ახალი ამბები

რამდენიმეკვირიან ინტერვალში პარლამენტს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება ორჯერ მოუწევს

18 ივნისი, 2018 • 2495
რამდენიმეკვირიან ინტერვალში პარლამენტს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება ორჯერ მოუწევს

რამდენიმეკვირიან ინტერვალში პარლამენტს ორჯერ მოუწევს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება. ამის მიზეზია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის სამთავრობო პროგრამა, რომელიც მთავრობის რეორგანიზაციასა და სამინისტროების შერწყმას ითვალისწინებს.

პარლამენტი ხვალიდან დაიწყებს მოქმედი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურას. თუმცა ეს ერთგვარი ტექნიკური მთავრობა იქნება. მამუკა ბახტაძის განცხადებით, მოქმედი მთავრობა ფორმალურად დამტკიცდება, შემდეგ პარლამენტი იმსჯელებს სამინისტროების შემცირების საკითხზე და 2-3-კვირიან ინტერვალში ის ახალ მთავრობას დაასახელებს, რომელშიც ახალი სახეები იქნებიან.

„სუფთა სამართლებრივი მიზეზი აქვს იმას, რომ ჩვენ რამდენიმეკვირიან ინტერვალში გვიწევს ორჯერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება – სხვანაირად შეუძლებელი იყო ამ პროცედურის დაგეგმვა“, – ამბობს  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

“იგეგმება ცვლილებების შეტანა კანონში „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“. იგეგმება სამინისტროების შემცირება, ასევე, იგეგმება უკვე რეორგანიზაციის შემდეგ პერსონალური განახლებაც მთავრობის შემადგენლობაში. შესაბამისად, ჩვენ დაახლოებით 3 კვირაში მოგვიწევს იგივე პროცედურის ხელახლა გავლა. წარმოდგენილი იქნება ახალი სტრუქტურის შესაბამისად ახალი სამთავრობო შემადგენლობა, განახლდება ასევე შინაარსი სამთავრობო პროგრამის. ბუნებრივია, როდესაც დასახელდებიან ახალი მინისტრობის კანდიდატები, მათ ექნებათ საკუთარი ხედვა კონკრეტულ დარგებთან მიმართებით. შესაბამისად, განახლება შეეხება ასევე სამთავრობო პროგრამას. აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ ერთი და იგივე პროცედურა თავიდან არ გავიაროთ ორჯერ, რაც იქნება, ბუნებრივია, აზრს მოკლებული, შემოთავაზებულია, რომ ჩვენ ამ ეტაპზე შედარებით მოკლე ვადებში განვიხილოთ და გავიაროთ ეს პროცედურა და უკვე დაახლოებით 3 კვირისთავზე, როცა შემოვა საქართველოს პარლამენტში მთავრობის განახლებული შემადგენლობა, განახლებული სტრუქტურით, იქ მეტი დრო დავუთმოთ ამ პროცედურას. ეს არის შემოთავაზება და ამას ეფუძნება სწორედ შემოთავაზებული გრაფიკი, მათ შორის, ეს ვადები, რომელიც არის განსაზღვრული ამ გრაფიკით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, რამდენიმეკვირიანი ინტერვალით მთავრობისთვის ნდობის ორჯერ გამოცხადებას სამართლებრივი მიზეზები აქვს.

„მიზეზი არის სამართლებრივი. მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ ერთკვირიანი ვადა აქვს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მთავრობის შემადგენლობის დასახელებისთვის. ერთი კვირის განმავლობაში შეუძლებელია, ბუნებრივია, კანონში ცვლილებების შეტანა. იმისთვის, რომ განხორციელდეს მთავრობის რეორგანიზაცია, უნდა შევიდეს ცვლილებები მთავრობის შესახებ კანონში. ამისთვის საჭიროა პროექტის შემუშავება, საჭიროა მთავრობის სხდომის ჩანიშვნა და ასევე, საჭიროა კანონპროექტის ინიცირება, შემდეგ- სამი მოსმენით განხილვა. მიდის კანონპროექტი პრეზიდენტთან, ბრუნდება უკან, ქვეყნდება კანონპროექტი და ასე შემდეგ. ამ პროცედურების გავლა შეუძლებელია, ბუნებრივია, ერთი კვირის განმავლობაში და ეს არის სამართლებრივი მიზეზი, რის გამოც ჩვენ გვიწევს სამკვირიანი თუ ოთხკვირიანი ინტერვალით, ორჯერ ნდობის გამოცხადება მთავრობისთვის. მიზეზი, კიდევ ერთხელ, მდგომარეობს კანონმდებლობაში, კონსტიტუციაში. ერთი მესამედის განახლება იწვევს ავტომატურ რეჟიმში მთავრობისთვის ხელახლა ნდობის გამოცხადებას. სუფთა სამართლებრივი მიზეზი აქვს იმას, რომ ჩვენ რამდენიმეკვირიან ინტერვალში გვიწევს ორჯერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება. სხვანაირად შეუძლებელი იყო ამ პროცედურის დაგეგმვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

მმართველი პარტიის ზემოხსენებულ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. მისი თქმით, ასეთი ლოგიკით სახაჭაპურეც კი არ იმართება.

“თუ კიდევ რამე გამიკვირდებოდა ამ დღეებში, ნამდვილად არ მეგონა. საჭიროა, სასწრაფოდ, მთავრობას თუ დასახელებულ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ვინმემ კონსტიტუცია მიაწოდოს და კონსტიტუციას ჩახედონ. და ყველა, ვინც ამაზე საუბრობს, ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს იმაზე, რომ ეს ქვეყანა იმართება კონსტიტუციით. რას ნიშნავს, ცოტა ხანი დავამატკიცებთ და მერე სხვა რაღაცას გავაკეთებთ და მერე კიდევ დავამტკიცებთ. ნამდვილად არ მეგონა, თუ ამ დღეებში კიდევ რამე გამიკვირდებოდა… თუ ის კანონი არ მიიღეს სტრუქტურულ ცვლილებებზე, ასე, ცოტა ჰაიჰარად დამტკიცებული მთავრობა უნდა დარჩეს სახელმწიფოს?” – ამბობს დავით უსუფაშვილი “რუსთავი 2″-სთვის მიცემულ ინერვიუში.

უსუფაშვილის თქმით, ერთადერთი იმედი ახლა პარლამენტზეა:

“ამიტომ ერთადერთი იმედი ახლა პარლამენტზეა, იქნებ პარლამენტში მაინც ეყოს ვინმეს ცოდნაც, სახელმწიფოებრივი აზროვნებაც, მიდგომაც და ახალ პრემიერს თუ პრემიერობის კანდიდატს განუმარტოს, რა საქმეს ჰკიდებს ხელს,რა ჩარჩოებში უნდა ჩასვას თავისი თავიც და მთავრობაც და რა შემთხვევაში შეძლებს ქვეყნის ასე თუ ისე გაძღოლას“ – ამბობს “შენების მოძრაობის ლიდერი” ტელეკომპანია “რუსთავი 2″-თან.


დღეს პრემიერობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ არ წარადგინა მომავალი მთავრობის განახლებული შემადგენლობა.

ბახტაძის განმარტებით, მისი სამთავრობო პროგრამა, რომელიც უკვე მზად არის, ითვალისწინებს 14 სამინისტროს 11-მდე შემცირებას, თუმცა დღეს არსებული კანონმდბელობიდან გამომდინარე მინისტრობის 11 კანდიდატს ვერ დაასახელებდა, რადგან სამინისტროების შემცირებას შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები ესაჭიროება.

ამიტომ, ბახტაძის თქმით, მთავრობის დღეს არსებული შემადგენლობა ფორმალურად უცვლელი რჩება, მას შემდეგ კი, რაც ის ნდობას მოიპოვებს, პარლამენტში ახალი საკანონმდებლო წინადადებებით წარდგებიან და სამინისტროების შემცირებას მოითხოვენ, ამის შემდეგ კი  მთავრობის ახალ შემადგენლობას დაასახელებს. ბახტაძე ამბობს, რომ მომავლ მთავრობაში ახალი სახეები აუცილებლად იქნებიან, ახალი მინისტრების ვინაობას კი საზოგადოება დაახლოებით 2-3 კვირაში გაიგებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი