ახალი ამბებიკომენტარი

„პოლიციას არ სურს დათმოს მკაცრი ნარკოპოლიტიკა, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი“

19 ივნისი, 2018 • 2089
„პოლიციას არ სურს დათმოს მკაცრი ნარკოპოლიტიკა, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი“

 გიორგი მშვენიერაძე, “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” თავმჯდომარე:

რატომ ისჯება საქართველოში 4 აბი ექსტაზის პირადი მოხმარების მიზნით ფლობა უფრო მკაცრად, ვიდრე არასრულწლოვანზე ძალადობა?შეკითხვა რიტორიკულია და პასუხს ნაწილობრივ თავადვე შეიცავს. ამის გამომწვევი ბევრი მიზეზია, თუმცა მე მხოლოდ ორ მათგანზე შევჩერდები:

  • მოძველებული წარმოდგენები არსებული ნარკოპოლიტიკის ეფექტიანობასთან დაკავშირებით

სახელმწიფოს და საზოგადოების ნაწილს დღემდე მიაჩნია, რომ მკაცრი ნარკოპოლიტიკა და ნარკოტიკების გამოყენებაზე მაღალი სანქციები ამცირებს ნარკომომხმარებელთა რაოდენობას. რიცხვები, სტატისტიკა და სხვა ქვეყნების გამოცდილება სხვა რამეს გვიჩვენებს. ხელისუფლება, ნაცვლად იმისა, რომ გააცნობიეროს არსებული ნარკოპოლიტიკის შედეგები და რადიკალურად განსხვავებული გზები აირჩიოს ნარკომანიის წინააღმდეგ საბრძოლველად, სამწუხაროდ, იმავე გზას მიჰყვება, რასაც ყველა მისი წინამორბედი, რადგან ჰგონია, რომ სხვა შეცდა მისი განხორციელების ეტაპზე, მაგრამ თავად არ ცდება. ეს დამოკიდებულება ყველაზე კარგად არის ახსნილი ამ ერთწუთიან ვიდეოში.

  • მოქმედი ნარკოპოლიტიკა, როგორც სამართალდამცავი ორგანოების ხელში არსებული  გამოსადეგი და მარტივი მექანიზმი ოპერატიული საქმიანობისთვის

ყველაზე მეტად არსებული ნარკოპოლიტიკის დათმობა სამართალდამცავი ორგანოების საშუალო და დაბალი რგოლის თანამშრომლებს ეძნელებათ – მათთვის ოპერატიული ინფორმაციის მოპოვების ერთ-ერთ ძირითად წყარო ნარკოდამოკიდებულ პირებთან არსებული „გარიგებებია“. ამავდროულად, ნარკოტესტირება, სანქცირება, „ჩადება“ ის მექანიზმებია, რომლებსაც „დაუმორჩილებელი“ პირების დასასჯელად დღემდე აქტიურად იყენებს პოლიცია. შესაბამისად, ცვლილებები ნარკოპოლიტიკაში, მისი ჰუმანიზაცია, სწორედ მათი საქმიანობის „ეფექტიანობას“ ემუქრება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პოლიციას არ სურს დათმოს მკაცრი ნარკოპოლიტიკა, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი.

მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ქმედების დასჯადად გამოცხადება რაციონალურ საჭიროებას უნდა ეფუძნებოდეს და მხოლოდ მაშინ უნდა იყოს შესაძლებელი, თუ ადამიანის ქცევა სხვას აყენებს ზიანს და არა საკუთარ თავს. დასავლური ცივილიზაცია, რომლის ნაწილი ჩვენც ვართ, ადამიანის ინდივიდუალიზმის აღიარებას ეფუძნება. ადამიანი თავად არის საკუთარი თავის ბატონ-პატრონი და პასუხისმგებელი მისი ქცევის შედეგად დამდგარ უარყოფით შედეგებზე.

ამავდროულად, თუ ის საკუთარი ქცევით ზიანს აყენებს სხვა ადამიანებს, მათ ჯანმრთელობას, საკუთრებას და ა.შ. კანონმდებლობა შესაძლოა მსგავს ქმედებას დასჯადად აცხადებდეს.

რა არის ნარკოტიკის მოხმარების დასჯადობის მიზანი? ალბათ, პირველ რიგში, სწორედ იმ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, ვინც შესაძლოა მოიხმაროს ნარკოტიკი. რამხელა ცინიზმია, როცა სახელმწიფო ციხეში სვამს ადამიანის იმისთვის, რომ მან უარი თქვა საკუთარი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ სახელმწიფოს ხედვაზე.

უფრო მეტიც, თუ ეს ადამიანი ნარკოტიკს მაინც მოიხმარს და მიხვდება, რომ შესაძლოა ზედოზირება მოუვიდა, მას არჩევანის გაკეთება მოუწევს შესაძლო ლეტალურ შედეგსა და ექიმის გამოძახებას შორის, რომლის ვიზიტსაც შესაძლოა მისი დასჯაც მოჰყვეს. სამწუხაროდ, ამ დროს ადამიანს ხშირად ჰგონია, რომ ეგებ „გამოძვრეს“, მაგრამ…

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სახელმწიფო ადამიანს სჯის იმისთვის, რომ არ მოიხმაროს ნარკოტიკი, რათა დაიცვას საკუთარი სიცოცხლე; ზედოზირების შემთხვევაში სწორედ ამ სასჯელის შიშით გაურბის ექიმის გამოძახებას, რაც ხშირად მისი სიკვდილით სრულდება. მსგავსი კანონი არამხოლოდ იმიტომ არის უვარგისი, რომ ადამიანს საკუთარი თავისადმი ზიანის მიყენების გამო სჯის, არამედ იმიტომაც, რომ უკუშედეგს იწვევს. თუ სახელმწიფოსთვის მართლა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაა მიზანი, ის ამის საპირისპიროდ უნდა მოქმედებდეს.

_________________

სოციალური კამპანია „ზრუნვა დასჯის ნაცვლად“

კამპანიის მხარდამჭერია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი