ახალი ამბები

ზვიად დევდარიანი 8 პირის წინააღმდეგ სარჩელს 2 დღეში შეიტანს – გაბუნია

6 ივნისი, 2018 • 2751
ზვიად დევდარიანი 8 პირის წინააღმდეგ სარჩელს 2 დღეში შეიტანს – გაბუნია

CIDA-ს ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი პატივისა და ღირსების შელახვის მოტივით 8 ქალს უჩივლებს. ამის შესახებ მან და მისმა ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ დღეს, სახალხო დამცველის ოფისის დატოვების შემდეგ ისაუბრეს.

დიმიტრი გაბუნიას თქმით, ისინი სარჩელს სასამართლოში ორ დღეში შეიტანენ.

“ვინც ეს ინფორმაცია გაავრცელა, ხელი შეუწყო ამ ინფორმაციის ტირაჟირებას, თუ როგორ დაიგეგმა ეს კამპანია, ვის ინტერესებში იყო და, შესაბმისად, მკაცრად მოვთხოვთ პასუხს კანონით დადგენილი წესით”, – განაცხადა გაბუნიამ.

მას არ დაუკონკრეტებია სახელები და გვარები, თუ ვის წინააღმდეგაც აპირებენ ჩივილს.


მას შემდეგ, რაც ზვიად დევდარიანი სახალხო დამცველმა სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად პარლამენტს წარუდგინა, ქალთა მოძრაობამ ქალების სექსუალურ შევიწროებაში 17 მარტს დაადანაშაულა.

“ნეტგაზეთმა” ინტერვიუ ჩაწერა რამდენიმე ქალთან, რომლებმაც ზვიად დევდარიანის მხრიდან შევიწროებაზე კონფიდენციალურად ისაუბრეს. კიდევ რამდენიმე ისტორია გამოაქვეყნა ქალთა მოძრაობამ და ტაბულამ. დევდარიანი ბრალდებებს უარყოფს. საქმეს იკვლევს სახალხო დამცველი, ასევე გამოძიება დაწყებული აქვს შსს-ს.

მასალების გადაბეჭდვის წესი