ახალი ამბებირეკლამახელოვნება

ParaShoot – სოციალურ თემებზე გადაღებული ფილმების მარათონი დასრულდა

14 ივნისი, 2018 • 3269
ParaShoot – სოციალურ თემებზე გადაღებული ფილმების მარათონი დასრულდა

12 ივნისს კინოთეატრ “ამირანში” მოკლემეტრაჟიანი ფილმების მარათონის, ParaShoot-ის გამარჯვებულები გამოვლინეს. მარათონში მოყვარული და პროფესიონალი რეჟისორების, სცენარისტებისა და პროდუსერებისგან შემდგარი 20 გუნდი  მონაწილეობდა. “გონება პარაშუტივითაა – არ მუშაობს თუ არ გახსნი”.

მონაწილეებმა 72 საათის განმავლობაში დაგეგმეს, გადაიღეს და დაამონტაჟეს სოციალურ თემებზე მომზადებული ფილმები. მარათონის მონაწილეებს გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP ) სამი თემა შესთავაზა – დისკრიმინაცია,  მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარება და სპეციალური საჭიროების მქონე პირთა უფლებები. ხოლო ეკოლოგიის თემა – თიბისი ბანკმა.

ექსპერტთა გუნდმა გამარჯვებულები ორ კატეგორიაში გამოავლინა: პროფესიონალები და მოყვარულები. პროფესიონალების კატეგორიაში გაიმარჯვა გუნდმა “KC”, ფილმით – “Definitions”.

Definitions -ში მოცემულია სხვადასხვა ნივთების, მათ შორის – წიგნის, სათვალის, სკულპტურის განმარტება, ბოლოს კადრში შემოდის ადამიანი და ვხედავავთ წარწერას – “შეუძლებელია განმარტო. “

კადრი ფილმიდან Definitions

მოყვარულთა შორის საუკეთესოდ სპეციალური საჭიროების პირთა უფლებების თემაზე გადაღებული ფილმი “როქი” დასახელდა. “როქი” სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებზე გვიყვება – მათ შორის უსინათლო მხატვარსა და მუნჯ მომღერალზე. ფილმი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია.

კადრი ფილმიდან “როქი”

“ძალიან საიტნერესო იყო ამ პროექტში მონაწილეობა. ფილმი დაახლოებით 10 საათში გადავიღეთ და ჩავაბარეთ. ჩვენ ვეცადეთ, რომ განსხვავებული კუთხით გვეჩვენებინა მათი ცხოვრება და შესაძლებლობები,”-  ამბობს მიშო ტატანაშვილი, “როქის” თანაავტორი.

დაჯილდოება. ფოტო: დემოკრატიის ლაბორატორია

ParaShoot-ი “დემოკრატიის ლაბორატორიამ” ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დახმარებით განახორციელა და მისი მიზანი მულტიმედიური ენით სოციალური პრობლემების გადმოცემა იყო:

“ ამბის თხრობის ასეთი  ენა სპეციალურად ავირჩიეთ, რადგან ადამიანები  ვიზუალურად მოყოლილ ისტორიებს უფრო ითავისებენ.  მარათონის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ თავისუფლად, ყოველგვარი მითითების გარეშე გადმოეცათ თავიანთი სათქმელი.   მომზადებულმა ფილმებმა ძალიან ნათლად, რამდენიმე განზომილებაში გვაჩვენა არსებული პრობლემები,” – ამბობს ნინიკო ბოჯგუა, დემოკრატიის ლაბორატორიის დამფუძნებელი.

აშშ-ს საელჩომ და გაეროს განვითარების პროგრამამ გამარჯვებული გუნდები სხვადასხვა პრიზით დააჯილდოვეს, სპეციალური პრიზები გასცეს USAID-მა, თიბისი ბანკმა, რომელიც ეკოლოგიის თემაზე მომზადებული ფილმების მხარდამჭერი იყო.

“თიბისისთვის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ეკოლოგიური პრობლემები ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევაა, განსაკუთრებით ურბანულ ნაწილში.  სწორედ ამ მისიით შემოვუერთდით პროექტს, რომ ეკოლოგიაზე მომზადებული ფილმებიდან ერთ-ერთი გამოგვერჩია, “ – ამბობს თიბისი ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი, ალექსანდრე მაყაშვილი.

თიბისი ბანკმა მონაწილეებიდან კომპანია “ეკოფილმის” ნამუშევარი “ეშმაკის ბორბალი“ გამოარჩია და გუნდი  ფულადი პრიზით დააჯილდოვა. ფილმი ერთი ცელოფნის პარკის „მოგზაურობის“ მაგალითზე გვაჩვენებს ნარჩენებით გარემოს დაბინძურების პრობლემებს.

კადრი ფილმიდან “ეშმაკის ბორბალი”

გარდა ამისა, ბანკმა გამოარჩია ფილმის “ჰაერში” მონაწილე ერთ-ერთი მსახიობი, რომელმაც თავისი როლი კარგად შეასრულა და წამახალისებელი საჩუქარი გადასცა.

დაჯილდოება. ფოტო: დემოკრატიის ლაბორატორია

ახლა პროექტის მეორე ეტაპი იწყება, ამ ფილმებს ფართო საზოგადოება ნახავს. “დემოკრატიის ლაბორატორია” საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩასვლას და ფილმების ჩვენებას გეგმავს. ფილმები აიტვირთება ინტერნეტშიც, ორგანიზაციის ფეისბუკ გვერდზე.

ParaShoot-ი ამერიკის საელჩოს პროექტია. მარათონს ატარებს დემოკრატიის ლაბორატორია. პროექტის მხარდამჭერია გაეროს განვითარების პროგრამა, პარტნიორები არიან: თიბისი ბანკი, მულტიმედია განათლების ცენტრი, ბაკურიანი, რედბული, on.ge, ლიბერალი და Hello Magazine საქართველო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი