ახალი ამბები

რატომ არ გადასცა პრეზიდენტის, პრემიერის და პატრიარქის საახალწლო მილოცვა “რუსთავი 2”-მა

1 იანვარი, 2014 •
რატომ არ გადასცა პრეზიდენტის, პრემიერის და პატრიარქის საახალწლო მილოცვა “რუსთავი 2”-მა

 “რუსთავი 2″-ის საახალწლო ეთერი არის გასართობი ეთერი, შესაბამისად, ჩემი, როგორც არხის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, არც ერთი საჯარო პირის მილოცვა ეთერში არ გავა. ვფიქრობ, როგორც არხის გენერალურ დირექტორს, მაქვს უფლება, მივიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიმაჩნია მნიშვნელოვნად და პრინციპულად ვთვლი, რომ საახალწლო მილოცვები წინასაახალწლო ეთერში წარმოადგენს პოსტსაბჭოთა რეგიონისთვის დამახასიათებელ გადმონაშთს და არ არის დამახასიათებელი არც ერთი მეტნაკლებად წარმატებული დემოკრატიისთვის, თუ არ ჩავთვლით იშვიათ გამონაკლისებს, ისიც საზოგადოებრივ არხებზე. ამიტომაც, მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, რომ ჩვენი არხი აუცილებლად გამოეთხოვოს ამ მანკიერ ტრადიციას. განსხვავებით რელიგიური დღესასწაულებისგან, სადაც მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის რელიგიური მრწამსის პატივსაცემად დასაშვებად მიგვაჩნია შესაბამისი მიმართვის ტრანსლირება, ახალი წელი არის საერო დღესასწაული და, შესაბამისად, წინასაახალწლო წუთებში არ მოხდება არც საქართველოს პატრიარქის მილოცვის ტრანსლირება”.- ნათქვამია ნიკა გვარამიას “ფეისბუქის” პირად გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

 

მისივე თქმით, ტელეკომპანიამ პრეზიდენტს, პრემირ-მინისტრს და პატრიარქს შეთავაზა საკუთარი მილოცვებითვის საახალწლო კურიერის ეთერი გამოეყენებინათ,  რაზეც მათ უარი განაცხადეს:

 

‘ეს მათი არჩევანია, ისევე როგორც “რუსთავი 2″-ის, როგორც დამოუკიდებელი კერძო ტელევიზიის არჩევანია ის, რაზეც ზემოთ ვისაუბრე. ასევე, კატეგორიულ პირობად დავუყენეთ ქალაქის მერს, გიგი უგულავას, რომ არ მომხდარიყო მერიის მიერ რიყეზე ორგანიზებული კონცერტის რაიმე სახით პოლიტიზება, წინააღმდეგ შემთხვევაში, არხი უარს იტყოდა კონცერტის ტრანსლირებაზე. აღნიშნულ საკითხზე მოხდა შეთანხმება ქალაქის მერიასთან და შემდგომში ასევე კულტურის სამინისტროსთან, რომელიც მოგვიანებით ჩაერთო კონცერტის ორგანიზებაში. არხი თავისუფალია ზემოთ გაცხადებულ არჩევანში და ამ გადაწყვეტილებას იღებს ისე, რომ არ უთანხმებს არც ერთ თანამდებობის პირს თუ პოლიტიკურ ორგანიზაციას, იმ უბრალო მიზეზით, რომ არ აინტერესებს მათი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი”.- ამბობს გვარამია. 

 

2013 წლის დასასრულს პოლიტიკური და რელიგიური ლიდერების მილოცვები “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” და ტელეკომპანია “იმედმა” გადასცეს. 2013 წლის საახალწლო მილოცვა ნიკა გვარამიას გენერალური დირექტორობის დროს “რუსთავი 2”-მაც გადასცა. ნიკა გვარამია განმარტავს, რომ შარშანაც იგივე პოზიცია ჰქონდა, თუმცა პერსონალური პრობლემების გამო ვერ მოახერხა მისი იმპლემენტაცია:

“რაც შეეხება არგუმენტს, თუ რატომ არ მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება შარშან და ხომ არ იყო ამის მიზეზი “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნა, მინდა შეგახსენოთ, რომ მხოლოდ 24 დეკემბერს დავტოვე სასჯელაღსრულების დაწესებულება და, მიუხედავად იმისა, რომ იგივე პოზიცია მქონდა მაშინაც, უბრალოდ, პერსონალური პრობლემების გამო ვერ მოვახერხე ამ დამოკიდებულების იმპლემენტაცია”.- ამბობს ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი