ახალი ამბები

თბილისში მეტრო არ მუშაობს

4 ივნისი, 2018 • 5230
თბილისში მეტრო არ მუშაობს

დღეს, 4 ივნისს, თბილისში მეტროპოლიტენი პარალიზებულია. არ მუშაობს არცერთი მეტროსადგური. თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ მალე გაკეთდება ოფიციალური განცხადება, თუ რა გეგმა აქვს თბილისის მერიას მგავრების ნაკადის სამართავად და გაფიცულ მემანქანეებთან მოსალაპარაკებლად.

თბილისის მეტროს პარლიზება გამოიწვია მემანქანეთა გაფიცვამ, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა ხელფასების მომატების მოთხოვნით აქციას აანონსებენ. თბილისის მერია და სატრანსპორტო კომპანია აქამდე აცხადებდნენ, რომ მათი მოთხოვნები უსაფუძვლო იყო და გაფიცვის საქმემ სასამართლოში გადაინაცვლა.

მემანქანეთა პროფესიული გაერთიანება “ერთობა 2013″–ს სამუშაო საათებში გაფიცვა სასამართლომ აუკრძალა. როგორც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა ლინა ღვინიანიძემ ნეტგაზეთს უთხრა, დაწყებული შიმშილობის გამო გაუარესდა მემანქანეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათ ვერ გაიარეს სტანდარტული სამედიცინო შემოწმება და, შესაბამისად, მათ მიერ მეტროს მატარებლების მართვა არ იქნებოდა უსაფრთხო. სწორედ ამიტომ არის შეჩერებული მეტროს მუშაობა. იურისტის თქმით, სამართლებრივად, მეტროს მემანქანეებს არ დაურღვევიათ სასამართლოს გადაწყვეტილება.

მეტროს მემანქანეებმა გაფიცვა და შიმშილობა 3 ივნისს, 15 საათზე დაიწყეს. ისინი გლდანის დეპოს ტერიტორიაზე, წყალსადენის ქუჩის 55 ნომერში არიან შეკრებილი.

“ერთობა 2013″–ის წარმომადგენლის, რატი კაპანაძის თქმით, შიმშილობის დაწყებიდან მალევე სასწრაფო დახმარება დასჭირდა რამდენიმე ადამიანს. ერთი გაფიცული სასწრაფო დახმარებამ გადაიყვანა კლინიკაში, დანარჩენებს კი ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება.

რატი კაპანაძე ამბობს, რომ ისინი ჯერჯერობით არ აპირებენ გაფიცვისა და შიმშილობის შეწყვეტას.

მასალების გადაბეჭდვის წესი