ახალი ამბები

პროტესტი პატრიარქის ეპისტოლეს, ძალადობა, გამიჯვნა და განმარტება [photo/video]

8 იანვარი, 2014 •
პროტესტი პატრიარქის ეპისტოლეს, ძალადობა,  გამიჯვნა და  განმარტება [photo/video]

 

აქცია მოქალაქეებმა 7 იანვარს სოციალური ქსელით დაგეგმეს. სპეციალურად შექმნილ გვერდზე მოქალაქეების ნაწილი წერდა, რომ იმ არაჰუმანური განცხადებების გაპროტესტებას აპირებდნენ, რაც მართლამდიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ გააკეთა საშობაო ეპისტოლეში.

 

ილია მეორემ 2014 წლის საშობაო ეპისტოლეში ყურადღება გაამახვილა ე.წ. პოსტმოდერნისტულ გამოწვევებზე ქრისტიანობისთვის, ოჯახის სიმტკიცეზე, ჰომოსექსუალთა ქორწინებაზე, აბორტებზე, ხელოვნური განაყოფიერებითა და სუროგაციის გზით გაჩენილ ბავშვებზე. მან ასეთი გზით გაჩენილ ბავშვებს “პრობლემურები” უწოდა და განაცხადა, რომ “ოჯახი, რომელშიც სუროგატი დედის გაჩენილი ბავშვი იზრდება, ბედნიერი ვერ იქნება”.

მოქალაქეები საპატრიარქოსთან აქციას  დღეს, 16.00 საათზე გეგმავდნენ, თუმცა აქციამდე 15 წუთით ადრე იქ  პატრიარქის დასაცავად სხვა მოქალაქეები მივიდნენ და აქციის მონაწილეებს დახვდნენ.  

 

“გადმოვიდნენ შეტევაზე და გვლანძღავდნენ, რის შემდეგაც მე მოვუწოდე წესრიგისკენ და ვუთხარი, რომ ჩვენც გვქონდა გამოხატვის თავისუფლება. ამის შემდეგ 3-4 ადამიანი მწვდა ყელში, დამარტყეს, რამდენიმე ადამიანი მირტყამდა”, – უთხრა ნეტგაზეთს გიორგი ნონიაშვილმა, “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” (EMC) წარმომადგენელმა, რომელიც პოლიციამ უკვე დაკითხა.

 

კონტრაქციის მონაწილეები ასევე ტრანსპარანტების განადგურებას ცდილობდნენ.

 

საპატრიარქოსთან მომხდარი ინციდენტის გამო პოლიციამ 4 პირი დააკავა.  როგორც შსს-ს პრესსამსახურმა 8 იანვარს “ნეტგაზეთს” განუცხადა, პოლიციამ ისინი წვრილმანი ხულიგნობის გამო დააკავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის მიხედვით.

 

გიორგი ნონიაშვილი მიიჩნევს, რომ ეს არაადეკვატური ბრალდებაა. მისი აზრით, ადგილი ჰქონდა შეკრების და მანიფესტაციის შეზღუდვას და არ გამორიცხა, რომ სამართალდამცველებმა ამ მუხლით გააგრძელონ გამოძიება.

 

17.30 საათზე აქციის მონაწილეებმა, რომლებსაც პატრიარქის დამცველებისგან პოლიციის კორდონი იცავდა,  საპატრიარქოს ტერიტორია დატოვეს. ამის შემდეგ ჟურნალისტებს საპატრიარქოს წარმომდგენელმა განცხადების ტექსტი გადასცა და საპატრიარქოსთან პატრიარქის დამცველების მიერ განხორციელებულ ძალადობას გაემიჯნა:

 

“დღეს, 16 საათზე საქართველოს საპატრიარქოსთან მოქალაქეთა მცირე ჯგუფმა მოაწყო აქცია სუროგატ დედებთან და  ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, საპირისპირო აზრის მქონე ადამიანებთან ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტს. საპატრიარქო ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას და ყველას მოუწოდებს შეინარჩუნოს სიმშვიდე”.

დღეს, აქციამდე საპატრიარქომ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა – ერთგვარი განმარტება საშობაო ეპისტოლეს იმ ტექსტზე, რომელმაც საზოგადოების განსაკუთრებული კრიტიკა გამოიწვია.

 

ფოტო: მარიამ ნიკურაძე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი