ახალი ამბები

GNCC- მ კახა ბაინდურაშვილს მოუსმინა

9 იანვარი, 2014 •
GNCC- მ  კახა ბაინდურაშვილს მოუსმინა

კახა ბაინდურაშვილი, რადიო თავისუფლების ფოტო
კახა ბაინდურაშვილი, რადიო თავისუფლების ფოტო

საქმე ეხება 2013 წლის 26 აგვისტოს რადიომაუწყებლობის კონკურსში გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის შესახებ და 2013 წლის 1 ნოემბრის ამ კონკურსში გამრჯვებული კომპანიისთვის, შპს „ენერჯი გრუპისთვის“, ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების საჯარო ადმინსტრაციულ წარმოებას, რომელიც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 6 დეკემბერს დაიწყო.

 

კომუნიკაციების კომისია გავრცელებულ პრესრელიზში აცხადებს, რომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას საფუძვლად 2013 წლის ნოემბრის თვეში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელებული განცხადება დაედო, რომლის თანახმადაც, კახა ბაინდურაშვილი, რომელიც წარმოადგენს შპს „ენერჯი გრუპის“ (ბრენდული სახელწოდება რადიო „ზენიტი“) დამფუძნებელს და დირექტორს, იმავდროულად, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტიც არის.  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა კი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და, შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს. ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი კი არის ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი.

ამ თემაზე 2013 წლის ნოემბერში განცხადება მედიის ადვოკატირების კოალიციამაც გაავრცელა.

 

კომისია აცხადებს, რომ ეს ფაქტები კონკურსის ჩატარების დროს უცნობი იყო.

 

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით,  მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ შეიძლება იყვნენ ადმინისტრაციული ორგანო ან/და ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირები.

 

GNCC აცხადებს, რომ შპს „ენერჯი გრუპის“ მიერ კომისიაში წარდგენილ შესაბამისობის დეკლარაციაში აღნიშნული ინფორმაცია მითითებული არ იყო.

 

8 იანვარს კომისიაში გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომას  „ენერჯი გრუპის“ წარმომადგენლების გარდა საიას [რომელიც რადიო “ჰერეთს” წარმოადგენდა] და საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

 

media.ge-ცნობით ზეპირ მოსმენაზე შპს „ენერჯი გრუპის“ იურისტმა განაცხადა, რომ სავაჭრო სამრეწველო პალატა არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ), ის საჯარო სამართლის კორპორაციაა, რასაც არ დაეთანხმა საიას იურისტი.  იმავე წყაროს ცნობით, კახა ბაინდურაშვილმა განაცხადა:

 

“მე, როგორც ამ პალატის პრეზიდენტმა, ვიცი, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოვადგენ. მთელი რიგი მაგალითები შემიძლია დაგისახელოთ, როდესაც სახემწიფო ორგანოებმა პალატა არ მიიჩნიეს ადმინისტრაციულ ორგანოდ. როდესაც ევროსერთიფიკატის გაცემის საკითხი განიხილებოდა, ევროკავშირმა ამ სერთიფიკატის გაცემის უფლება პალატას მხოლოდ იმიტომ არ მისცა, რომ ადმინისტრაციული ორგანო არ ვიყავით. გარდა ამისა, ევროპულ სამართალში სავაჭრო სამრეწველო პალატა არსად არ არის ადმინისტრაციული ორგანო”, – განაცხადა კახა ბაინდურაშვილმა.

 

კახა ბაინდურაშვილმა მოითხოვა, რომ ვინაიდან კანონის ჩანაწერი ბუნდოვანია, კომისიამ პარლამენტს მიმართოს და ნორმის განმარტება სთხოვოს.

 

საკითხის არსებითი განხილვის სხდომა კომისიაში 2014 წლის 15 იანვარს, 13:00 საათზე გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი