ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზური მხარე სირიის მიერ აღიარებაზე: საქართველოს და აშშ-ს შეგუება მოუწევთ

1 ივნისი, 2018 • 2178
აფხაზური მხარე სირიის მიერ აღიარებაზე: საქართველოს და აშშ-ს შეგუება მოუწევთ

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწე ირაკლი ტუჟბა აცხადებს, რომ აფხაზეთის დამოუკიდებელობის აღიარების პროცესი შეუქცევადი ხასიათისაა და დროთა განმავლობაში ამ გარემოების ობიექტურ რეალობად მიღება მოუწევთ არა მხოლოდ დასავლეთის ქვეყნებს,  არამედ საქართველოში მათ მოკავშირეებსაც.

როგორც ტუჟბა ამბობს, აფხაზეთის საგარეო უწყება დიდი ინტერესითა და ყურადღებით აკვირდება  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და “კოლექტიური დასავლეთის” ზოგიერთი ქვეყნის უკიდურესად ნერვულ, თითქმის ისტერიულ რეაქციას.
“პრინციპში, ასეთი რეაქცია ჩვენთვის მოულოდნელობა არ არის. პირიქით, აშშ-ის და მათი სატელიტების მსგავსი ქცევა უკიდურესად პროგნოზირებადია და ეწერება ამ ქვეყნების მიერ სამხრეთ კავკასიაში წარმოებულ იმ პოლიტიკაში, რომელიც მიმართულია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის საფუძველში არსებული ისტორიული, პოლიტიკური და სამართლებრივი ფაქტორების სრული უგულებელყოფისკენ”.

სირიამ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 29 მაისს აღიარა. როგორც სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება:  სირიის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული აგრესიის დროს მათი მხარდაჭერის გამო, სირიის არაბული რესპუბლიკა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან შეთანხმდა ურთიერთაღიარებასა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე საელჩოების დონეზე.

ფაქტს გამოეხმაურნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც აღნიშნეს, რომ საქართველოს სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს.

ამ დრომდე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა რუსეთის გარდა, ვენესუელას, ნიკარაგუასა და ნაურუს ჰქონდათ აღიარებული.

რუსეთი სირიის მთავრობის უმთავრესი საგარეო მოკავშირეა. მოსკოვმა ქვეყნის ტერიტორიაზე ავიადარტყმების განხორციელება 2015 წელს დაიწყო. ვლადიმერ პუტინი აცხადებდა, რომ კამპანიის მთავარი მიზანი ISIS-ის შესუსტება იყო, თუმცა აშშ-ს ოფიციალურ პირებს მოსკოვი არაერთგზის დაუდანაშაულებიათ სირიის ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედებაში. რუსეთი კი თავის მხრივ, აშშ-ს სპელკულაციებში ადანაშაულებდა. სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას, ვითარება ასადის ხელისუფლების სასარგებლოდ, არაერთ შემთხვევაში, სწორედ რუსეთის ჩარევით შეიცვალა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი