ახალი ამბები

სახალხო დამცველის კითხვები გამოძიებას ხორავას ქუჩის საქმეზე

10 ივნისი, 2018 • 2092
სახალხო დამცველის კითხვები გამოძიებას ხორავას ქუჩის საქმეზე

სახალხო დამცველის აპარატი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკცლელობის გამოძიების პროცესს აფასებს.

ომბუდსმენი განცხადებაში მიუთითებს, რომ აქტიურ საგამოძიებო პროცესს მიესალმება, თუმცა საქმეს რამდენიმე მიმართულებით თავადაც სწავლობს; მათ შორის, საგამოძიებო მოქმედების ხარისხისა და საქმის მასალებში კონკრეტული პირების გამოკვეთის მიმართულებით.

ნინო ლომჯქრია რამდენიმე სათუო საკითხზე მიუთითებს, რომლებიც საქმის შესწავლის შემდგომ დადგა დღის წესრიგში. კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია:

[checklist]

  • საქმის შესწავლის შედეგად გაჩნდა კითხვა, რატომ არ ამოიღო გამოძებამ ერთ შემთხვევაში ჩხუბში მონაწილე პირის ტანსაცმელი, მაშინ როდესაც აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება ჩხუბში მონაწილე სხვა პირთა მიმართ ჩატარებულია.
  • მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ მოწმეთა უმრავლესობა არ იძლეოდა ჩვენებას, ჩვენი შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ მოწმეთა დაკითხვის დროს არ დასმულა ის კითხვები, რაც დააზუსტებდა ან/და გამოავლენდა აღნიშნული ან სხვა პირების როლს დანაშაულის ჩადენაში. ამის პარალელურად, გარკვეული მოწმეები, რომელთაც მაღალი ალბათობით ჰქონდათ გამოძებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, არ არიან დაკითხულები ან გამოკითხულები.
  • დანაშაულის დაფარვის ნაწილში იკვეთებოდა არა მხოლოდ იმ პირთა პასუხისმგებლობის საფუძველი, რომლებიც 9 ივნისამდე იყვნენ პასუხისგებაში მიცემულნი, არამედ, სხვა პირებისაც. აღნიშნულთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები დაგვიანებით, ან საერთოდ არ ჩატარდა.

[/checklist]

[checklist]

  • გამოსაკვლევია ჩხუბში მონაწილე იმ ინდივიდების ბრალეულობის საკითხი, რომლებიც შეიძლება უშუალოდ მკვლელობის ამსრულებლები არ იყვნენ, მაგრამ შეიძლება ჩადენილი აქვთ სხვა დანაშაული (მაგალითად, ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი პირის სავარაუდო დაჭრა).
  • მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ექსპერტიზა დაგვიანებით ჩატარდა, ექსპერტიზის შედეგებითა და მოწმეთა ჩვენებებით, საქმის მასალებში შესაძლო სხვა დანაშაულის (დაჭრის) ჩადენის ნიშნები იკვეთებოდა. გამოძება ამ გარემოებებთან დაკავშირებით არ დაწყებულა. ჩვენც პრობლემურად მიგვაჩნია ე.წ. ფარდულის დაშლის ეპიზოდი, რადგან ვერ დავინახეთ, თუ ვინ გასცა მისი დაშლის ნებართვა. ასევე, აღსანიშნავია, რომ ფარდულის პირვანდელი მდგომარეობა არ არის ზუსტად იდენტიფიცირებული.

[/checklist]

სახალხო დამცველის განცხადებით, ის სასამართლო განხილვის მასალების შესწავლასაც გეგმავს და ელის განაჩენსაც, რის შემდეგაც საზოგადოებას საბოლოო დასკვნას წარუდგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი