კანონის თანახმად, საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ მეურვეობის კანდიდატთაგან ორს საქართველოს სახალხო დამცველი, სამს საპარლამენტო უმრავლესობა, სამს საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედი და ერთს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო წარუდგენს საქართველოს პარლამენტს ასარჩევად.
პარლამენტმა მეურვეობის დასახელებულ კანდიდატებს 27 დეკემბერს უყარა კენჭი და მხოლოდ 3 კანდიდატს დაუჭირა მხარი – საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილ ნათელა სახოკიას, უმრავლესობის მიღმა დარჩენილი დეპუტატების მიერ წარდგენილ ქეთი მსხილაძეს და ომბუდსმენის კანდიდატ მარინე მუსხელიშვილს.
პარლამენტმა ჩააგდო ნინია კაკაბაძის კანდიდატურა, რომელიც მეურვეობის კანდიდატად უმცირესობამ წარდგინა. პარლამენტმა ასევე მხარი არ დაუჭირა ომბუდსმენის და აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატებს, ლელა გაფრინდაშვილს და გენო გელაძეს. ხოლო უმრავლესობამ სამის ნაცვლად მხოლოდ ერთი კანდიდატი წარადგინა.
მაუწყებლობის შესახებ კანონის თანახმად, თუ მეურვეობის კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმები, საქართველოს სახალხო დამცველი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედი 10 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენენ საქართველოს პარლამენტს ახალ კანდიდატურებს.
ეს ათდღიანი ვადა დღეს ამოიწურა. “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა საპარლამენტო უმრავლესობის, უმცირესობის წევრებს და ომბუდსმენს.
როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა, უმცირესობა კვლავ აპირებს მეურვეობის კანდიდატად ნინია კაკაბაძის წარდგენას, მესამე კანდიდატის ირგვლივ კი, რომელიც უმცირესობას არც თავდაპირველად წარუდგენია, დისკუსია მიმდინარეობს.
საპარლამენტო უმრავლესობა დღეს არ აპირებს მეურვების კანდიდატების დასახელებას. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განუცხადა. მისი თქმით, უმრავლესობა კანდიდატებზე ვერ შეთანხმდა, რადგანაც კონსესუსს ვერ მიაღწიეს, იმის მიუხედავად, რომ კომისიის წარდგენილი კანდიდატებიდან ბევრი კარგი კანდიდატია.
ჯერჯერობით უცნობია, ვის წარდგენს კანდიდატად ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი. “ნეტგაზეთს” სახალხო დამცველის ოფისში განუცხადეს, რომ ომბუდსმენის კანდიდატის ვინაობის შესახებ საღამოს გაავრცელებენ ინფორმაციას.
აჭარის უმაღლესმა საბჭომ კი მეურვეობის კანდიდატად კვლავ გენო გელაძის კანდიდატურა წარადგინა, რომელსაც პირველ კენჭისყრაზე პარლამენტის უმრავლეოსობამ მხარი არ დაუჭირა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის – მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევმა საპარლამენტო საკონკურსო კომისიამ მეურვეობის შერჩეულ კანდიდატთა 27-კაციანი სია 21 დეკემბერს დაამტკიცა და პარლამენტს გადაუგზვანა. კანონის თანახმად მეურვეობის კანდიდატები უმრავლესობამ, უმცირესობამ და ომბუდსმენმა სწორედ ამ სიიდან უნდა შეარჩიონ.
კომისიამ კანდიდატები ორ ეტაპად შეარჩია. მეორე ეტაპზე კანდიდატებთან გასაუბრებები მაუწყებლის მეორე არხზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. მეურვეობის კანდიდატების თავდაპირველად შერჩევის პროცესის გამჭვირვალობას მიესალმა აშშ-ის საელჩო საქართველოში, ასევე, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.