ახალი ამბები

ქუთაისში მოქალაქეს დატყვევებული მურა დათვი ჩამოართვეს

10 იანვარი, 2014 •
ქუთაისში მოქალაქეს დატყვევებული მურა დათვი ჩამოართვეს

სამინისტრო აცხადებს, რომ სოციალურ ქსელებში და საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გაატარა ღონისძიებები  ქ. ქუთაისში, გაბაშვილის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში მოქალაქის მიერ მურა დათვის დატყვევების ფაქტზე.

 

“მურა დათვი ჩამოერთვა მფლობელს და გადაყვანილი იქნება შესაბამის თავშესაფარში დროებით, საქმის განხილვამდე. ხოლო საქმის განხილვის შემდეგ, მურა დათვი მიექცევა სახელმწიფო საკუთრებაში და იგი განკარგული იქნება  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ”, -იუწყება გარემოს დაცვის სამინისტრო.

 

მურა დათვი შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ და მისი დატყვევება აკრძალულია და ისჯება კანონით.

 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 853 მუხლის თანახმად, „საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა მოსპობა ან მათი კვერცხის ნადების, კვერცხის, ბუნაგის და სხვა ნაგებობების განადგურება, რასაც შეიძლება მოჰყვეს მათი დაღუპვა, რაოდენობის შემცირება ან საბინადრო გარემოს დარღვევა, ან/და კანონით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ შემთხვევებში ცხოველთა მოპოვება მათი მოპოვებისათვის დადგენილი შეზღუდვების ან/და პირობების დარღვევით, მათი სათანადო ნებართვის გარეშე ყიდვა-გაყიდვა ან დატყვევება –გამოიწვევს დაჯარიმებას 150-დან 850 ლარამდე, დამრღვევის პირადი საკუთრების საგნების კონფისკაციით, რომლებიც აღნიშნულ დარღვევათა ჩადენის იარაღი იყო, ან უამისოდ, მოპოვებული ცხოველების კონფისკაციით.“

 

გარემოს დაცვის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავოს გარეულ ცხოველთა დატყვევებისაგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონდარღვევის ფაქტების გამოვლენისას გატარებული იქნება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.

მასალების გადაბეჭდვის წესი