ახალი ამბები

რა პირობით გაურიგდა წინა მთავრობას პატარკაციშვილის ოჯახი

17 იანვარი, 2014 •
რა პირობით გაურიგდა წინა მთავრობას პატარკაციშვილის ოჯახი

ხელშეკრულების დეტალებზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ისაუბრა. მისი თქმით, ეს ხელშეკრულება არის მაგალითი იმისა, თუ როგორ ახორციელებდა წინა ხელისუფლება ბიზნესზე ზეწოლას.

 

ხელშეკრულებები მორიგების შესახებ პატარკაციშვილის ოჯახსა და საქართველოს სახელმწიფოს შორის 2011 წლის 6 ივლისს გაფორმდა. 

 

ხელშეკრულებაში “ქართული მხარეს” წარმოადგენს: იუსტიციის სამინისტრო, მთავარი პროკურატურა, შსს, კუდ-ი, თავდაცვის სამინისტრო, ფინანსური პოლიცია, საგადასახადო ინსპექცია, კომუნიკაციების კომისია, თბილისის მუნიციპალიტეტი, და ამ მხარის სახელით ხელს აწერს იუსტიციის მინისტრის მაშინდელი პირველი მოადგილე თინა ბურჯალიანი.

 

ხოლო არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის ოჯახის მხარეს წარმოადგენენ ინა გუდავაძე, ლია პატარკაციშვილი, ლიანა ჟმოტოვა, ნათელა პატარკაციშვილი.

 

თეა წულუკიანის თქმით, 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ წინა ხელისუფლებამ პრაქტიკულად ტერორი აწარმოა ბადრი პატარკაცშვილის წინააღმდეგ და აღძრა სისხლის სამართლის საქმეები. ხოლო პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, 2008 წელს მისმა ოჯახმა დაიწყო ბიზნესის დაცვისთვის სამართლებრივი პროცედურები, კერძოდ, ოჯახმა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა და მოითხოვა ტელეიმედის დაბრუნება და მთაწმინდის პარკთან საიჯარო ხელშეკრულების აღდგენა, ან 400 მილიონი დოლარის კომპენსაცია.

 

თეა წულუკიანის განცხადებით, მხოლოდ ამ პირობებში, როდესაც წინა ხელისუფლებამ დაინახა, რომ შესაძლებელი იქნებოდა საერთაშორისო სამართლის მექანიზმებით ბიზნესის დაცვა, გააფორმა ხელშეკრულებები ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთან.

 

მორიგების პირობა ითვალისწინებდა 17 საწარმოსთან მიმართებაში საგადასახადო შეთანხმებების გაფორმებას, მთაწმინდის პარკზე თბილისის მუნიციპალიტეტთან იჯარის ხელშეკრულების იგივე პირობებით აღდგენას, ასევე, ოჯახს უნდა გადაცემოდა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მთლიანი ქონება; ამასთან, ეკონომიკის სამინისტრო უარს იტყოდა სანქციებზე “მაუდის ფაბრიკასთან” დაკავშირებით პატარკაციშვილის კომპანიის მიერ შეუსრულებელი საინვესტიციო ვალდებულებების გამო.

 

თეა წულუკიანის თქმით, ასეთი “იძულების პირობებში” თქვა პატარკაციშვილის ოჯახმა უარი ტელეკომპანია “იმედის” დაბრუნებაზე. ასევე, შეთანხმების მიხედვით, როგორც იუსტიციის მინისტრი ამბობს, მოხდა აგარის შაქრის ქარხნის და სხვა კომპანიების დათმობა.

 

თეა წულუკიანის თქმით, წინა ხელისუფლებამ ამ ხელშეკრულებებით აღებული ყველა პირობა შეასრულა.

 

“ჩვენი ხელისუფლება გმობს იმ მიდგომას, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის ბიზნესის და მის წინააღმდეგ განახორციელა. ეს იყო ბიზნესზე სამაგალითო ზეწოლა და ის მეთოდი, რითაც ებრძოდა იგი ბიზნესს”, – განაცხადა წულუკიანმა.

 

მისი თქმით, მხოლოდ პირუთვნელი მოსამართლის და არბიტრის შიშით წავიდა წინა ხელისუფლება დათმობაზე.

 

თეა წულუკიანის განცხადებით, ამ ხელშეკრულებებს მთავრობამ გრიფი საიდუმლო გასული წლის შემოდგომაზე მოხსნა, თუმცა მათი გასაჯაროება ვერ ხერხდებოდა ხელშეკრულების კიდევ ერთი მუხლის – კონფიდენციალობის გამო. წულუკიანის განცხადებით, ოჯახი დათანხმდა, რომ მოხსნილიყო კონფიდენციალობის მუხლიც და ამის შემდეგ მოხერხდა დღეს ხელშეკრულების გასაჯაროება.

 

პატარკაციშვილის ოჯახის ადვოკატის თქმით, ამ ხელშეკრულების დიდი ნაწილი არ შესრულდა. მათ შორის, როგორც ადვოკატი ამბობს, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის აქციები არ დაბრუნებულა და ოჯახმა ხელახლა შეიძინა ეს აქციები 80 მილიონად, ასევე, ადვოკატის თქმით, მთაწმინდის პარკთან დაკავშირებით საიჯარო ხელშეკრულების პირობები უფრო კაბალური გამოდგა ოჯახისთვის.

 

იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა დოკუმენტები, რომელიც ეხება ბადრი პატარკაციშვილის ოჯახსა და საქართველოს სახელმწიფოს შორის 2011 წლის 6 ივლისს გაფორმებულ მორიგებას. 

 

პატარკაციშვილის ოჯახსა და საქართველოს მთავრობას შორის “საიდუმლო ხელშეკრულების” თაობაზე პირველად ღიად საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა გასული წლის შემოდგომაზე. მან განაცხადა, რომ ხელშეკრულების მიხედვით, რომელსაც საიდუმლო გრიფი ადევს, მთავრობამ პატარკაციშვილის ოჯახს 400 მილიონი აშშ დოლარი გადაუხადა ტელეიმედის სანაცვლოდ. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ამ საქმეს პროკურატურა იძიებდა.

 

ივანიშვილის ამ განცხადებას მაშინვე უპასუხეს პატარკაციშვილის ოჯახიდან და განმარტეს, რომ ისინი 400 მილიონ აშშ დოლარს ითხოვდნენ კომპენსაციის სახით – “იმედისა” და “მთაწმინდის პარკის” “წართმევის სანაცვლოდ”, თუმცა საქართველოს მთავრობისგან ეს თანხა არ მიუღიათ. მათ მაშინვე დაადასტურეს, რომ ხელშეკრულება ნამდვილად იყო გაფორმებული ოჯახსა და მთავრობას შორის და გამოთქვეს მისი გასაჯაროების თანხმობა.

 

თუმცა საქართველოს მთავრობამ ეს ხელშეკრულება მხოლოდ დღეს გაასაჯაროვა.

 

საქართველოს წინა მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიუხედავად, 2012 წლის 16 ოქტომბერს ტელეკომპანია “იმედი” ისევ პატარკაციშვილის ოჯახს დაუბრუნდა, ოჯახსა და იმჟამინდელ მფლობელს შორის შემდგარი შეთანხმების საფუძველზე.

ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ მისი ნათესავის – ჯოზეფ ქეის ხელში აღმოჩნდა ტელეიმედი, თუმცა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგად საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მან ჩვენება მისცა საგამოძიებო ორგანოებს, რომ ტელეკომპანია მისგან მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიითვისეს გიგი უგულავას და დავით კეზერაშვილის მეშვეობით. ამ საქმეს ამ დროისთვის თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი