რაც ფაქტიურად ამ ნარკოტიკის ლეგალიზაციას ნიშნავს. ეს ლოგიკურად აყენებს ამ ნარკოტიკის მოპოვების ლეგალური გზების მოძებნის საკითხს და ეს ყველაფერი საბოლოოდ საქართველოში მარიხუანის (კანაფის) ლეგალური ნებადართული კულტივაციის ნიადაგს შექმნის, რაც ყოვლად მიუღებელია.

ეკლესია არასოდეს უჭერდა მხარს ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ პატიმრობის შეფარდებას, მაგრამ მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნარკოლიბერალიზაციასთან დაკავშირებით უკვე მიღებული გადაწყვეტილება დიდი საფრთხის შემცველია და სერიოზულ ბიძგს აძლევს ნარკოტიკების ფართოდ გავრცელებასა და მოხმარებას.

კანაფის დამზადების ნებართვა კი, ფაქტიურად, ნარკოვაჭრობის ლეგალიზებაა, რაც ქვეყანას უმძიმეს შედეგებს მოუტანს.

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესი განუხრელად უნდა იყოს დაკავშირებული ნარკოტიკებით მოვაჭრეთა და გამავრცელებელთა მიმართ უმკაცრესი სამართლებრივი ზომების გატარებასთან და სახელმწიფოს მხრიდან შემდეგი ნაბიჯების გადადგმასთან (რაც ადრე საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშიც დაფიქსირდა):

ა) ქვეყანაში დროულად უნდა შეიქმნას სათანადოდ მოწყობილი სპეციალური სარეაბილიტაციო ცენტრები, სადაც ნარკომანიით დაავადებულ ადამიანებს გამოსწორების საშუალება ექნებათ.

ბ) ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით საჭიროა მედიასაშუალებების აქტიური ჩართულობა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით ჩამოყალიბდეს საზოგადოებრივი აზრი;

გ) აუცილებელია სასწავლებლებში სპეციალური კურსის შემოღება, რომ ახალგაზრდებმა გააცნობიერონ, რას უქადის მათ ჯანმრთელობას ნარკოდამოკიდებულება და შეექმნათ უარყოფითი განწყობა;

დ) გამკაცრდეს ზომები ნარკოტიკების უკანონო შემოტანასა და გავრცელებასთან მიმართებაში; ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და, განსაკუთრებით, არასრულწლოვანთა წრეში მის მოხმარებასთან დაკავშირებით;

ე) ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს ნარკოდამოკიდებული ადამიანების სამუშაოთი უზრუნველყოფის საკითხი” ,- წერია სხდომის ოქმში.

მასალების გადაბეჭდვის წესი