შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც სამინისტრომ გამოაქვეყნა, 2013 წლის 9 იანვრითაა დათარიღებული, თუმცა სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს ტექნიკური შეცდომაა და სინამდვილეში დოკუმენტი გუშინ მიიღეს.
“გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 8 იანვარს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფიქსირებულ იქნა ბოლნისის მუნიციპალიტეტში საყდრისის – ყაჩაღიანის ტერიტორიაზე (არქეოლოგიური ობიექტი) მიწის მსხვილმასშტაბიანი სამუშაოები.
ვინაიდან მოცემულ ეტაპზე თქვენს კომპანიას არ გააჩნია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დადებითი დასკვნა ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების თაობაზე და ამასთან არ განხორციელებულა ტერიტორიის სრულყოფილი შესწავლა, არქეოლიოგიური ტერიტორიის დაზიანებასა და განადგურებისაგან დაცვის მიზნით სამინისტროს შესაბამისი დასკვნის მიღებამდე გთხოვთ დაუყოვნებლივ შეაჩეროთ მიმდინარე მიწის სამუშაოები”, – წერია დოკუმენტში.
RMG GOLD-ს ასევე მოუწოდეს, “კულუტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე და 29-ე მუხლების თანახმად, უზრუნველყოს ტერიტორიაზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების დაშვება არქეოლოგიური ობიექტების მდგომარეობის შესწავლისა და ფოტოფიქსაციის მიზნით.
ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში RMG GOLD-ს დაეკისრება ჯარიმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 88-ე მუხლით დადგენილი წესით. ხოლო არქეოლოგიური ობიექტის განზრახ დაზიანება ან განადგურება გამოიწვევს ბრალეული პირის პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 5591 მუხლით დადგენილი წესით.
ამ დროისთვის საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიას, სადაც RMG GOLD სამუსაობს აწარმოებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოხსნილი აქვს.