ახალი ამბები

ბახტაძე: შემდეგი თვიდან მეხანძრეებს ხელფასები გაეზრდებათ

19 ივნისი, 2018 •
ბახტაძე: შემდეგი თვიდან მეხანძრეებს ხელფასები გაეზრდებათ

საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრეებს ხელფასები გაეზრდებათ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე განაცხადა.

“…ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ვზრდით ხელფასს ჩვენი მეხანძრეებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ადამიანთა ის ჯგუფი, რომელიც 24 საათი დგას სადარაჯოზე, ახდენს ძალიან მნიშვნელოვანი რისკების პრევენციას ჩვენი ქვეყნისთვის და, შესაბამისად, რა რესურსიც ახლა გამოვძებნეთ, ვაპირებთ და უკვე შემდეგი თვიდან მეხანძრეევბს ხელფასები გაეზრდებათ”, – აღნიშნა მან.

ბახტაძეს არ დაუკონკრეტებია, რამდენით გაიზრდება მეხანძრეთა ანაზღაურება.

მანამდე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ 1 ივლისიდან ქვეყანაში 13 200 პოლიციელს ხელფასი 250 ლარით გაეზრდება. ეს განცხადება გახარიამ პარლამენტში, კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

დღეს, 19 ივნისს, საქართველოს პარლამენტში პრემიერობის კანდიდატ მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილ მთავრობის შემადგენლობას უსმენენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი