ახალი ამბები

იზორია: საქართველო აშშ-ისგან “სტინგერებს” მიიღებს

20 ივნისი, 2018 • 5581
იზორია: საქართველო აშშ-ისგან “სტინგერებს” მიიღებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ლევან იზორიას თქმით, საქართველოს აშშ-ისგან ანტისაჰაერო თავდაცვით სისტემებს – “სტინგერებს” მიიღებს. ამის შესახებ მან პარლამენტში, კომიტეტების გაეერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

იზორიას თქმით, “ჯაველინების” გადმოცემის შემდეგ აღნიშნული გეგმა, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერა, თავდაცვის სფეროში განხორციელებული პოლიტიკის სისწორესა და აშშ-ის მიერ მის აღიარებაზე მიუთითებს.

“სტინგერი” ამერიკული წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსია, რომელიც შეიარაღებაში 1981 წლიდან შევიდა. ის არაერთი სამხედრო კონფლიქტის, მათ შორის სსრკ-ავღანეთის, იუგოსლავიისა და ირან-ერაყის ომის დროს გამოიყენეს. აშშ-ის გარდა, სისტემები ევროპის, აზიისა თუ აფრიკის არაერთი სახელმწიფოს სამხედრო შეიარაღებაში ირიცხება. “სტინგერი” წინამორბედ კომპლექსებზე მსუბუქია, დაფარვის მანძილით(8კმ) კი მნიშვნელოვნად აღემატება მათ. სისტემის გამშვები ბლოკის ფასი $40 000-ს აღწევს.

ლევან იზორიას არ დაუკონკრეტებია სისტემების შესყიდვის ვადები.

მანამდე, მიმდინარე წლის იანვარში, საქართველომ ტანკსაწინააღმდეგო სისტემა “ჯაველინი”  მიიღო. 410 რაკეტა და 72 გამშვები ბლოკი ქართულმა მხარემ აშშ-ისგან 75 მილიონ დოლარად შეიძინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი