“თბილისის მერიისთვის უაღრესად მნიშვნელივანია ქალაქის ეკოლოგიასა და მწვანე საფარზე ზრუნვა, რასაც ქალაქში ამ მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები მოწმობს. მოგახსენებთ, რომ ადგილი, სადაც სასტუმროს მშენებლობა იგეგმება, კერძო საკუთრებაა და არ წარმოადგენს ვაკის პარკის ტერიტორიას. საუბარია რესტორან „ბუდაპეშტის“ ტერიტორიაზე, რომელიც 90-იან წლებში დაიწვა. ამავე პერიოდში მოხდა მისი პრივატიზირება.
თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების გადაწყვეტილებით, დაცულია კერძო მესაკუთრის ინტერესები ისე, რომ არ ხდება არსებულ ლანდშაფტში უხეში ჩარევა. პროექტით გათვალისწინებულია ტერიტორიის მოვლა-პატრონობა. მშენებელი მოვალეა იზრუნოს და განავითაროს არსებული ლანდშაფტი.
მიგვაჩნია, რომ კიდევ ერთი საერთაშორისო სასტუმროს ბრენდის შემოსვლა სწორედ ქალაქის ინტერესებს ემსახურება.
თბილისის მერია მომჩივანთა ჯგუფის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგაც ადასტურებს, რომ მიმდინარე მშენებლობა სრულად შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას. ამასთან, მათი ინტერსების გათვალისწინებით, აღნიშნულ საკითხზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა მოხდება მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში და მერიის გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი”.