გთავაზობთ განცხადების სრულ ტექსტს, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტრომ გაავრცელა:
ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია შპს ,,RMG Gold”-ის მიერ მადნის გროვული გამოტუტვის საწარმოო უბანზე მადნის განთავსებასა და მის გადამუშავებასთან დაკავშირებით.
გაცნობებთ, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ოქტომბერ-ნოემბერში რამდენიმეჯერ დათვალიერებული იქნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა საყდრისის მიმდებარე ტერიტორიაზე შპს ,,RMG Gold”-ის ლიცენზირებული ფართობი, სადაც სამინისტროში შემოსული ინფორმაციის მიხედვით მიმდინარეობდა მადნის გროვული გამოტუტვის საწარმოო უბნის მოწყობა. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შპს ,,RMG Gold”-ის მიერ შესაბამისი მშენებლობის ნებართვის გარეშე მოწყობილი იყო გროვული გამოტუტვის საწარმოო უბანი, მათ შორის 4 აუზი, და პარალელურად მიმდინარეობდა მე-5 აუზის მოწყობა და მადნის სამსხვრევი საამქროს მონტაჟი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით, დეპარტამენტის მიერ 2013 წლის 22 ნოემბერს მასალები გადაეგზავნა ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების გამგეობებს.
იმის გათვალისწინებით, რომ იმ პერიოდისათვის ვერ იქნა მოპოვებული ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, დადგენილი იქნებოდა გარემოსდაცვითი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობა ან არარსებობა, ასევე, სხვა გარემოებები, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის, დეპარტამენტში გრძელდება ადმინისტრაციული წარმოება. საჭირო ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების შემდგომ გატარებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
2014 წლის 8 იანვარს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ კიდევ ერთხელ იქნა დათვალიერებული ზემოაღნიშნული ტერიტორია და დადგინდა, რომ საწარმოო უბნაზე რაიმე დამატებითი სამუშაოები არ იყო ჩატარებული. კერძოდ, დათვალიერების პერიოდში ტერიტორიაზე ობიექტის მშენებლობა და მადნის გამოტუტვა არ მიმდინარეობდა, რაზედაც შედგენილი იქნა შესაბამისი აქტი და გადაღებულ იქნა ფოტომასალა.
