ახალი ამბები

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას წულუკიანმა ანა სუბელიანს მემორიალზე ცეკვა წამოაძახა

19 ივნისი, 2018 • 7611
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას წულუკიანმა ანა სუბელიანს მემორიალზე ცეკვა წამოაძახა

რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე თეა წულუკიანმა “ევროპული საქართველოს” წევრის, ელენე ხოშტარიას კითხვას უპასუხა, რომელიც ანა სუბელიანისა და თამაზ ახობაძის სასამართლო დავას ეხებოდა. დეპუტატი დაინტერესდა, რატომ არ აღადგინეს ისინი თავიანთ თანამდებობებზე სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად.

წულუკიანის თქმით, ამ კითხვას პასუხი არაერთგზის გასცა, თუმცა ანა სუბელიანმა მას არ მოუსმინა, “რადგან მემორიალზე ცეკვავდა”.

“…სასამართლომ ერთ მშვენიერ დღეს ჩათვალა, რომ მოქალაქე სუბელიანი და მოქალაქე ახობაძე იყვნენ მართლები და მათ, დიახ, ჩემ მიერ გატარებული რეფორმების წყალობით იუსიტიციის სამინისტროს სისტემას მოუგეს სასამართლო დავები სამივე ინსტანციაში. ახლა ქალბატონი ეკა გიგაური, სუბელიანი და სხვები, რომლებიც უგებენ იუსტიციის სამინისტროს რეფორმირებულ სასამართლოში დავებს, არიან უკმაყოფილო ამ სასამართლოთი. ამიტომ, უნდა ავირჩიოთ, რა გვინდა; სასამართლო დავებს თუ ვიგებთ, რატომ არის სასამართლო ცუდი? მოკლედ, ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს, მაგრამ ამ კითხვას აუცილებლად უნდა გავცე პასუხი. ბევრჯერ გავეცი პასუხი, მაგრამ, როგორც ჩანს, ერთ-ერთი კითხვის ავტორი მემოერიალზე ცეკვავდა და არ მომისმინა”, – თქვა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თითოეულ საქმეზე ისაუბრა და ის დეტალები წარმოადგინა, რომელთა გამოც, მისი თქმით, სუბელიანი და ახობაძე თანამდებობებზე აღდგენილნი არ არიან. მან ორივე მათგანი დაადანაშაულა ფინანსური ინტერესებით მოქმედებაში.

…ქალბატონი სუბელიანი, ბატონი ახობაძე, როგორც კი სააღმსრულებლო ფურცელი შემოვიდა, მაშინვე იყვნენ მიწვეულნი აღსრულების ბიუროში და მათ დაიწყეს ვაჭრობა ფულზე და თქვეს, რომ მოგვეცით უფრო მეტი ფული და აღვასრულებთ… დიახ, ფულზე ვაჭრობა იყო. შემდეგ ჩვენ მაინც დავიწყეთ აღსრულება ამ ორი გადაწყვეტილების და ამჟამად გვაქვს სახეზე ასეთი სურათი: არცერთი ეს გადაწყვეტილება არ არის დღეს აღსრულებადი, რადგან ბატონი ახობაძის შემთხვევაში გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებასაც ის ითხოვს, არის გაბათილებული. იმ პოზიციაზე, სადაც აღდგენილი იქნა ბატონი ახობაძე, ცოცხალი ადამიანი მუშაობს. ამ ადამიანმა იჩივლა და თქვა, რომ მისი, მესამე მხარის უფლებები ირღვევა და ახლა მიმდინარე დავაა სასამართლოში. შესაბამისად, მანამ დავა არ დასრულდება, ვერ შესრულდება ეს სასამართლო გადაწყვეტილება.

რაც შეეხება ქალბატონ სუბელიანს, რომელიც ღელავს და, რა თქმა უნდა, არ სიამოვნებს პასუხები, რომლებსაც მე აქ ვიძლევი ქალბატონი ელენეს კითხვის პასუხად: ქალბატონი სუბელიანის შემთხვევაში საქმე ეხება შემდეგს: ის აღდგენილი იქნა სასმართლოს მიერ იმ პოზიციაზე, რომლიდანაც ის არ გათავისუფლებულა და უფრო მეტიც, იმ პოზიციაზე, რომელიც მოცემულ სიპ-ში არ არსებულა. ასე რომ, აღსრულების ფურცელი აღუსრულებლად დაბრუნდა და მიმდინარეობს სასამართლო დავა”, – აღნიშნა მან.


ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან 2014 წელს დაითხოვეს. მათ სასამართლოში დავა დაიწყეს. პირველი ინსტანციის სასამართლომ მათი მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მომჩივანთა მიმართ დანაშაულის პრევენციის ცენტრს მხოლოდ 4-თვიანი განაცდურის ანაზღაურება დააკისრა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა. 2017 წლის 9 მარტს სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება და დანაშაულის პრევენციის ცენტრს მათი სამსახურში აღდგენა და განაცდურის სრულად ანაზღაურება დააკისრა (დაახლოებით, 46 თვე).

იუსტიციის სამინისტრომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ საჩივარი დაუშვებლად ცნო, რაც ნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს. მიუხედავად ამისა, სუბელიანი და ახობაძე აცხადებდნენ, რომ იუსტიციის სამინისტრო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ აღასრულებდა.

აღნიშნულიდან მალევე, საქმეში კიდევ ერთი პირი – მორის ბარამია ჩაერთო, რომელსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრში თამაზ ახობაძის გათავისუფლების შემდეგ მისი ადგილი დაიკავა. ბარამიამ იჩივლა და სასამართლო განხილვის პროცესში მისი ჩართვის შუამდგომალობა დააყენა, რაც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა კიდეც. შესაბამისად, ახობაძის აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების გადაწყვეტილება ბათილად ცნო.

რაც შეეხება სუბელიანის ნაწილს, წულუკიანის უწყება აცხადებს, რომ მისი აღდგენა ვერ მოხდება, ვინაიდან რეორგანიზაციისას გაუქმდა პოზიცია, რომელზეც გათავისუფლებამდე მუშაობდა. თუმცა “ახალგაზრდა იურისტთა” ასოციაცია, რომელიც გათავისუფლებულთა ინტერესებს იცავს, აცხადებდა, რომ რეორგანიზაციას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ჰქონდა და სინამდვილეში უწყებაში რეორგანიზაციამდე არსებული პოზიციები არათუ გაუქმდა, არამედ საშტატო ერთეულები და ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

თამაზ ახობაძე და ანა სუბელიანი სასამართლო დავას განაგრძობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი