ახალი ამბები

კომპანია RMG კულტურის სამინისტროს კანონის იგნორირებაში ადანაშაულებს

10 იანვარი, 2014 •
კომპანია RMG კულტურის სამინისტროს კანონის იგნორირებაში ადანაშაულებს

გთავაზობთ განცხადებას სრულად:

 

ბოლო დროს მედიასაშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია კომპანია RMG-ის სალიცენზიო ტერიტორიაზე მიმდინარე მოსამზადებელი სამთო-ტექნიკური სამუშაოების შესახებ, სადაც კომპანიას ბრალს სდებენ არაკანონიერ ქმედებაში და კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფაში. კომპანია RMG ცალსახად აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და ადგილი აქვს რეალური სიტუაციის არასწორად გადმოცემას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

 

ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მიზნით განვმარტავთ, რომ კომპანია წიაღით სარგებლობის ლიცენზიით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საყდრისის სალიცენზიო ტერიტორიაზე აწარმოებს მოსამზადებელ სამუშაოებს. ყოველგვარი საუბარი იმის შესახებ, რომ RMG თავისი ქმედებით ხელყოფს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობას ან არქეოლოგიურ ძეგლს, საფუძველს მოკლებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე:

 

  • კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მაისის N03/82 ბრძანებით შექმნილი კომისიის დასკვნის შესაბამისად, პრეისტორიულ პერიოდში ოქროს მოპოვება საყდრისის საბადოს ყაჩაღიანის უბანზე არ დასტურდება;

  • კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2013 წლის 5 ივლისის N03/108 ბრძანებით საყდრისის ობიექტს მოხსნილი აქვს “კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის” სტატუსი;

  • ზემოხსენებული ბრძანების საფუძველზე, პრეზიდენტის 2013 წლის 10 ივლისის N 563 ბრძანებულებით ობიექტს მოეხსნა  „ეროვნული მნიშვნელობის“ კატეგორია;

  • საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 ოქტომბრის N1436 დადგენილებით გაუქმდა არქეოლოგიური დაცვის ზონა.

 

ასევე აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან 2013 წლის 26 სექტემბერს  გაიმართა ამ საკითხთან დაკავშირებული სპეციალური თათბირი, რომელსაც ესწრებოდნენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, ეროვნული მუზეუმის, მეცნიერებათა აკადემიისა და კომპანია RMG-ის წარმომადგენლები და კულტურის სამინისტროსთან არსებული კომისიის ექსპერტები. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მომხდარიყო საყდრისის ობიექტის არქეოლოგიური შესწავლა და შედეგების საფუძველზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება კომპანიის მიერ ტერიტორიის  შემდგომში ათვისების მიზნით. ამავე შეხვედრაზე მეცნიერებათა აკადემიას, როგორც სამეცნიერო-მეთოდოლოგიურ საკითხებში კომპეტენტურ ორგანიზაციას, დაევალა განეხორციელებინა  ჩატარებული არქეოლოგიური კვლევის მონიტორინგი და ზედამხედველობა.  შეთანხმების თანახმად, ახალი ფაქტებისა და/ან გარემოებების არ გამოვლენის შემთხვევაში კომპანიას მიეცემოდა აღნიშნული ტერიტორიის ათვისების უფლება, ხოლო ტერიტორიაზე არსებული ღირებული არქეოლოგიური არტეფაქტები გადატანილი და განთავსებული იქნებოდა სამუზეუმო სივრცეში.

 

2013 წლის ოქტომბერ-ნოემბერში განხორციელდა საყდრისის ტერიტორიის არქეოლოგიური კვლევა და დადგინდა, რომ:

  • კვლევა მეთოდიკის სრული დაცვით განხორციელდა;

  • მთელ ტერიტორიაზე ერთგვაროვანი სურათი დაფიქსირდა;

  • ობიექტის კლდის ნაპრალებში, ჭრილებსა და კლდოვან ქანებში კულტურული ფენების არსებობა არ დადასტურდა;

  • საყდრისის ტერიტორია არქეოლოგიური თვალსაზრისით სრულიად სტერილურია;

  • ტერიტორიაზე არავითარი არტეფაქტი და ძველი მადნის დამუშავების  არანაირი კვალი არ გამოვლინდა.

 

ზემოხსენებული არქეოლოგიური კვლევის შედეგებს ადასტურებს, ერთი მხრივ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს არქეოლოგიური სამუშაოების მიმღები კომისიის 2013 წლის 9 დეკემბრის ოქმი და ამ ოქმის საფუძველზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მიერ 2013 წლის 9 დეკემბერს გამოცემული ბრძანება (N2/185) არქეოლოგიური სამუშაოების მიღების შესახებ, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის  2013 წლის  3 დეკემბრის N010107-397/493 წერილი.

 

შესაბამისად, კომპანია RMG საყდრისის საბადოს ტერიტორიას განიხილავს, როგორც კომპანიის ლიცენზიის ფარგლებში არსებულ ნებისმიერ სხვა ტერიტორიას, რომელზეც სამუშაოების მიმდინარეობისას გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულება – რაიმე არქეოლოგიური არტეფაქტის გამოვლენისას შეაჩეროს სამუშაოები და მიმართოს  დადგენილ პროცედურებს.

 

მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სრული საკანონმდებლო საფუძველი და არგუმენტაცია გააჩნია ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობი და გაუგებარი მიზეზების გამო, სამინისტრო თავს იკავებს შესაბამისი დასკვნის გაცემისაგან.

 

შედეგად, კულტურის სამინისტრო იგნორირებას უკეთებს მის მიერ ადრე მიღებულ გადაწყვეტილებებს, შესაბამის საკანონმდებლო აქტებს, აგრეთვე, ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებს. რატომღაც სამინისტრო მხედველობაში არ იღებს ტერიტორიის არქეოლოგიური კვლევის შედეგებს და ამით უსაფუძვლოდ და ხელოვნურად აფერხებს სალიცენზიო ტერიტორიის ათვისებას და მნიშვნელოვან ზარალს აყენებს როგორც კომპანიის, ასევე, სახელმწიფოს ინტერესებს. ყოველივე ეს ხელს უწყობს საზოგადოებაში გარკვეული დაძაბულობისა და დაპირისპირების წარმოქმნას.

 

ასევე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ კომპანია RMG-ისთვის მნიშვნელოვანია თითოეული დასაქმებული თანამშრომლის ბედი, რომელთა რაოდენობა 3000-ს აღწევს. არსებული გაურკვევლობის ფონზე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მათი დასაქმებისა თუ სოციალური საკითხები.

 

იმედს გამოვთქვამთ, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დროულად მოახდნს რეაგირებას, რათა საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე, კომპანია RMG-ის კი მიეცეს საშუალება გააგრძელოს სამუშაოები და ამით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი