ახალი ამბები

კომისიამ ბაინდურაშვილის „ენერჯი გრუპის“ რადიომაუწყებლობის ლიცენზია გააუქმა

15 იანვარი, 2014 • 860
კომისიამ ბაინდურაშვილის „ენერჯი გრუპის“ რადიომაუწყებლობის ლიცენზია გააუქმა

კომისიამ 2013 წლის 26 აგვისტოს რადიომაუწყებლობის კონკურსში გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის შესახებ და 2013 წლის 1 ნოემბრის ამ კონკურსში გამრჯვებული კომპანიისთვის, შპს „ენერჯი გრუპისთვის“, ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებები ძალადაკარგულად გამოაცხადა.

 

კომუნიკაციების კომისიამ  ამ საკითხზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 2013 წლის ნოემბერში დაიწყო. ნოემბერში მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ  კახა ბაინდურაშვილი, რომელიც წარმოადგენს შპს „ენერჯი გრუპის“ (ბრენდული სახელწოდება რადიო „ზენიტი“) დამფუძნებელს და დირექტორს, იმავდროულად, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტიც არის. კომუნიკაციების კომისია აცხადებს, რომ ლიცენზიის  გაცემის დროს ამ ინფორმაციას არ ფლობდა.

 

თუმცა ახლა კომუნიკაციების კომისია განმარტავს, რომ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა საჯარო სამართლის იურიდიულ პირია და, შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს. ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი კი არის ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი.

 

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი ცალსახად განსაზღვრავს, რომ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ შეიძლება იყვნენ ადმინისტრაციული ორგანო ან/და ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირები.

 

კომუნიკაციების კომისია აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია რადიომაუწყებლობის კონკურსის ჩატარების მომენტისთვის შპს „ენერჯი გრუპის“ მიერ წარმოდგენილ შესაბამისობის დეკლარაციაში  მითითებული არ ყოფილა.  ეს საკითხი ლიცენზიის გაცემის დროს კომისიას დამოუკიდებლად არ მოუკვლევია და საკითხის განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც ამ თემით მედია დაინტერესდა.

 

ამასთან, ბაინდურაშვილი კვლავ „TV3“ის მეწილე და დირექტორია, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით კანონმდებლობის დარღვევაა. 

კახა ბაინდურაშვილი, რადიო თავისუფლების ფოტო
კახა ბაინდურაშვილი, რადიო თავისუფლების ფოტო

მასალების გადაბეჭდვის წესი