ახალი ამბები

ასლარიანი ჯარიმა და სიტყვიერი შენიშვნა საპატრიარქოსთან გამართული აქციისას დაკავებულებს

9 იანვარი, 2014 •
ასლარიანი ჯარიმა და სიტყვიერი შენიშვნა საპატრიარქოსთან გამართული აქციისას დაკავებულებს

“2013 წლის 9 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განიხილა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე ქ. თბილისში, 8 იანვარს, საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის დროს მომხდარი წვრილმანი ხულიგნობის ფაქტების შესახებ და  თორნიკე და ევგენი ქავთარაძეები, სანდრო ზაუტაშვილი და ვეფხვია ღვალაძე სამართალდამრღვევებად ცნო. სასამართლომ ს. ზაუტაშვილს  და მამა-შვილ ქავთარაძეებს ადმინისტრაციული სახდელის სახით დააკისრა ჯარიმა თითოეულს 100-100 ლარის ოდენობით, ხოლო, ვ. ღვალაძის მიმართ სასამართლო სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა”, – ამ ინფორმაციას სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს.

 

აქცია საპატრიარქოსთან
აქცია საპატრიარქოსთან

საქმის მასალების მიხედვით,  ზემოხსენებულმა პირებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს აქციის იმ მონაწილეებს, რომლებმაც პატრიარქის საშობაო ეპისტოლესთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია დააფიქსირეს.

 

სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციული დაკავებისა და სამართალდარღვევის ოქმების, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია თორნიკე და ევგენი ქავთარაძეების, სანდრო ზაუტაშვილისა და ვეფხვია ღვალაძის მხრიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენის  ფაქტი.

 

ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება მხარეებს სააპელაციო სასამართლოში  10 დღის ვადაში შეუძლიათ.

 

ნეტგაზეთმა სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასება ერთერთ დაზარალებულს, გიორგი ნონიაშვილს თხოვა. ის  “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” (EMC) თანამშრომელია.

 

ნონიაშვილი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს, რადგანაც საქმე ისევ ადმინისტრაციული პროცესით წავა და აზრი არა აქვს.

 

მისი აზრით, 8 იანვარს საპატრიარქოსთან მომხდარ ინციდენტში აშკარა ნიშნები იყო შეკრების და მანიფესტაციების შესახებ კანონის დარღვევის, რაც სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს, თუმცა პროკურატურამ ეს ასე არ მიიჩნია და სასამართლოში საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლით წაიღო.

დაზარალებული უფლებადამცველი ამბობს, რომ არ შეიძლება ადეკვატურ სასჯელად ჩაითვალოს ასლარიანი ჯარიმა, მაშინ, როცა შენზე ფიზიკურად ძალადობენ.

 

“გუშინ გავრცელდა კიდევ ერთი ადამიანის ყვირილი, რომ ჩვენ 100-100 ლარს გადავიხდით და გამოვალთო. ადამიანებს აქვთ იმედი, რომ 100 ლარს გადაიხდიან, გამოვლენ და გააგრძელებენ ძალადობას”.

 

ნონიაშვილი მიიჩნევს, ისევე, როგორც 17 მაისის შემთხვევაში, ახლაც კანონის იმპლემენტაციის არასწორ პრაქტიკას ჰქონდა ადგილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი