ახალი ამბებისაზოგადოება

ვიდეოთამაშებზე დამოკიდებულება – ახალი დაავადება და გამოწვევა მსოფლიოსთვის

20 ივნისი, 2018 • 7800
ვიდეოთამაშებზე დამოკიდებულება – ახალი დაავადება და გამოწვევა მსოფლიოსთვის

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კომპიუტერულ და ვიდეოთამაშებზე დამოკიდებულება დაავადებათა კლასიფიკაციას დაამატა. განსხვავდება თუ არა ტექნოლოგიურ განვითარებასთან დაკავშირებული დამოკიდებულება აქამდე არსებული დამოკიდებულებებისგან, როგორიცაა ნარკოტიკები ან აზარტული თამაშები? რა მიზეზები აქვს მას? რა არის საუკეთესო საშუალება ვიდეოთამაშებზე დამოკიდებულების დასაძლევად?

პირველი ცნობები იმის შესახებ, რომ კომპიუტერულ და ვიდეოთამაშებზე დამოკიდებულება დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში მოხვდებოდა, 2018 წლის იანვარში გავრცელდა. დაავადებათა კლასიფიკაციის განახლება რამდენიმეეტაპიანი პროცესია. კლასიფიკაციის ბოლო ვერსია 1992 წელს გამოქვეყნდა. კლასიფიკაციის გადახედვა კი რამდენიმე წლის წინ დაიწყო. კლასიფიკაციას ასამბლეაზე დასამტკიცებლად წევრი ქვეყნები 2019 წლის მაისში მიიღებენ, ხოლო ძალაში 2022 წლიდან შევა.

აქამდე ვიდეო და კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულება/აშლილობა ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის მიერ შემუშავებულ კლასიფიკაციაში მოხვდა, ის სიას 2013 წელს დაამატეს. ეს სია აერთიანებს ფსიქიკური და ქცევით აშლილობების ჩამონათვალს. სპეციალისტების მიიჩნევდნენ, რომ აუცილებელი იყო კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულების ფენომენის შემდგომი შესწავლა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ კომპიუტერულ და ვიდეოთამაშთან დაკავშირებული აშლილობის აღმოჩენა შესაძლებელია კლინიკური გამოვლინებით. ასევე, ჩამოყალიბებულ დამოკიდებულებასთან გვაქვს საქმე, როდესაც თამაშის სიხშირე და ბუნება აუარესებს ადამიანის პირად, სოციალურ, საგანმანათლებლო და სამსახურეობრივ ფუნქციონირებას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, დამოკიდებულებაზე შეიძლება ვისაუბროთ მაშინ, თუ ეს მდგომარეობა გადაბმულად გრძელდება მინიმუმ 12 თვის განმავლობაში, თუმცა ეს ვადა შეიძლება შემცირდეს, თუ თამაშზე დამოკიდებულების ფორმები განსაკუთრებით ხელშესახებია.

ფსიქოთერაპიის სახლის, “კამარას” ფსიქოლოგი სალომე ფანჯიკიძე ამბობს, რომ აუცილებელია განვასხვავოთ, როცა ადამიანი ერთობა კომპიუტერული თამაშებით და როცა ის დამოკიდებულია ამ თამაშებზე. ფსიქოლოგი გვეუბნება, რომ ადამიანი შეიძლება ჭარბად თამაშობდეს, თუმცა ის დამოკიდებულად ვერ ჩაითვლება:

“დამოკიდებულებას ჩვენ ვეძახით მხოლოდ იმ მდგომარეობას, როდესაც ადამიანის ცხოვრება იცვლება ფუნდამენტურად. ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, თუ რაზეც არის ის დამოკიდებული. თამაშზე დამოკიდებულება განსაზღვრავს მისი ცხოვრების ტემპს, რიტმს, მოცემულობას. როდესაც თამაში იკავებს მთავარ ადგილს ცხოვრებაში, პრიორიტეტებში ის არის მთავარი. თუ ადამიანი მუშაობს, შეყვარებული ჰყავს და უბრალოდ მისი გართობა ჭარბადაა დაკავშირებული თამაშთან. ის დამოკიდებული არ არის, ის უბრალოდ ერთობა”, – ამბობს ფსიქოლოგი ნეტგაზეთთან საუბრისას.

“როდესაც სახლში ვბრუნდებოდი პარასკევს საღამოს, ვჯდებოდი ჩემს კომპიუტერთან და კვირას საღამომდე ვიჯექი. ვიღებდი ამფეტამინებს, რომ არ დამძინებოდა, არ ვწყვეტდი თამაშს და მხოლოდ ტუალეტის საჭიროებისთვის ვდგებოდი კომპიუტერიდან. მან მთელი ჩემი ცხოვრება მოიცვა. მართალია, სახლში ვიყავი ფიზიკურად, მაგრამ არავისთვის არ ვარსებობდი, რადგან არ შემეძლო ჩემი შვილებისთვის მიმეხედა” – ამბობს გარდიანის სტატიის გმირი იანი, რომელმაც ოჯახიც და სამსახურიც დაკარგა კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულების გამო.

კომპიუტერთან დაკავშირებული რისკები ასევე გულისხმობს ფიზიკური ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხეებსაც, რადგან დამოკიდებულება დაკავშირებულია დაბალ ფიზიკურ აქტივობასთან, არაჯანსაღ კვებასთან, მხედველობისა და სმენის პრობლემებთან, კუნთოვანი ქსოვილის სიჯანსაღის დარღვევასთან, ძილის რეჟიმის დარღვევასთან, აგრესიულ ქცევასთან და დეპრესიასთან.

ფსიქოლოგი სალომე ფანჯიკიძე ამბობს, რომ როდესაც დამოკიდებულების ფსიქოლოგია ყალიბდება ადამიანში, მართალია, ეს ქცევითი ჩვევაა, მაგრამ მას ფსიქოლოგიური საფუძველი აქვს:

“ყველაფერი მაინც ნიშნავს საიდანღაც გაქცევის სურვილს, ერთი მდგომარეობიდან მეორე მდგომარეობაში გადანაცვლების სურვილს. ადამიანს აქვს ფსიქიკური მდგომარეობა, რასაც სახელს ვერ არქმევს, მაგრამ ფსიქიკა ცდილობს, რომ ამ მდგომარეობას თავისით უმკურნალოს. თავისით მკურნალობა ძალიან ხშირად გამოიხატება დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში, რაც ნიშნავს გაექცეს მის შფოთვით და არასასურველ მდგომარეობას. თამაშით ბავშვი მოწყვეტილია რეალობას და თავის უსუსურობებს თამაშში ახორციელებს. თამაშში მას შეუძლია იყოს უფრო ძლიერი, თამამი, თავდაჯერებული. ეს არის სინამდვილეში რეალობის ჩანაცვლება”, – ამბობს ფანჯიკიძე.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია კვლევებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ვიდეოთამაშებთან დაკავშირებული აშლილობა ვიდეოთამაშების მომხმარებლების მცირე რაოდენობას აწუხებს. გასართობი კომპიუტერული პროგრამების ასოციაციის მონაცემების თანახმად, მსოფლიოში 2.6 მილიარდი ადამიანი თამაშობს ვიდეოთამაშებს.

ნიუ-იორკ ტაიმსი წერს, რომ ვიდეოთამაშების ინდუსტრიის შემოსავლების ზრდას ყოველწლიურად 31%-ით გეგმავენ, რაც სამ წლის განმავლობაში 180–მილიარდიან ზრდას ნიშნავს. ბოლოს გამოსულმა თამაშმა, სადაც მოთამაშეები აპოკალიპტური შტორმის წინააღმდეგ იბრძვიან, ერთ თვეში 300 მილიონის მოგება მოიტანა.

სპეციალისტები საუბრობენ იმის შესახებაც, რომ ვიდეოთამაშების ინდუსტრია ძალიან სწრაფად ვითარდება, შესაბამისად, ჩნდება ახალი გამოწვევები, არა მხოლოდ კომპიუტერული, ასევე მობილური შესაძლებლობა, ადამიანმა მუდმივად ითამაშოს. შესაბამისად, ვერ ესწრება სათანადოდ დამოკიდებულების კვლევა და მასზე რეაგირების ეფექტურად განსაზღვრა. ამ მოსაზრებას არ იზიარებს ფსიქოლოგი სალომე ფანჯიკიძე, ის ამბობს, რომ ყველა ეპოქას თავის გამოწვევა აქვს და ამ შემთხვევაში ეს არის ვიდეოთამაშები.

“ეს ყოველთვის აქტუალურია ყველა დროში და ეპოქაში. არ არის გასაკვირი ვიდეოთამაშებზე დამოკიდებულება, რადგან ამის საფუძველი ყოველთვის ერთი და იგივეა და ყოველთვის ცნობილია. უბრალოდ, ის, რომ ტექნოლოგიურად ახალი რამ შემოვიდა, რაზეც გახდა შესაძლებელი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ეს არის მხოლოდ ერთადერთი ცვლილება”.

მისივე თქმით, ვიდეოთამაშები ძირითადად მოზარდებისთვის წარმოადგენს გამოწვევას, ხოლო ზრდასრულები დამოკიდებულებას აზარტულ თამაშებისადმი ავლენენ. ფსიქოლოგი ამბობს, რომ ზოგიერთი მშობლის ტაქტიკა, აუკრძალოს შვილს თამაში ან მოაშოროს სათამაშო მოწყობილობას, სწორი არა არის:

“ეს არის ძალადობა ადამიანის ფსიქიკაზე. თუ დამოკიდებულების საფუძველს არ მოუვლიან, გაჯეტის გადაგდება ამ საფუძველს არ მოხსნის და შეიძლება უფრო გააღრმაოს პრობლემა. საკითხის მოსაგვარებლად უნდა ჩართონ ფსიქოლოგი. როდესაც მშობლები ამჩნევენ, რომ მათ შვილს დამოკიდებულება უყალიბდება, უნდა იცოდნენ, რომ დამოკიდებულების საფუძველში არის სხვა პრობლემა და ამ პრობლემას უნდა მიხედვა და არა ქცევას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი