ახალი ამბები

გიორგი კახიანი – ქუმსიშვილი და ჯანელიძე მთავრობაში აღარ იქნებიან

18 ივნისი, 2018 • 2377
გიორგი კახიანი – ქუმსიშვილი და ჯანელიძე მთავრობაში აღარ იქნებიან

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის თქმით, მთავრობის შემადგენლობაში, რომელიც პარლმენტს დასამტკიცებლად გაეგზავნება, ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი ქუმსიშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ ჯანელიძე არ იქნებიან.

“პარლამენტში მთავრობის იგივე შემადგენლობა იქნება მცირე განსხვავებით. სამი მინისტრი, საგარეო საქმეთა, ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროები ამჟამინდელი მინისტრის მოადგილეების სახით იქნებიან წარმოდგენილი,”-აცხადებს გიორგი კახიანი.

მისი თქმით, მიხეილ ჯანელიძე და დიმიტრი ქუმსიშვილი მთავრობის განახლებულ შემადგენლობაშიც არ იქნებიან.

დღეს, 18 ივნისს, პრემიერობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ არ წარადგინა მომავალი მთავრობის განახლებული შემადგენლობა. მამუკა ბახტაძის განმარტებით, მისი სამთავრობო პროგრამა, რომელიც უკვე მზად არის, ითვალისწინებს 14 სამინისტროს 11-მდე შემცირებას, თუმცა დღეს არსებული კანონმდბელობიდან გამომდინარე მინისტრობის 11 კანდიდატს ვერ დაასახელებდა, რადგან სამინისტროების შემცირებას შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები ესაჭიროება.

ამიტომ, ბახტაძის თქმით, მთავრობის დღეს არსებული შემადგენლობა ფორმალურად უცვლელი რჩება, მას შემდეგ კი, რაც ის ნდობას მოიპოვებს,  პარლამენტში ახალი საკანონმდებლო წინადადებებით წარდგებიან და სამინისტროების შემცირებას მოითხოვენ. ამის შემდეგ კი, ბახტაძის თქმით, ის მთავრობის ახალ შემადგენლობას დაასახელებს, მომავლ მთავრობაში კი ახალი სახეები აუცილებლად იქნებიან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი