“ხვალ დილით ოჯახთან ერთად ჩვენ გავმართავთ ბრიფინგს იუსტიციის სამინისტროში, სადაც ავთენტური ვერსია ამ ხელშეკრულების ორი ნაწილის და დოკუმენტების გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ მე მთავრობის სხდომაზე მოვითხოვე შსს-ს დახმარება იმასთან დაკავშირებით, რომ თუკი ვინმე მთავრობისგან და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისგან დამოუკიდებლად განიზრახავს, რომ რაღაც გაურკვეველი ასლები რაღაცა დოკუმენტების დაარიგოს სოციალური ქსელებით თუ იმეილებით, ეს ვერ იქნება ჩათვლილი ვერავითარ შემთხვევაში ავთენტურ დოკუმენტებად და ამგვარი ადამიანები ამ გაურკვეველი ასლების მიმოქცევით დააზიანებენ ქვეყნის ინტერესს, რადგან ჩვენ, საქართველოს მთავრობა ვართ ვალდებულნი, მანამ, სანამ პროცედურები არ იქნება დაცული, ეს ხელშეკრულება, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე საათის განმავლობაში შევინახოთ კონფიდენციალურად. ამ პრინციპს იცავს აგრეთვე ოჯახი, მხარეების პოზიცია არის ასეთი და ყველას მინდა მოვუწოდო, რომ არ გააკეთოს ის, რაც დააზიანებს ქვეყნის ინტერესს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შსს-ს საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდებიან იმით, თუ ვინ არის წყარო ამგვარი დოკუმენტის ასლების გავრცელებისა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილიდან ანონიმური წყაროსგან მედიასაშუალებებს დაეგზავნა დოკუმენტები, რომლებზეც მითითებულია პატარკაციშვილის ოჯახსა და საქართველოს მაშინდელ მთავრობას შორის გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულება, თუმცა ამ ხელშეკრულებების ავთენტურობა დადასტურებული არ არის.







