მე მგონი, არ შევცდები თუ ვივარაუდებ, რომ პატრიარქს (ისე, როგორც სხვა პოლიტიკურ თუ არა პოლიტიკურ ლიდერებს) თავის “სპიჩრაიტერი” ჰყავს, რომელიც ამზადებს ტექსტს და შემდეგ პატრიარქთან შეთანხმებით აყალიბებს ეპისტოლეს საბოლოო ვარიანტს.
ჩემი აზრით, საშობაო ეპისტოლეს ტექსტი შეიმუშავა ადამიანმა, ან ადამიანთა ჯგუფმა, ვისაც წარმოდგენა არ აქვს თანამედროვე მედიცინაზე და არქაული ცოდნით მსჯელობს მედიცინის მიღწევებზე. ან კიდევ უარესი – მედიცინის, როგორც მეცნიერების აზრი არ ესმის.
ციტატა
“ჰუმანისტები” მხარს უჭერენ აბორტს, ევთანაზიასა და თვითმკვლელობას.”
ჰუმანისტები ეწინააღმდეგებიან აბორტის აკრძალვას, რაც არ ნიშნავს, რომ მხარს უჭერენ აბორტს.
ევთანაზიაზე საერთო აზრი არ არსებობს, რადგან ძალაინ რთული მორალური საკითხია, ხოლო რაც შეეხება თვითმკლელობის მხარდაჭერას, მე მგონი, კომენტარი ძნელი გასაკეთებელია. ვინ უჭერს მხარს თვითმკვლელობას შლეგიანის და გონებასუსტის გარდა?
ციტატა
“ განა შეიძლება ბედნიერი იყოს ის ოჯახი, სადაც აბორტი კეთდება და უსუსური პატარა არსებების უღვთოდ დაჩეხილი სხეულების აჩრდილები დადიან?”
ის, რომ აბორტი ბოროტებაა, მსოფლიოს პროგრესული საზოგადოოების შეფასებაა. სამედიცინო კუთხით რომ გავარჩიოთ ეს საკითხი – აბორტი არის ორსულობის შეწყვეტა ქირურგიული გზით.
არსებობს ორი სახის აბორტი – სოციალური ჩვენებით და სამედიცინო ჩვენებით.
სოციალური აბორტი არის ე.წ. არასასურველი ორსულობის შეწყვეტა. ამ განსაზღვრებაში დევს სოციალური აბორტის პროფილაქტიკის “გასაღები” – ყველა ორსულობა უნდა იყოს სასურველი. ამის მისაწღევად კი ორი გზა არსებობს
1. სრული თავშეკავება სექსუალური კავშირისგან, მანამ, სანამ ოსრულობა არ იქნება სასურველი.
2. ნორმალური სექსუალური ცხოვრება ოჯახის დაგეგმარების, ე.წ. კონტრაცეფციული მეთოდების გამოყენებით (კონტრაცეფტივებზე ქვემოით მოგახსენებთ).
რაც შეეხება სამედიცინო ჩვენებას – აბორტი კეთდება მაშინ, როდესაც ორსულობის გაგრძელება სიცოცხლის საფრთხეს უქმნის დედას.
თუ სამედიცინო ჩვენებით აბორტი ბოლო საუკუნეებში დაინერგა, სოციალური აბორტი, ანუ არასასურველი ორსულობის შეწყვეტა, ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში იყო მიღებული და დეტალურად არის აღწერილი “ებერსის პაპირუსში” (1550 წელი ქრისტეშობამდე).
წარმოიდგინეთ რა მოხდება, აბორტი რომ აიკრძალოს – იმ ქალების უმეტესობა, ვისაც სამედიცინო ჩვენებით ესაჭიროება აბორტი, უბრალოდ, დაიხოცებიან.
ვინც აბორტის გზით დააპირებს არასასურველი ორსულობის შეწყვეტას, თავისას მაინც გააკეთებს – ან კრიმინალური მეთოდით (სამედიცინო დაწესებულების გარეთ), ან სახლში, “ძველეგვიპტური” მეთოდით. როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში ქალის სიცოცხლეს რისკის ქვეშ იქნება. ეს ავტომატურად გაზრდის ახალგაზრდა ქალთა სიკვდილიანობას და ქალის უშვილობის შემთხვევებს.
ამიტომ აბორტებთან ბრძოლას არა აკრძალვა, არამედ აბორტის პროფილაქტიკა სჭირდება.
ციტატა
“და როგორი საშინელებაა იმის წარმოდგენაც კი, რომ ყოველ წელს, არაოფიციალური მონაცემებით, მილიონამდე აბორტი კეთდება საქართველოში და ამის შემჩერებელი ჯერჯერობით არავინ არის”
აბორტების რაოდენობის თვალსაზრისით შეგნებული თუ უნებლიე უზუსტობაა დაშვებული. საქართველოს შრომის, დასაქმების და ჯანდაცვის სამნისტროს მონაცემებით, 2012 წელს საქართველოში განხორციელებულია 34’253 ხელოვნური აბორტი (სოციალური და სამედიცინო ჩვენებით). თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ საქართველოში აბორტი ლეგალიზებულია და კანონმდებლობაც საკმაოდ რბილია, არაოფიციალური აბორტების რაოდენობის მაქსიმუმი ლეგალურს არ უნდა აჭარბებდეს. რომც დავუშვათ, რომ არალეგალური აბორტების რიცხვი ლეგალურზე სამჯერ მეტია (რის ალბათობაც საკმაიდ დაბალია), წელიწადში ეს იქნება დაახლოებით 100’000 აბორტი. რაც ციტატაში მოყვენილი რაოდენობის მხოლოდ 10%-ია.
მაგრამ ესეც საგანგაშო ციფრია და შესაბამის სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, არსებობს აბორტების პროფილაქტიკის ძალიან კარგი და ეფექტური საშუალებები, რომლებზედაც ქვემოთ მოგახსენებთ
ციტატა
“შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისათვის, მიუსაფრობისა და მარტოობისათვის. იგი კეთილდღეობაშიც რომ გაიზარდოს, მუცლადყოფნის პერიოდის ამ სიმძიმეს ვერაფერი შეცვლის და ეს აუცილებლად იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში”.
იმისთვის, რომ გავერკვეთ სიტუაციაში, ჯერ უნდა გავიგოთ, რას ნიშნავს “სუროგატი დედა”, რა დროს მიმართავენ “სუროგაციას”, ანუ ჩვენებები. დაბოლოს – ვინ მიმართავს “სუროგატ დედას”.
სუროგაციას მიმართავენ ქალები, ვისაც არ აქვს საშუალება, რომ 1. დაორსულდეს; 2. ბოლომდე(მშობიარობამდე) მიიყვანოს ორსულობა. ასეთები შეიძლება იყვნენ ქალები, ვისაც რაიმე მიზეზით ამოკვეთილი აქვთ საშვილოსნო, აწუხებთ გულის მძიმე მანკები, გადატანილი აქვთ ხერხემლის ან მენჯის ტრავმები და ა.შ. როგორც წესი, ესენი არიან ქალები, ვისაც უსაშველოდ სურს საკუთარი, ბიოლოგიური ბავშვის ყოლა, მაგრამ არ აქვთ ამის საშუალება რიგი მიზეზების გამო. როგორც წესი, ამ ქალების ენდოკრინული სისტემა (მეტნაკლებად) კარგად ფუნქციონირებს, რაც გამოიხატება საკვერცხის მიერ კვერცხუჯრედის გამომუშავებაში. ხელოვნური განაყოფიერების გზით ხდება კვერცხუჯრედების შეგროვება და მათი სინჯარაში განაყოფიერება. შემდეგ განაყოფიერებული კვერცხის (ემბრიონის) გადატანა სუროგატი დედის საშვილოსნოში. სურიგატი დედა ცხრა თვე ატარებს ბავშვს და შემდეგ ახალშობილს უბრუნებს ბიოლოგიურ მშობლებს.
როგორ გგონიათ, ოჯახი (ქალი), რომელსაც სიგიჟემდე სურს საკუთარი შვილი, რომელიც თანხმდება როგორც ხელოვნურ განაყოფიერებაზე, ასევე, “სუროგატი დედის” აყვანაზე, უსიყვარულოდ გაზრდის ნანატრ პირმშოს? მიუსაფარი და მიგდებული ეყოლება “ნაწვალები შვილი”?
ციტატა
პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა.
დღემდე არსებობს ცრურწმენები, რომლებიც თანამედროვე მეცნიერაბამ გააქარწყლა
1. უშვილობა არ არის “ქალის” პრობლემა. უშვილობა ოჯახის პრობლემაა და მისი მიზეზი როგორც ქალი, ასევე, კაცი შეიძლება იყოს (დაახლოებით 50%-50%).
2. დღემდე ბევრს ჰგონია უშვილობა ე.წ. მდგომარეობა, არადა რეალურად უშვილობა ავადმყოფობაა.
როგორც ყოველი ავადმყოფობა, უშვილობაც საჭიროებს შესაბამის მკურნალობას. როგორც ყველა ავადმყოფობას აქვს სხვადასხვა ფორმები, ასევე უშვილობასაც აქვს სხვადასხვა ფორმები, რომლებიც ადეკვატურ მკურნალობას საჭიროებს. ზოგჯერ უშვილობის სამკურნალოდ საკმარისია ჭარბი წონის მოშორება ყოველგვარი მედიკამენტების მიღების გარეშე, ზოგჯერ კი ისეთი მაღალტექნოლოგიური მეთოდების გამოყენება, როგორიც სინჯარაში განაყოფიერება და ემბრიონის საშვილოსნოში გადატანაა. ყველა მეთოდს აქვს თავის ჩვენება.
თუ ქალს რაიმე მიზეზის გამო საშვილოსნოს მილები ამპუტირებული ან შეხორცებული აქვს, მისი “დაორსულების” ერთადერთი გზა სწორედ რომ ხელოვნური განაყოფიერებაა.
ასევე, თუ მამაკაცს დარღვეული აქვს სპერმატოგენეზი (სპერმის გამომუშავება), მისთვის შვილის ყოლის ერთადერთი შანსი ხელოვნური განაყოფიერებაა სპერმის ინტრაციტოპლაზმული შეყვანით (ერთი სპერმატოზოიდი შეჰყავთ კვერცხუჯრედის ციტოპლაზმაში მიკროსკოპის ქვეშ).
ხელოვნური განაყოფიერების პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება
1. საკვერცხის სტიმულირება რათა საკვერცხემ რამდენიმე კვერცხუჯრედი გამოიმუშაოს
2. კვერცხუჯრედების “ასპირაცია” ულტრაბგერითი დაკვირვების ქვეშ, ანუ საკვერცხის (ფოლიკულის) პუნქცია (ჩხვლეტა) და ფოლიკულური სითხისა და მასში “მცურავი” კვერცხუჯრედის “ამოწოვა” (სტიმულაციის შემდეგ თითოული საკვერცხედან 5-10 ჯვერცხუჯრედის შეგროვება ხერხდება ხოლმე)
3. სპერმის მომზადება – პარტნიორის (მეუღლის) სპერმის დამუშავება ნორმალური სპერმატოგენეზის შემთხვევაში ან მოუმწიფებელი სპერმის შეგროვება სათესლე ჯირკვლიდან და შემდგომი დამუშავება
4.სინჯარაში განაყოფიერება – ან დამუშავებული სპერმისა და კვერცხუჯრედის ერთ სინჯარაში მოთავსება სპეციალურ გარემოში (ინკუბატორში), როდესაც სპერმა “თავისით” ანაყოფიერებს კვერცხუჯრედს; ან სპერმატოზოიდის ინტრაციტოპლაზმური ინექცია და შემდეგ მოთავსება ინკუბატორში
5. განაყოფიერება და გამრავლება – ჯერ 2 უჯრედამდე, შემდეგ 4 უჯრედამდე, შემდეგ 8, 64 და ა.შ. ( როგორც წესი კვერცხუჯრედების 50%-75% პროცენტი ნაყოფიერდება და იწყებს გამრავლებას)
6. განაყოფიერებული კვრცხუჯრედის ან კვერცხუჯრედების (1-4 უჯრედი) გადატანა საშვილონოს ღრუში. (ორსულობის მაჩვენებლი თითოეულ გატანილ ემბრიონზე 15%-40% ფარგლებში მერყეობს)
7. დარჩენილი განაყოფიერებული კვერცხუჯრედების (ემბრიონების) გაყინვა და შენახვ (-75 გრადუსზე გაყინული მებრიონების შენახვა უსასრულოდ შეიძლება)
სად არის აქ “მრავალი განადგურებული ემბრიონი”?
ვინ ანადგურებს ემბრიონებს, როდესაც ეს ემბრიონები სიცოცხლისუნარიანები არიან? როდესაც არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ პირველი გადატანის შემდეგ, თუ არ განვითარდა ორსულობა, ეს პროცესი (ემბრიონების გადატანა) რამდენჯერმე განმეორდეს “ზედმეტი”, გაყინული ემბრიონებით.
ასევე გაუგებარია, რა იგულისხმება “პრობლემატურში”. ჯანმრთელობის მდგომარეობა? გონებრივი ჩემორჩენილობა ? – ხელოვნური განაყოფიერების შემდეგ დაბადებული ბავშვები ყველაზე მკაცრი დაკვირვების ქვეშ არიან მთელ მსოფლიოში – იკვლევენ როგორც მათ ფიზიკურ, ასევე, გონებრივ განვითარებას, მათ უნარებს და შესაძლებლობებს. დაახლოებით იმ 2 მილიონ ბავშვში, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერების შედაგად არიან ჩასახული, არ აღინიშნება რაიმე გენეტიკური ან განვითარების სხვა დეფექტის მატება “ფიზიოლოგიურად ჩასახულ” პოპულაციასთან შედარებით. უამრავი შრომაა ამ საკითხზე გამოქვეყნებული.
პირველი ბავშვი, რომელიც “სინჯარაში” ჩაისახა, გახლდათ ლუიზ ბრაუნი, რომელიც 1978 წლის 25 ივლისს დაიბადა დიდ ბრიტანეთში. ამ მეცნიერული მიღწევისთვის პროფესორები, რობერტ ედვარდსი და პატრიკ სტეპტო (სიკვდილის შემდეგ) ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.
დღეს ლუიზ ბრაუნს საკუთარი 6 წლის შვილი (გოგონა) ჰყავს, რომელიც ფიზიოლოგიურად ჩაისახა.
ციტატა
თუ დიასახლისი ხარ და შვილებზე ზრუნვას გირჩევნია სამსახური გქონდეს მხოლოდ იმიტომ, რომ უკეთესად გაერთო, თუ შენ არაფერს ერიდები, რათა კომფორტული ცხოვრება მოიწყო და არ გადარდებს ამისთვის სხვისი მსხვერპლად გაწირვა, თუ შენ აბორტით ან სხვა თანამედროვე საშუალებებით ახდენ ოჯახის დაგეგმარებას, ეგოისტურად ზრდი ბავშვებს, არ ასწავლი მათ მოწყალების გაცემას და გაჭირვებულისადმი თანადგომას, არ ასწავლი მეგობრობას, სიმართლის სიყვარულს, ერთგულებას, – კაენის სულს ვერ მოიცილებ და მისი ხვედრის თანაზიარი გახდები.
აბორტი და ოჯახის დაგეგმარება ერთმანეთთან უკუკავშირშია. რაც უფრო პოპულარულია ოჯახის დაგეგმარება, მით ნაკლებია აბორტი. სხვადასხვა კვლევებით, საქართველოში მცხოვრები ქალი რეპროდუქციული ასაკის პერიოდში საშუალოდ 3.7 აბორტს იკეთებს. იმ ქვეყნებში კი, სადაც გავრცელებულია ოჯახის დაგეგმარება და თანამედროვე კონტრაცეპტივების გამოყენება, ეს ციფრო 0.4 ფარგლებში მერყეობს. მე კომენტარს არ გავაკეთებ გაუგებარ ბმაზე ოჯახის დაგეგმარებასა და ბავშვის არასწოირად აღზრდის თაობაზე, რადგან ეს ალბათ სოციოლოგების და პედაგოგების პრეროგატივაა. ერთს კი ვიტყვი – 1998-2005 წლებში საქართველოში აბორტების კლების აშკარა ტენდენცია იყო. ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოში აქტიურობდნენ სხვადასხვა ფონდები და საერთაშორისო ორგანიზაციები. ვრცელდებოდა ინფორმაცია როგორც აბორტის მავნებლობისა და აბორტთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ, ასევე, თანამედროვე კონტრაცეპტივები. ხოლო 2005 წლიდან, როდესაც ამ ფონდებმა აქტივობა შეწყვიტეს ან შეამცირეს, აბორტების რაოდენობა წლიდან წლამდე მატულობს.
ციტატა
ის, რომ კაცთა მოდგმას არ შეუქმნია ოკეანე, ხმელეთი, ციური სხეულები და ბალახიც კი (აღარაფერს ვამბობთ ადამიანზე), ცხადზე ცხადია. აქამდე მხოლოდ ბიოლოგიურად საინტერესო ქიმიკატები (მაგ. ამინომჟავები) მიიღეს, შეჯვარდა და შეაერთეს სიცოცხლის უკვე არსებული ფორმები და სხვა არაფერი.
ხოლო, თუ ჩვენ არ მოგვიტანია სიცოცხლე ამ წუთისოფელში, რა უფლება გვაქვს მოვინდომოთ ბატონობა მასზე? რატომ ვისაკუთრებთ მას, რაც ჩვენი არ არის?
ფაქტია ისიც, რომ მიუხედავად მეცნიერულ-ტექნიკური დიდი წინსვლისა, არ შეგვიძლია თავი დავაღწიოთ სიკვდილს. რატომ? ჩვენ ხომ ყოვლისშემძლენი ვართ? სინამდვილე კი სხვა არის. უფალი ეუბნება მოსეს: ,,მე ვკლავ და მე ვაცოცხლებ” (II რჯ.32,39). იობის წიგნშიც იგივე აზრია: სიცოცხლე ‘უფალმა მომცა, უფალმა წაიღო”(იობი 1,21).
ეპისტოლეს ეს ნაწილი კითხვების კასკადს ბადებს – რა საჭიროა კიბოთი დაავადებული ადამიანის მკურნალობა? ან ქირურგიული ჩარევა? თუ “უფალი კლავს და უფალი აცოცხლებს”, მაშინ საერთოდ რა საჭიროა მედიცინა?
ან კიდევ
რატომ აკითხავენ ღვთის მსახურნი ექიმებს და საავადმყოფოებს ? რატომ დადიან გამოკვლევებზე, იღებენ წამლებს, იკეთებენ ოპერაციებს და ა.შ.? რატომ მორჩილად არ ელოდებიან “უფალის გადაწყვეტილებას”?
ჩემი მოკრძალებული აზრით, ქადაგებისა და ეპისტოლების აზრი არის ის, რომ მსმენელი დაფიქრდეს, საკუთარი ქცევები გააანალიზოს და სიკეთისკენ მიმავალი გზა ეძებოს, და არა სკეპტიკურად განეწყოს მღვდელთმსახურთა მიმართ ეპისტოლეში დაშვებული (რბილად რომ ვთქვათ) უზუსტობების გამო.
ავტორის შესახებ გიორგი კავკასიძე არის მედიცინის დოქტორი; 2012 წლიდან დღემდე ის შვეიცარული ბიოტექნოლოგიური კომპნია Amvac AG აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეა. 1985-1991 წლებში მუშაობდა თბილისის ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის ინტსიტუტში, 1989-1990 წლებში იყო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროგრამის “აბორტიდან კონტრაცეფციამდე აღმოსავლეთ ევროპაში” კოორდინატორი, 1991 წელს გაიარა სპეციალიზაცია აშშ-ში ხელოვნური განაყოფიერების In Vitro Fertilization განხრით; 1992-2008 წლებში შვეიცარული ბიოტექნოლოგიური კომპანიის Serono international წარმომადგენელი რუსეთში, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური სამედიცინო დირექტორი (პრაღა); |