ახალი ამბები

კვირიკაშვილი: პროცესი არ იძლევა ჰიპერინფლაციაზე საუბრის საფუძველს

18 იანვარი, 2014 •
კვირიკაშვილი: პროცესი არ იძლევა ჰიპერინფლაციაზე საუბრის საფუძველს

” განსაკუთრებული ცვლილებები ინფლაციის კუთხით არ არის მოსალოდნელი. ამის ობიექტური მიზეზები არ არსებობს, იმიტომ, რომ ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეზერვები იძლევა ამსოლუტურ საშუალებას, ეს არის დაახლოებით 2 მილიარდ 800 მილიონი ლარი, რომ იმ ფარგლებში გაკონტროლდეს ინფლაცია, რა ფარგლებშიც არის დაგეგმილი”. – განცხადა ეკონომიკის მინიტრმა “ბიზნესკურიერში” სტუმრობისას. 

 

ჟურნალისტის შეკითხვაზე, მთავრობის დაშვებით ხდება თუ არა ინფლაციასთან დაკავშირებული პროცესები და რატომ არ ერევა მთავრობა ინფლაციის შესაჩერებლად, გიორგი კვირიკაშვილმა უპასუხა, რომ ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი ორგანოა და მისი პრეროგატივა გადაწყვეტილების მიღება ჩარევასთან დაკავშირებით. 

 

“ჩვენ არ ვახორციელებთ ინტერვენციებს, ამას აკეთებს ეროვნული ბანკი. მთავრობის დაშვებით არანაირად არ არის. ეროვნული ბანკი ორგანული კანონის მიხედვით, დამოუკიდებელი ორგანოა და ჩვენ არანაირად არ გვაქვს პრეტენზია, რომ აქ ერთიანი პოლიტიკაა. ეროვნულ ბანკს აქვს ამისი პრეროგატივა, რომ გადაწყვიტოს, როდის ჩაერიოს და როდის არა. ეროვნული ბანკის პრეზიდენმა გააკეთა განცხადება, რომ თუ ინფლაციის მაჩვენებლების ცვლილება მიიღებს არაკონტროლირებად ხასიათს, ისინი მოახდენენ ინტერვენციას. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ფასები ცვლილება მტკივნეულია მოსახლეობისთვის და მე აბსოლუტურად მესმის იმ ადამიანების, ვისაც ეროვნულ ვალუტაში აქვს შემოსავალი და ვალდებულებები აქვს უცხოურ ვალუტაში. რა თქმა უნდა, ეს მათთის მტკივნეულია, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის ეროვნული ბანკის პოლიტიკა. ეს პროცესი არანაირად არ წავა შორს და არც იმის საფუძველს იძლევა, რომ ჰიპერინფლაციაზე ვისაუბროთ და არაკონტროლირებად გაცვლით კურსზე. მე მგონია, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოა ამგვარი პროგნოზი”.– განაცხადა მინისტრმა. 

 

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 17 იანვრის ოფიციალური კურსით 1 აშშ დოლარი –1,7678 ლარია, 1 ევრო– 2,4072 ლარი. 16 იანვრისთვის განსაზღვრულ კურსთან შედარებით ლარი აშშ დოლარის მიმართ 0,0106 პუნქტით გაუფასურდა, ხოლო ევროს მიმართ – 0,0137 პუნქტით.


ეროვნულმა ლარმა გაუფასურება აშშ დოლართან მიმართებაში 2013 წლის ნოემბერში დაიწყო. 7 ნოემბერს ლარის კურსმა ორწლიანი რეკორდი მოხსნა და აშშ დოლართან მიმართებაში 1.6792 ნიშნულზე დაფიქსირდა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი