საკალათბურთო დარბაზი სრულად იყო შევსებული, შეკრებილებს სიტყვით მიმართეს გიორგი ვაშაძემ, დავით ბაქრაძემ, ზაზა ბიბილაშვილმა და გიგი უგულავამ.
“დემოკრატია საფრთხეშია”– ეს იყო დღევანდელი აქციის მთავარი მესიჯი. დარბაზში საქართველოს, ევროკავშირის და უკრაინის დროშები ფრიალებდა. ყველაზე ხშირად გამომსვლელების სიტყვაში საქართველოს მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მისამართით ისმოდა შეფასებები. სხვა საკითხებთან ერთად, ფარცხალაძეზე ვრცლად ისაუბრა გიგი უგულავამაც:
“ერთი რამე გვახსოვდეს. დღეს შეიძლება უკეთურად გვექცეოდნენ, უსამართლოდ გვექცეოდნენ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ყველას- რაც არ კლავს, ყველაფერი აძლიერებს. უსამართლობა ამ ქვეყანაში, საბოლოოო ჯამში, არასდროს არ გასულა, ცხოვრება ასეა მოწყობილი, რომ საზოგადოებას ყოველთვის უყვარს გამარჯვებული, არ უყვარს ხოლმე დამარცხებული, მაგრამ საზოგადოებას ძაგს, როდესაც ვიღაცას გამარჯვებული უსამართლოდ ჩაგრავს. ეს ყველაფერი კარგად უნდა დაიმახსოვროს ამ ხელისუფლებამ, რომელიც ნელ–ნელა ემსგავსებამ ძველი ქართული მულტფილმის არ იყოს, ლურჯ მელიას. დღეს ჩვენ ლურჯი მელიის მართველობა მივიღეთ საქართველოში. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეროვნული სიმბოლიკა ლურჯად შეღებეს, არამედ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ეფუძნება ტყუილს. ეს ბურუსი გადაივლის და გამოჩნდება ყველას ნამდვილი სახე. ჩვენ გუშინ ვიხილეთ შლეგი, გაავებული, გაბრაზებული ადამიანი, რომელმაც ვერ გაიგო, რომ ის არის გამარჯვებული და მან უნდა მართოს ქვეყანა და არ ებრძოლოს იმას, ვინც მშვიდობიანად გადააბარა მას ხელისუფლება. როდესაც ხელისუფლება იწყებს “გაპრავებას”, პრობლემა მარტო ის კი არ არის, რომ ყაჩაღი პროკური გვყავს, ეს დანაშაულია და გუშინ ჩვენ ვიხილეთ, რომ ამ დანაშაულის მონაწილეა ქვეყნის პირველი პირი, პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ეს იცოდა, მაგრამ გვითხრა, რომ ეს ბავშვობაში ჩადენილი დანაშაულია და რა მოხდა?! მითხარით ერთი, 25 წლის მუტრუკი როდის გახდა ბავშვი, თუ ეს ადამიანი ბავშვია, მაშინ 31 წლის პრემიერ–მინისტრი მოზარდია თუ ვინ არის? ჭოჭინით ვატაროთ?”–განაცხადა უგულავამ.
მისისვე თქმით, მას არ სურს დაემსგავსო მათ, ვინც “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ კრიტიკის ერთ–ერთ მიზეზად ახალგაზრდობას და გამოუცდელობას ასახელებდა:
“მე საუბარი მაქვს იმ ცინიზმზე, რომ თურმე 25 წლის ასაკში ჩადენილი დანაშაული, დანაშაული, რომელიც სხვა ქვეყანაშია ჩადენილი, შეიძლება შერჩეს პროკურორს და მან გაასამართლოს თითოეული თქვენგანი”– განაცხადა უგულავამ.
გიგი უგულამ გამოსვლის ბოლოს შეკრებილებს მოუწოდა, მშვიდობიანად მოეწყოთ მსვლელობა ფილარმონიიდან კანცელარიის მიმართულებით. მსვლელობისას რუსთაველის გამზირის სავალი გზის ნახევარი დაახლოებით ერთი საათით გადაიკეტა. აქცია კანცელარიასთან 5 საათზე დასრულდა.


