ახალი ამბები

გაბუნია ხუხაშვილს პროკურატურაში უჩივის

23 დეკემბერი, 2013 •
გაბუნია ხუხაშვილს პროკურატურაში უჩივის

ამის შესახებ სპეციალური განცხადება ადვოკატმა დღეს გაავრცელა. 

 

“ადვოკატთა ასოციაციაში ჩვენ მიერ გამართული ბრიფინგის კომენტირებისას გია ხუხაშვილმა  “აღიარებითი ჩვენება” მისცა მედიას და დაადასტურა, რომ მან, როგორც უმაღლესი რანგის ჩინოვნიკმა, განახორციელა მუქარის ზარი ჩემ მიმართ, რითაც დემონსტრაციულად დაარღვია მართლმსაჯულების ფუნდამენტური პრინციპები და ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული; მან, კანონის უხეში ხელყოფით, ფარულად ჩაწერა ჩვენი საუბარი და გამოიყენა იგი ჩემი დისკრედიტაციისთვის, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია; მან, როგორც ერთ-ერთმა გავლენიანმა ოფიციალურმა პირმა, მონაწილეობა მიიღო ორ კერძო სუბიექტს შორის დავაში, რაც აგრეთვე დანაშაულია. ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო გია ხუხაშვილის წინააღმდეგ ამ კვირაში საჩივარი შეგვაქვს  პროკურატურაში” – ნათქვამია დიმიტრი გაბუნიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გია ხუხაშვილი
გია ხუხაშვილი

ადვოკატ დიმიტრი გაბუნიასა და ბიძინა ივანიშვილის ყოფილ ეკონომიკურ მრჩეველ, ექსპერტ გია ხუხაშვილს შორის დაპირისპირება გასულ კვირას დაიწყო. გაბუნიას განცხადებით, ხუხაშვილი პატარკაციშვილებს და ჩხარტიშვილებს შორის არსებული ქონებრივი დავის მოგვარებაში მონაწილეობდა.


ადვოკატთა ასოციაიციის ხელმძღვანელმა შალვა ხაჭაპურიძემ დიმიტრი გაბუნიასთან ერთად სპეცილური ბრიფინგი გამართა. მან გია ხუხაშვილი ადვოკატზე ზეწოლასა და შანტაჟში დაადანაშაულა.


“მივმართავ მთავარ პროკურორს ეფექტური გამოძიების ჩატარების მოთხოვნით. მთავარმა პროკურატურამ გია ხუხაშვილს უნდა დაუსვას ერთადერთი კითხვა, შედიოდა თუ არა პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური მრჩევლის ფუნქციებში კერძო დავების გადაწყვეტაში მონაწილეობა და ადვოკატებთან მოლაპარაკებების წარმოება. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტზე აუცილებლად მივმართავ ევროპის ადვოკატთა ასოციაციის და სამართლის საბჭოს პრეზიდენტს და ვთხოვ მონიტორინგის განხორციელებას გამოძიების პროცესზე”, – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა. 

 

ზაზა ხატიაშვილის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის მრჩევლმა ეკონომიკურ საკითხებში ადვოკატ დიმიტრი გაბუნიასთან მიმართებაში ბოროტად გამოიყენა თანამდებობა, სავარაუდოდ მონაწილეობა მიიღო კორუფციულ გარიგებაში და დაარღვია ადვოკატის როლის შესახებ გაერო-ს ძირითადი პრინციპების მე-16 მუხლი. 


ექსპერტი გია ხუხაშვილი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებას “რუსთავი 2” –ის ეთერში გამოეხმაურა.  


გია ხუხაშვილმა განმარტა, რომ 2007-2008 წელს ბადრი პატარკაციშვილის მფლობელობაში არსებული კომპანიებიდან მინდობილობის საფუძველზე ვანო ჩხარტიშვილის წარმომადგენელმა აქტივები თავის კომპანიებზე გადაიტანა და გადარიცხვები განახორციელა. 


“რაც ყველაზე წარმოუდგენელია, ბადრის გარდაცვალების შემდეგ ადგილი ჰქონდა ამ მინდობილობით სარგებლობას. თვითონ ვანო ჩხარტიშვილმა მომმართა თხოვნით, რომ სურდა პატარკაციშვილის ოჯახთან მორიგება და იქნებ მომესმინა მხარეებისთვის. მე მოვუსმინე მხარეებს. იქ, იმ შეხვედრაზე დიმა გაბუნიამ დაადასტურა ვალდებულება გარკვეულ თანხაზე, რომ ვანო ჩხარტიშვილს ჰქონდა რაღაც თანხის ვალდებულება ოჯახის მიმართ. ოჯახი თანახმა არ იყო. მათი მოთხოვნა ბევრად დიდი იყო. მე მხარეებს მხოლოდ მოვუსმინე, არაფერში ჩავრეულვარ და პოზიცია არ გამომიხატავს. ჩანაწერში ეს ჩანს, ზაზა ხატიაშვილს მოვასმენინებ ამ ჩანაწერს და თვითონ გააკეთოს დასკვნები. ვანო ჩხარტიშვილმა როდესაც მომმართა, მე მაშინ პრემიერის მრჩეველი არ ვიყავი და მისი თხოვნით ხდებოდა ეს ყველაფერი”, – განაცხადა ხუხაშვილმა. 

 

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ გააკეთა შეხვედრის ჩანაწერი, ხუხაშვილმა განაცხადა, რომ “ვანო ჩხარტიშვილისგან და იმ ტიპის ადამიანებისგან, როგორიცაა დიმიტრი გაბუნია, პოზიციების ცვლილებას ელოდებოდა”. 

 

ხუხაშვილის განცხადებით, მხარეებს შორის გამართულ შეხვედრას 6 ადვოკატი ესწრებოდა და ეს გარჩევა არ ყოფილა. 

 

“მათგან სამი ვანო ჩხარტიშვილის ოფიციალური წარმომადგენელი იყო, სამი – მეორე მხარის. პროტოკოლური ჩანაწერი გაკეთდა, ეს ჩვეულებრივი ამბავია, რომ ოფიციალური შეხვედრების სტენოგრაფირება ხდება. რაც ყველაზე სასაცილოა, ეს ჩანაწერი მე ვანო ჩხარტიშვილის მიერ დაქირავებულ კომპანიას გადავეცი. ვანო ჩხარტიშვილის მომართვის პერიოდში მე ოფიციალური პირი არ ვიყავი. მათ ჰქონდათ განსხვავებული პოზიციები. მე შევთავაზე კომპრომისული ვარიანტი, რაც არც ერთმა მხარემ არ მიიღო და ამის შემდეგ დავამთავრე ამ საქმესთან ურთიერთობა”,-განაცხადა ექსპერტმა. 

 

ხუხაშვილმა განაცხადა, რომ  ჩანაწერის გასაჯაროების პრობლემას ვერ ხედავს და მზად არის, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩანაწერი გამოძიებასაც გადასცეს:”არანაირი კონფიდენციალურობის ვალდებულება იქ არ ყოფილა, ეს იყო აბსოლუტურად საჯარო შეხვედრა. პრობლემა იმაშია, რომ ვანო ჩხარტიშვილი დღეს ამტკიცებს, რომ არაიანირი ვალდებულება ოჯახთან არა აქვს. ამ საუბრიდან კი ჩანს, რომ მისი წარმომადგენლები აღიარებენ ვალდებულებას. ეს ორი პოზიცია დღეს შედის წინააღმდეგობაში, ახლა ეწვით კუდი და ახლა ტეხავენ ამბავს”. 

 

რაც შეეხება დიმიტრი გაბუნიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, მასზე მუქარის შესახებ განაცხადა, რომ ეს ტყუილია: “რაც შეეხება მუქარას, ეს წარმოუდგენელი ტყუილია”. 

ამასთან, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის მრჩევლმა ეკონომიკურ საკითხებში ადვოკატ დიმიტრი გაბუნიასთან მიმართებაში ბოროტად გამოიყენა თანამდებობა, სავარაუდოდ, მონაწილეობა მიიღო კორუფციულ გარიგებაში და დაარღვია ადვოკატის როლის შესახებ გაერო-ს ძირითადი პრინციპების მე-16 მუხლი. 

 

“მივმართავ მთავარ პროკურორს ეფექტური გამოძიების ჩატარების მოთხოვნით. მთავარმა პროკურატურამ გია ხუხაშვილს უნდა დაუსვას ერთადერთი კითხვა, შედიოდა თუ არა პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური მრჩევლის ფუნქციებში კერძო დავების გადაწყვეტაში მონაწილეობა და ადვოკატებთან მოლაპარაკებების წარმოება. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტზე აუცილებლად მივმართავ ევროპის ადვოკატთა ასოციაციის და სამართლის საბჭოს პრეზიდენტს და ვთხოვ მონიტორინგის განხორციელებას გამოძიების პროცესზე”, – აღნიშნა ზაზა ხატიაშვილმა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი