ახალი ამბები

“თავისუფალი დემოკრატები” პარლამენტთან მიმდინარე აქციას ემიჯნებიან

3 ივნისი, 2018 • 2244
“თავისუფალი დემოკრატები” პარლამენტთან მიმდინარე აქციას ემიჯნებიან

“თავისუფალი დემოკრატები” რუსთაველის გამზირზე ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებულ აქციას ემიჯნებიან. ამის შესახებ პარტიამ განცხადება დღეს, 3 ივნისს გაავრცელა.

პარტიის განცადებით, “ნაციონალური მოძრაობა” ხალხის პროტესტს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს, რაც მათთვის მიუღებელია. “თავიუფალ დემოკრატებს” მიაჩნიათ, რომ საზოგადოერივი ძალისხმევა მთავრობის ერთი ხელის მოსმით ცვლილების ნავლად კონკრეტულ ნაბიჯებზე უნდა მიიმართოს, რაც ხელისუფლბას დანაშაულის გამოძიეასა და მის დამფარავთა დასჯას აიძულებს.

“საზოგადოების ძალ-ღონე უნდა მივმართოთ არა ხელისუფლების შეცვლის ერთჯერად აქტზე, არამედ უსამართლობასთან შეურიგებელი ადამიანების ენერგია უნდა მივმართოთ ყოველდღიურ და დაჟინებულ მოთხოვნაზე, რათა ხალხის ფულით დაფინანსებულმა ხელისუფლებამ კონკრეტული ქმედებით აღასრულოს მასზე კანონისა და ხალხის მიერ დაკისრებული ყველა მოვალეობა, შეწყვიტოს ძალაუფლების უზურპაცია, სათანადოდ შეცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა და უზრუნველყოს დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყოვლად გაუმართლებელი და მცდარია ის, რაც ახლა ხდება რუსთაველის გამზირზე, სადაც ადამიანების, ხალხის ხალასი პროტესტი ნაციონალურმა მოძრაობამ თავისი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის გამოიყენა. მსგავს აქციას ჩვენ, ცხადია, არ ვუერთდებით”, – აღნიშნულია განცხადებაში.

პარტიის თქმით, მაშინ, როცა წინა და ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა “საჯილდაო ქვად” აქციეს, ზაზა სარალიძეს მხარდაჭერა განსაკუთრებით სჭირდება:

“ჩვენ გულწრფელ მხარდაჭერას ვუცხადებთ ზაზა სარალიძეს, მალხაზ მაჩალიკაშვილს და სხვას ყველას, ვისაც უბედურება მოუტანა საქართველოს რომელიმე ხელისუფლებამ. ჩვენ მათ ვპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლების მიერ ჩადენილი ამაზრზენი უსამართლობა ერთხელ და საბოლოოდ შეცვალოს კანონიერმა სამართლიანობამ.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ზაზა სარალიძეს, მალხაზ მაჩალიკაშვილსა და მათ ბედქვეშ მყოფ ადამიანებს სამართალი გაუჩინოს დემოკრატიული საქართველოს სახელმწიფომ. ამ ადამიანებს შვილები მოუკლეს და მათდამი ხელისუფლების მიერ ჩადენილი არა მარტო უსამართლობა, არამედ გამოჩენილი გულგრილობაც კი არის მათი სამოქალაქო მკვლელობა, რომელსაც ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული ანუ პროდასავლური ძალები და საზოგადოება ,ყველანი ერთად აღვუდგებით წინ”.

თბილისში, პარლამენტის შენობასთან აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს, თუმცა მას ზაზა სარალიძე არ ესწრება. როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ამბობს, ოპოზიციური პარტიები სამოქმედო გეგმას ამ აქციაზე წარადგენენ. მანამდე ზაზა სარალიძემ პარტიებს მოუწოდა, რომ სისტემის ჩამოსანგრევად გაერთიანდნენ. “მოუვუხმობ მთელი საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს, გააერთიანონ ძალები, რათა ეს სისტემა ჩამოიშალოს”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი