ახალი ამბები

ირაკლი კობახიძის განმარტებით, მელია არ დაუკავებიათ, ის განარიდეს

11 ივნისი, 2018 • 2194
ირაკლი კობახიძის განმარტებით, მელია არ დაუკავებიათ, ის განარიდეს

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, სამართალდარღვევის აღსაკვეთად ნიკა მელია ადგილს განარიდეს და ის არ დაუკავებიათ:

“დავინტერესდი მყისიერად მომხდარით, დავუკავშირდი შინაგან საქმეთა მინისტრს, გვქონდა მასთან შეხვედრა და მივიღე განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებით, დეტალებთან დაკავშირებით. საქმე იყო შემდეგში -ადგილი ჰქონდა შემთხვევის ადგილზე სამართალდარღვევას, ანუ კანონის მოთხოვნათა დარღვევას. იმისთვის, რომ აღკვეთილიყო სამართალდარღვევა, საჭირო იყო პარლამენტის წევრის განრიდება ადგილიდან. მე დავინტერესდი, ადგილი ჰქონდა თუ არა დაკავებას, განმარტება მივიღე ასეთი, რომ მოხდა განრიდება იმისთვის, რომ ეს ქმედება არ გადაზრდილიყო რაიმე სხვა ტიპის სამართალდარღვევაში. განრიდება მოხდა, მოხდა გადაყვანა, შესაბამისად, სხვა ლოკაციაზე”,- ამბობს კობახიძე.

რაც შეეხება თბილისის საკრებულოს წევრებს, ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტი ყველა დეტალით დაინტერესდება.

“ყველა დეტალით დავინტერესდებით. ძალის გამოყენება არის, ზოგადად, ხელისუფლების პრეროგატივა. მთავარია, არ მოხდეს ძალის არათანაზომიერი გამოყენება და, ბუნებრივია, ამ კუთხით ჩვენ დავინტერესდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გვექნება კომუნიკაცია და ამის საფუძველზე გაირკვევა დეტალები”

დღეს, 11 მაისს, მას შემდეგ, რაც პოლიციამ რუსთაველის გმაზირზე ზაზა სარალიძის მხარდამჭერთა კარვები გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზზე დააბრუნა, ნიკა მელია პოლიციის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის წევრის დაკავება არ შეიძლება, თუ არ არსებობს პარლამენტის წინასწარი თანხმობა. გამონაკლისია მხოლოდ დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, როდესაც შესაძლებელია დაკავება. იმ შემთხვევაში, თუკი არ იქნება პარლამენტის თანხმობა, დაკავებული პარლამენტის წევრი უნდა გათავისფულდეს.

რა დროს ითვლება პირი დაკავებულად? – საიას იურისტის, გიორგი გოცირიძის განმარტება:

“როდესაც ადამიანს შეზღუდული აქვს გადაადგილების შესაძლებლობა, ხდება მისი დახურულ სივრცეში მოთავსება და ხანგრძლივი ვადით იმყოფება იქ, ეს არის დაკავება. უწოდებს თუ არა შსს ამას ასე, როდესაც ადამიანს აქვს თავისუფლება შეზღუდული, არ აქვს გადაადგილების შესაძლებლობა, ეს თავისუფლების შეზღუდვაა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი